მაისი შარდის ბუშტის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა , ის მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას შარდის ბუშტთან დაკავშირებული დაავადებების, მათი პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლება?
შარდის ბუშტის ჯანმრთელობას უკავშირდება მრავალი პრობლემა — ინფექციებიდან დაწყებული, შარდის შეუკავებლობითა და შარდის ბუშტის კიბოთი დასრულებული. მხოლოდ შარდის ბუშტის კიბო ყოველწლიურად ათასობით ადამიანს უდგინდება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც. დროული დიაგნოსტიკა და სიმპტომების ადრეული ამოცნობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მკურნალობის წარმატებაში.
ძირითადი სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ:
- შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია)
- ხშირი შარდვა ან მოულოდნელი შარდვის ძლიერი მოთხოვნილება
- შარდვისას ტკივილი ან წვა
- ტკივილი ქვედა მუცლის არეში
ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროული მიმართვა ექიმთან და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.
რისკ-ფაქტორები:
- თამბაქოს მოხმარება (ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი შარდის ბუშტის კიბოსთვის)
- ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება (მაგალითად, საწარმოო ქიმიკატები)
- ქრონიკული შარდის ბუშტის ინფექციები
- ასაკი (საფრთხე იზრდება 55 წლის შემდეგ)
- სქესი — შარდის ბუშტის კიბო მამაკაცებში უფრო ხშირია.
შარდის ბუშტის ცნობიერების თვე გვაძლევს შესაძლებლობას, შევახსენოთ საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საჭიროა მეტი განათლება, მეტი ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ნაკლები სტიგმა — განსაკუთრებით ისეთ პრობლემებზე, რომელთა შესახებ ხშირად უხერხულია საუბარი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებაში.
- ნახვები:103