2026-11-27

ნოემბერი — კუჭის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე !

კუჭის კიბოს ადრეული გამოვლენისა და თანამედროვე ენდოსკოპიური დიაგნოსტიკის შესახებ გვესაუბრება “კოი სამედიცინო ჰაბის” ენდოსკოპიური მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი-ენდოსკოპისტი გურამ გურაშვილი.

დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა

კლინიკურ პრაქტიკაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული გამოვლენა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კუჭის ავთვისებიან სიმსივნეს ეხება. ყოველდღიურ პრაქტიკაში ჩანს, რამდენად ხშირად იგვიანებს დიაგნოსტიკა დაავადების საწყისი, უსიმპტომო ან არასპეციფიკური მიმდინარეობის გამო.

ადრეულ სტადიებზე კუჭის კიბო ხშირად კლინიკურად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. პაციენტს შესაძლოა არ აღენიშნებოდეს გამოხატული ჩივილები, ხოლო არსებული სიმპტომები ჩვეულებრივ გასტრიტს, ფუნქციურ დისპეფსიასა თუ სხვა, შედარებით მსუბუქ მდგომარეობას დაუკავშიროს. სწორედ ამიტომ დაავადების შესახებ  ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების დროულ ინფორმირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

რატომ არ უნდა დაველოდოთ ჩივილების გამწვავებას?

დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის პროგნოზს და შესაძლებლობებს. დროულად ჩატარებული ენდოსკოპიური კვლევა საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს როგორც კიბოსწინარე მდგომარეობები / ცვლილებები, ისე ადრეული სტადიის სიმსივნური დაზიანებები, როდესაც თერაპიული ჩარევა ყველაზე ეფექტურია.

 

კლინიკური ნიშნები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას

სპეციალისტთან მიმართვა მიზანშეწონილია შემდეგი სიმპტომების არსებობის ან გახანგრძლივების შემთხვევაში:

  • ხანგრძლივი დისკომფორტი ან ტკივილი ეპიგასტრიუმის (მუცლის ზედა) არეში
  • ადრეული დანაყრების შეგრძნება
  • მადის დაქვეითება
  • აუხსნელი წონის კლება
  • გულისრევა ან ღებინება
  • დისფაგია (ყლაპვის გაძნელება)
  • ანემია და ზოგადი სისუსტე

აღნიშნული სიმპტომები ყოველთვის არ უკავშირდება ონკოლოგიურ პათოლოგიას, თუმცა მათი გახანგრძლივების, გამეორების ან გაუარესებისას აუცილებელია ექიმის შეფასება.

 

კუჭის კიბოს განვითარების ძირითადი რისკფაქტორები

  • ბაქტერია Helicobacter pylori-ით გამოწვეული ქრონიკული ინფექცია
  • თამბაქოს მოხმარება
  • მარილიანი, შებოლილი და გადამუშავებული საკვების ჭარბი მოხმარება
  • კუჭის ქრონიკული ატროფიული გასტრიტი და ნაწლავური მეტაპლაზია
  • კუჭის კიბოს გენეტიკური ანამნეზი
  • ასაკობრივი ზღვარი  50–55 წლის ზემოთ  

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია) საშუალებას იძლევა, ვიზუალურად და დეტალურად შეფასდეს საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი. საეჭვო უბნის გამოვლენისას შესაძლებელია ბიოფსიური მასალის აღება და შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევა.

თანამედროვე ენდოსკოპია მხოლოდ დიაგნოსტიკურ მეთოდს არ წარმოადგენს: შესაბამისი ჩვენებებისას შესაძლებელია კიბოსწინარე და ადრეული სიმსივნური დაზიანებების მინიმალურად ინვაზიური, ენდოსკოპიური მკურნალობაც.

 

რეკომენდაცია

არ დაველოდოთ მწვავე ან მკვეთრ ტკივილს, არ დავტოვოთ უყურადღებოდ ხანგრძლივი ჩივილები და დროულად მივმართოთ სპეციალისტს.

პრევენცია

რისკფაქტორების მართვა და დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მკურნალობის შედეგებს. დროულად ჩატარებული გასტროსკოპია ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებაში.

  • ნახვები:223

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები