ინტერვიუ ონკოქირურგ - გიორგი მეტივიშვილთან.
- ექიმო, რამდენად გავრცელებულია კოლინჯის კიბო და რატომ არის ეს დაავადება ასეთი მნიშვნელოვანი?
კოლინჯის, ანუ მსხვილი ნაწლავის კიბო, საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სიხშირით ის მესამე ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის და ასევე მესამე ადგილს იკავებს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ. საშუალო ასაკი, როცა დიაგნოზი ისმება, დაახლოებით 66 წელია, თუმცა ბოლო წლებში ახალგაზრდა პაციენტთა რაოდენობა მატულობს.
- რა არის კოლინჯის კიბოს ძირითადი გამომწვევი მიზეზები?
დაავადების განვითარებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. გენეტიკური მემკვიდრეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ცხოვრების წესიც დიდ როლს თამაშობს. რისკფაქტორებს შორის აღსანიშნავია ნაწლავის ანთებითი დაავადებები, არაჯანსაღი კვება, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი და შაქრიანი დიაბეტი.
- როგორ ამოიცნოს პაციენტმა საწყისი სიმპტომები?
ადრეულ სტადიაზე სიმპტომები შესაძლოა შესამჩნევი არ იყოს, თუმცა შემდეგ გამოვლინდება რკინადეფიციტური ანემია, სისხლდენა სწორ ნაწლავიდან, მუცლის შებერილობა, ტკივილი, ნაწლავთა მოქმედების ცვლილება (ფაღარათი, ყაბზობა), ნაწლავთა გაუვალობა, პერფორაცია და სხეულის მასის კლება. ეს ნიშნები არ უნდა უგულებელვყოთ და აუცილებელია დროული ვიზიტი ექიმთან.
- რა არის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდები?
ყველაზე ეფექტური მეთოდია კოლონოსკოპია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დეტალურად შევისწავლოთ მსხვილი ნაწლავის მდგომარეობა. ასევე ტარდება ბიოფსია, სიმსივნური მარკერების ანალიზი, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევები, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია.
- რა როლს თამაშობს სკრინინგი და ვინ უნდა ჩაიტაროს ეს გამოკვლევები?
სკრინინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მისი მთავარი მიზანია კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენა და ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, რაც მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. სკრინინგი რეკომენდებულია 45-70 წლის ადამიანებისთვის. მათ შეუძლიათ ჩაიტარონ განავლის ტესტირება ფარულ სისხლდენაზე და, საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპია.
- რა მკურნალობის მეთოდები არსებობს?
მკურნალობის მეთოდები მოიცავს ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, სამიზნე თერაპიას, სხივურ თერაპიას და რადიოსიხშირულ აბლაციას. ოპერაციები ტარდება ღია დალაპარასკოპიული მეთოდებით.
- როგორია პროგნოზი და გადარჩენის შანსები?
პროგნოზი დაავადების სტადიურობაზეა დამოკიდებული. თუ კიბო ადრეულ ეტაპზე დადგინდა, ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 90%-ს აღწევს. რეგიონალური გავრცელების შემთხვევაში ეს რიცხვი 71%-მდე მცირდება, ხოლო შორეული მეტასტაზების არსებობისას 14%-მდე ეცემა. ამიტომაა უმნიშვნელოვანესი სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა.
- როგორ შეიძლება დაავადების პრევენცია?
პრევენციის ძირითადი ასპექტებია სკრინინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტიურობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვა, დაბალანსებული კვება და წონის ნორმალიზება. ამ რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების განვითარების რისკს.
- რას სთავაზობს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი კოლინჯის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით?
ჩვენს კლინიკაში ყველა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდი ხელმისაწვდომია, მათ შორის მაღალტექნოლოგიური აპარატურა და ლაბორატორიული კვლევები. ქირურგიული ჩარევები ტარდება როგორც ღია, ისე ლაპარასკოპიული მეთოდით. მედიკამენტოზურ თერაპიას ჩვენი კლინიკის გამოცდილი ონკოლოგები უზრუნველყოფენ, რაც მკურნალობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის.
- ნახვები:24