2025-09-23

5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ძუძუს კიბოს შესახებ

ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ინფორმაცია, რაც შეიძლება არ იცოდეთ.

ჩვენ მოგიყვებით ძუძუს კიბოს შესახებ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტზე.  აქ მოცემულია ხუთი მათგანი, რამაც შეიძლება გაგაოცოთ.

1. ძუძუს კიბო ყოველთვის არ ვლინდება სიმსივნური წარმონაქმნი.

სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე ძალიან ხშირად არანაირი გამოკვეთილი სიმპტომი არ ახლავს თან.

ამიტომ გირჩევთ, რომ 40 წლის ასაკიდან დაიწყოთ მამოგრაფიული სკრინინგი (რეგულარულიმამოგრაფიული კვლევა).

როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი ჩნდება, დაავადება შესაძლებელია უკვე გავრცელებული იყოს. თუმცა, ძუძუს კიბო ყოველთვის არ ვლინდება ამ ფორმით. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა სიმპტომებს და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ნებისმიერი მათგანის აღმოჩენის შესახებ.

  1. შეშუპება სარძევე ჯირკვალში, ლავიწის ძვალის  ან იღლიის მიდამოში
  2. კანის სიწითლე, გასქელება ან ტექსტურის ცვლილება (ფორთოხლის ქერქის მაგვარი) - უშუალოდ სარძევე ჯირკვალში ან მის გარშემო
  3. ძუძუს მფარავი კანის ჰიპერემია (შეწითლება) ან ქავილი
  4. ძუძუს თავის ცვლილებები, როგორიცაა ძუძუს თავის ჩაბრუნება, შეშუპება, შეკუმშვა ან აქერცვლა
  5. რაიმე სახის გამონადენი ძუძუს თავიდან

2. ძუძუს კიბოს განვითარების შანსი მატულობს, თუ ოჯახში გყავთ მამრობითი სქესის სისხლით ნათესავი, რომელსაც ეს დაავადება გადაუტანია.

ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, თუ გყავთ მამრობითი სქესის სისხლით ნათესავი, რომელსაც ეს დაავადება დაუდგინდა. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, თუ ეს ახლო (I ან II რიგის) ნათესავია, მაგალითად, მამა, ძმა ან შვილი.

რატომ? იმიტომ, რომ ეს დაავადება გამოწვეულია გენური (როგორიცაა BRCA1 ან BRCA2) მუტაციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თუ ამ ჯგუფს მიეკუთვნებით, მიმართეთ ექიმს გენეტიკური ტესტირების მიზნით, რათა გაარკვიოთ, არის თუ არა კიბოსადმი წინასწარგანწყობა თქვენს ოჯახში.

3. წონის კონტროლით შეიძლება შეამცირო ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

იცოდით, რომ ჭარბმა წონამ ან სიმსუქნემ, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ, შეიძლება გაზარდოს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

ჭარბი წონა ზრდის ბევრი სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნის, მათ შორის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

ძუძუს კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად და წონის სამართავად მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვების მიღება და აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნება. დაიცავით ხილით, ბოსტნეულით, ლობიოთი, თხილით, თესლით, მარცვლეულით და უცხიმო ცილებით მდიდარი დიეტა. ასევე, ეცადეთ დღეში მინიმუმ ერთი საათი დაუთმოთ ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, პლუს კვირაში ორჯერ ძალისმიერი ვარჯიში.

4. ნუ ღელავთ, თუ არასდროს გისწავლიათ ძუძუს თვითგასინჯვა.

კვლევები აჩვენებს, რომ ყოველთვიური თვითგასინჯვა აუცილებელი არ არის. სინამდვილეში, ქალები, რომლებმაც ეს არ გააკეთეს — მაგრამ სამაგიეროდ შენიშნეს ნებისმიერი ცვლილება და აღმოჩენისთანავე მიმართეს ექიმს — ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს პათოლოგია. სწორედ ამიტომ გირჩევთ ძუძუს კიბოს ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას.

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება ნიშნავს ყურადღების მიქცევას იმაზე, თუ როგორ გამოიყურება და რა მდგომარეობაშია თქვენი ძუძუ. თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას ყურადღება მიაქციეთ და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

5. ალკოჰოლის ჭარბად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

ძუძუს კიბოს პრევენციისთვის უმჯობესია აკონტროლოთ ალკოჰოლის მოხმარება. ალკოჰოლი ტოქსინია და ნებისმიერი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა და გაზარდოს რამდენიმე სახის კიბოს განვითარების რისკი. მათ შორის პირის ღრუს, საშვილოსნის ყელის, მსხვილი ნაწლავის, კუჭისა და საყლაპავის კიბოს; ასევე ღვიძლისა და ძუძუს კიბოს.

ალკოჰოლს ასევე შეუძლია შეცვალოს თქვენი ნაწლავის მიკრობული ბალანსი, რომელიც აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.

ორგანიზმი შლის ეთანოლს აცეტალდეჰიდად,  ეს კი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

გაითვალისწინეთ მოსალოდნელი რისკი, ეცადეთ ნაკლებად მოიხმაროთ ალკოჰოლური სასმელები. რაც უფრო ნაკლებს იღებთ ალკოჰოლს, მით უფრო დაბალია კიბოს განვითარების რისკი.

ინფორმაცია ეფუძნება წყაროს: https://www.mdanderson.org/cancerwise/5-little-known-breast-cancer-facts.h00-159777234.html

  • ნახვები:41

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები