ანემია წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობა ნორმაზე დაბალია. ჰემოგლობინი არის ცილა, რომელიც ჟანგბადს გადააქვს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილამდე, ამიტომ მისი შემცირება იწვევს საერთო სისუსტეს და სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის დაქვეითებას. ქალებში ანემია განსაკუთრებით ხშირია და ამას რამდენიმე ფიზიოლოგიური და სოციალური ფაქტორი განაპირობებს. ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოჰემატოლოგი თამარ გერსამია.
ანემიის ძირითადი მიზეზები ქალებში
ქალებში ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა რკინადეფიციტური ანემია. მისი ძირითადი მიზეზებია:
• მენსტრუაციის დროს სისხლის დაკარგვა
• ორსულობა და ძუძუთი კვება
• არასრულფასოვანი კვება (რკინით ღარიბი რაციონი)
• კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც ართულებს რკინის შეწოვას
სიმპტომები
ანემიის ნიშნები ხშირად ნელ-ნელა ვითარდება და მოიცავს:
• დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
• ფერმკრთალი კანი
• თავბრუსხვევა
• გულისცემის გახშირება
• სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას
• თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა
რისკ-ფაქტორები
ქალებში ანემიის განვითარების რისკს ზრდის:
• ხშირი ან უხვი მენსტრუაცია
• მრავალჯერადი ორსულობა
• არაბალანსირებული დიეტა
• ქრონიკული სტრესი და გადაღლა
დიაგნოსტიკა
ანემიის დასადგენად ტარდება სისხლის საერთო ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში ექიმი ნიშნავს დამატებით კვლევებს, რათა დადგინდეს მიზეზი — მაგალითად, რკინის დონე, ფერიტინი, ვიტამინების მაჩვენებლები.
პრევენცია
ანემიის თავიდან ასაცილებლად ქალებმა უნდა:
• მიიღონ დაბალანსებული კვება
• პერიოდულად ჩაიტარონ სისხლის ანალიზი
• ყურადღება მიაქციონ მენსტრუალური ციკლის ცვლილებებს
• ორსულობის პერიოდში რეგულარულად იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
ანემია ქალებში გავრცელებული, თუმცა მართვადი მდგომარეობაა. დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული გართულებები.
მსგავსი ჩივილების და კითხვების დროს, გთხოვთ მიმართეთ სპეციალისტთა გუნდს, რომელიც დაგხვდებათ ჩვენს კლინიკაში. ჯანმრთელობას გისურვებთ, მუდამ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი.
- ნახვები:49













