ქიმიოთერაპია წარმოადგენს სისტემურ ანტინეოპლაზიურ მკურნალობას, რომლის მიზანია ავთვისებიანი უჯრედების ზრდისა და გამრავლების შეჩერება. ქიმიოთერაპიული პრეპარატები ძირითადად მოქმედებენ სწრაფად მზარდ პათოლოგიურ უჯრედებზე.
პრეპარატები ზემოქმედებენ უჯრედის დნმ-ზე -გენეტიკურ მასალაზე, იწვევენ მისი სტრუქტურის დაზიანებას ან აფერხებენ რეპლიკაციის პროცესს. შედეგად სიმსივნური უჯრედები კარგავენ პროლიფერაციის უნარს და იწყება მათი პროგრამირებული სიკვდილი — აპოპტოზი.
საყურადღებოა, რომ ქიმიოთერაპიული მკურნალობის პროცესში ზიანდება როგორც ატიპური ასევე ნორმალური სწრაფად მზარდი ქსოვილები, ისეთები როგორიცაა:
- სისხლის ფორმიანი უჯრედები
- კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი
- თმის ფოლიკულები
- ზოგჯერ ნერვული ქსოვილი
მოსალოდნელი გართულებები
ჰემატოლოგიური ცვლილებები
ძვლის ტვინის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ანემია
- ნეიტროპენია და ინფექციებისადმი მომატებული რისკი
- თრომბოციტოპენია და სისხლდენის ტენდენცია
გასტროინტესტინური ტოქსიკურობა
ხშირად ვითარდება:
- გულისრევა
- ღებინება
- მადის დაქვეითება
- მუკოზიტი და დიარეა
ალოპეცია
თმის ფოლიკულების დაზიანების გამო ხშირია თმის დროებითი ცვენა.
ნეიროტოქსიურობა
ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება:
- კიდურების დაბუჟება
- ჩხვლეტის შეგრძნება
- კონცენტრაციისა და მეხსიერების დროებითი დარღვევა („Chemo Brain“).
Tumor Lysis Syndrome- სიმსივნის ლიზისის სინდრომი
სიმსივნური უჯრედების სწრაფი დაშლისას სისხლში გამოიყოფა დიდი რაოდენობით უჯრედული პროდუქტი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტაბოლური დარღვევები და თირკმლის ფუნქციის დაზიანება.
დასკვნა
დღესდღეობით ქიმიოთერაპია ონკოლოგიის დარგში მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იძლევა დაავადების რემისიის ან/და სრულად განკურნების საშუალებას.
- ნახვები:4













