ინტერვენციული რადიოლოგია

ინტერვენციული რადიოლოგია

ინტერვენციული რადიოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი მიმართულებაა. იგი აერთიანებს სხივური დიაგნოსტიკის ვიზუალიზაციის მეთოდებსა (ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) და მინიმალურ ინვაზიურ ჩარევებს.

 

პროცედურების უმეტესი ნაწილი ხორციელდება პუნქციით (ჩხვლეტა) კანის გავლით, ან ენდოვასკლური (სისხლძარღვშიდა) მიდგომით, დიდი განაკვეთის, ღია ქირურგიული ჩარევის და ზოგადი ანესთეზიის გარეშე. აღნიშნული მეთოდის გამოყენების შედეგად საღი ქსინტერვენციული რადიოლოგიის აპარატურაოვილები მინიმალურ ტრავმას განიცდის. შედეგად, გართულების რისკი დაბალია, ხოლო პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი მნიშვნელოვნად მცირდება.

„კოი სამედიცინო ჰაბის" ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც ხელმძღვანელობს დარგის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ნიკოლოზ ონაშვილი.

ჩვენი სერვისები

1. შარდსაწვეთის სტენტირება და ნეფროსტომია

თირკმლის (შემკრები სისტემის) დრენირება და შარდსაწვეთში შარდის გადინების აღდგენა

 

შარდგამომყოფი სისტემის დახშობის (სიმსივნე, კენჭი, შევიწროება) დროს, შარდის ბუნებრივი გადინების შეფერხებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენება მინიმალურად ინვაზიური მეთოდები:

 

  • შარდსაწვეთის სტენტირება (შიდა დრენირება): შარდსაწვეთში თავსდება წვრილი, ელასტიური მილი, რომელიც უზრუნველყოფს შარდის შეუფერხებელ დინებას. პაციენტს არ სჭირდება გარე სადრენაჟო პარკის ტარება.
  • ნეფროსტომია (გარე დრენირება): ტარდება მაშინ, როდესაც სტენტირება ვერ ხერხდება. კანის გავლით თირკმლის მენჯში თავსდება თხელი კათეტერი, რომელიც შარდს სხეულის გარეთ არსებულ სადრენაჟო პარკში გამოყოფს.

 

უპირატესობები: განაკვეთებისა და ზოგადი ნარკოზის გარეშე, მინიმალური ინვაზიურობა და სწრაფი რეაბილიტაცია.

2. კანგავლითი ბილიარული (სანაღვლე გზების) დრენირება და სტენტირება

ნაღვლის გადინების აღდგენა და ღვიძლის ფუნქციის დაცვა

 

სანაღვლე გზების ბლოკირებამ (სიმსივნე, კენჭი, შევიწროება) შესაძლოა გამოიწვიოს სიყვითლე, მძიმე ინფექციები და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენება მინიმალურად ინვაზიური რადიოლოგიური პროცედურები:

 

  • ბილიარული დრენირება: ულტრაბგერისა და რენტგენის კონტროლით, კანის გავლით ღვიძლის სანაღვლე სადინრებში, ან ნაღვლის ბუშტში თავსდება დრენაჟი (მილი), რომელიც უზრუნველყოფს ნაღვლის გარეთ გამოყოფას და სანაღვლე სისტემაში წნევის შემცირებას.
  • ბალონური დილატაცია და სტენტირება: შევიწროებულ სანაღვლე სადინარში თავსდება სპეციალური ბალონური კათეტერი, რომელიც შემდეგ იბერება, რაც აფართოებს შევიწროებულ ნაწილს (სტრიქტურას). ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შევიწროებულ მიდამოში თავსდება სტენტი (ლითონის მილი), რომელიც უზრუნველყოფს ნაღვლის თავისუფალ დინებას ნაწლავში.

 

უპირატესობები: ტარდება ღია ქირურგიული ჩარევისა და ზოგადი ნარკოზის გარეშე, ხსნის სიყვითლეს, ქავილს და აუმჯობესებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას.

3. სითხის პათოლოგიური კოლექციის (ჩირქი, ნაღველი, შარდი ან ლიმფის შემოფარგლული გროვის) კანგავლითი დრენირება

ჩირქოვანი და სხვა სახის პათოლოგიური სითხოვანი წარმონაქმნების მოხსნა მინიმალური ინვაზიური ჩარევით

 

ინფექციის, სიმსივნის, ოპერაციის შემდგომი გართულებების, ან ტრავმის შედეგად ორგანიზმში დაგროვებულმა სითხე შესაძლოა დაჩირქდეს ან მიაწვეს მეზობელ ორგანოებს და გამოიწვიოს ცხელება, სეფსისი, ტკივილი.

 

  • მეთოდი: ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური ან კტ კონტროლით, დამიზნებით ჩხვლეტით ხდება სითხის ასპირაცია (ამოქაჩვა) ან ხანგრძლივი დრენირებისთვის სპეციალური კათეტერის (მილის) ჩადგმა და დატოვება.

 

უპირატესობები: ღია ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება, შინაგანი წნევის მყისიერი მოხსნა და ინფექციური პროცესების ეფექტურად შეჩერება.

4. ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება)

ზუსტი დიაგნოსტიკა: ჰისტოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური, გენეტიკური და სხვა სახის კვლევები

 

ბიოფსია არის დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც პათოლოგიური უბნიდან ხდება უჯრედების ან ქსოვილის მცირე ნიმუშის აღება ლაბორატორიული (პათომორფოლოგიური) ანალიზისთვის.

 

  • მეთოდი და ტექნიკა: პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით, ვიზუალიზაციის (ულტრაბგერა ან კტ) მკაცრი კონტროლით. აღნიშნული მაღალი ტექნოლოგიები გამოიყენება ჩხვლეტის დროს ნემსის ზუსტი დამიზნებისათვის.
  • ჩარევის ძირითადი ტიპებია:
    • წვრილნემსიანი ასპირაცია — ცალკეული უჯრედებისა და სითხის მისაღებად;
    • ქორ-ბიოფსია (Core-biopsy) — სპეციალური საჭრელი ნემსით ქსოვილის „სვეტის" (ფრაგმენტის) აღება დეტალური ჰისტოლოგიისთვის.

 

უპირატესობები: მაღალი სიზუსტე, მინიმალური ინვაზიურობა და უსაფრთხოება ზუსტი დიაგნოზის დასადგენად.

5. ღვიძლის წარმონაქმნ(ებ)ის ტრანსარტერიული (ქიმიო)ემბოლიზაცია (TACE / ტაქე)

მიზნობრივი მკურნალობა სიმსივნური პროცესების დროს

 

TACE არის სიმსივნის მკურნალობის მაღალტექნოლოგიური, მინიმალურად ინვაზიური მეთოდი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ქიმიოთერაპიას (ქიმიოთერაპიული წამლის შეყვანას უშუალოდ სიმსივნეში და არა ზოგადად სისხლში) და სიმსივნის სისხლმომარაგების ხელოვნურ ბლოკირებას.

 

  • როგორ მუშაობს: ბარძაყის ან სხივის არტერიის ჩხვლეტის შემდეგ, სისხლძარღვების სანათურის გავლით, უშუალოდ სიმსივნის მკვებავ სისხლძარღვებში თავსდება კათეტერი, რომლის საშუალებითაც სიმსივნურ ქსოვილში შეგვყავს კომბინირებული ნივთიერება, რომელიც შეიცავს ქიმიოთერაპიულ პრეპარატს და სისხლძარღვების დამხშობ ნაწილაკებს.  ამ გზით მიიღწევა სიმსივნურ ქსოვილში ორმაგი სამკურნალო ეფექტი  (ქიმიოთერაპიული ზემოქმედება  და სისხლმომარაგების დაკეტვა).

 

უპირატესობები: პრეპარატი მაქსიმალურად გროვდება სიმსივნურ ქსოვილში და არ ვრცელდება მთელ ორგანიზმში, რაც ამცირებს მავნე ზემოქმედებას ჯანმრთელ უჯრედებზე და ქსოვილებზე. შესაბამისად ამცირებს ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს. აღნიშნული ჩარევა ტარდება ღია ოპერაციის გარეშე,  უმნიშვნელო დიამეტრის ნაჩხვლეტით და ეფექტურად აფერხებს სიმსივნის ზრდას.

6. ღვიძლის, თირკმლის, ფილტვის, ძვლის და სხვა ორგანოების სიმსივნეების თერმული აბლაცია (მოწვა)

პათოლოგიური კერების თერმული დესტრუქცია/განადგურება

 

თერმული აბლაცია არის მინიმალურად ინვაზიური მაღალტექნოლოგიური მეთოდი, როდესაც ხდება მაღალი ტემპერატურის (ჰიპერთერმიის) საშუალებით პათოლოგიური წარმონაქმნების განადგურება. ამ გზით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სიმსივნური ან სხვა სახის პათოლოგიური ქსოვილის განადგურება.

 

  • როგორ მუშაობს: რადიოლოგიური კონტროლით (ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია)  სიმსივნურ წარმონაქმნში თავსდება სპეციალური ნემსი-ელექტროდი. სპეციალური ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედებით ხდება პათოლოგიური ქსოვილის გაცხელება და „მოწვა", რის შემდეგაც ორგანიზმი ნეკროზულ უბანს ნელ-ნელა ანაცვლებს ჯანსაღი ქსოვილით.

 

უპირატესობები: ტარდება ღია ქირურგიული ჩარევის გარეშე (კანზე დაახლოებით 2მმ დიამეტრის ნემსის ჩხვლეტით), ზიანდება მხოლოდ პათოლოგიური უბანი (ჯანსაღი ქსოვილების მაქსიმალური დაზოგვით) და უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას - პაციენტი ეწერება სახლში მეორე დღესვე.

7. ოსტეოიდ ოსტეომის რადიოსიხშირული აბლაცია (RFA)

ძვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნის მინიმალურად ინვაზიური და მყისიერი მკურნალობა

 

ოსტეოიდ ოსტეომა ძვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია (უმეტესად გვხვდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში), რომლის მთავარი და მძიმე სიმპტომია ძლიერი, ინტენსიური ტკივილი (განსაკუთრებით ღამის საათებში). თერმული აბლაცია (სხეულს შიდა დესტრუქცია/მოწვა) აღნიშნულ პათოლოგიასთან ბრძოლის  საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს.

 

  • როგორ ტარდება: კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლის ქვეშ, ძვლის დაზიანებულ უბანში თავსდება სპეციალური ნემსი/ელექტროდი. რის შემდეგაც რადიოსიხშირული ენერგიის მიწოდებით ხდება პათოლოგიური კერის თერმული ნეკროზი (სრული „მოწვა").

 

უპირატესობები: ტკივილი ქრება, პროცედურა ტარდება ძვლის ფართო ქირურგიული გახსნის გარეშე და უმეტეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს

 

აღნიშნულ მაღალტექნოლოგიურ პროცედურას საქართველოში ექსკლუზიურად აწარმოებს  წამყვანი სპეციალისტი  ნიკა ონაშვილი გამოცდილ გუნდთან ერთად.

 

სანდოობა, ტექნოლოგიები და პროფესიონალიზმი

კოი სამედიცინო ჰაბში თქვენ მიიღებთ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას. ყველა მანიპულაცია ტარდება ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც თითოეული პროცედურის მაქსიმალურ სიზუსტესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

ჩვენი კლინიკის წარმატების მთავარი დასაყრდენი არის გამოცდილი, მაღალკვალიფიციური წამყვანი სპეციალისტების გუნდი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის აღდგენაზე.

 

 

თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!

“კოი სამედიცინო ჰაბი”

ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 2 111 000

ექიმები

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები