- რატომ არის მნიშვნელოვანი პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენა?
- რომელი სიმპტომები უნდა გახდეს მამაკაცისთვის უროლოგთან ვიზიტის მიზეზი?
- რა როლი აქვს PSA-ს კვლევას?
- როგორია თანამედროვე ქირურგიული, მედიკამენტოზური და სხივური მკურნალობის შესაძლებლობები?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ უროლოგი მამუკა მჭედლიძე საუბრობს.
პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1.6 მილიონ მამაკაცში ხდება პროსტატის კიბოს დიაგნოზის გამოვლენა.
თანამედროვე მედიცინას დაავადებასთან ბრძოლის მრავალი ეფექტური მეთოდი გააჩნია. განსაკუთრებით მაღალია მკურნალობის ეფექტურობა დაავადების ადრეულ ეტაპებზე, როდესაც სიმპტომები შესაძლოა მინიმალურად ან საერთოდ არ იყოს გამოხატული. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაავადების დროულ გამოვლენას, რეგულარულ სამედიცინო შემოწმებასა და შესაბამისი სპეციალისტისთვის დროულ მიმართვას.
პროსტატა და მისი ფუნქცია
წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატა, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი მცირე ზომის ორგანოა, რომელიც ძირითადად ჯირკვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება და მდებარეობს უშუალოდ შარდის ბუშტის ქვემოთ. პროსტატა გარს აკრავს შარდის ბუშტის ყელსა და შარდსადენის პროქსიმალურ ნაწილს.
პროსტატა გამოიმუშავებს სპეციალურ სეკრეტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპერმატოზოიდების დაცვასა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
ასაკის მატებასთან ერთად პროსტატის ზომის გარკვეული ზრდა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. პროსტატის კეთილთვისებიან გადიდებას ეწოდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH). აღნიშნული მდგომარეობა ავთვისებიანი დაავადება არ არის, თუმცა ხშირად იწვევს შარდვის პროცესის დარღვევებს და შესაძლოა საჭიროებდეს მედიკამენტურ ან სხვა სახის მკურნალობას.
პროსტატის კიბო და ასაკი
პროსტატის კიბო იშვიათად გვხვდება 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში. ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება და შემთხვევების სიხშირე განსაკუთრებით მაღალია 50–70 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
მიუხედავად თანამედროვე მედიცინისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი მიღწევებისა, პროსტატის კიბოს განვითარების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ სრულად არ არის დადგენილი. რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას:
- ასაკი, განსაკუთრებით 45 წლის ზემოთ
- გენეტიკური და მემკვიდრეობითი ფაქტორები
- იმუნური სისტემის დარღვევები
- არაბალანსირებული კვება
- ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები
- დაბალი ფიზიკური აქტივობა
- მცირე მენჯის ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები
პროსტატის კიბოს სიმპტომები
დაავადების ადრეულ ეტაპებზე სიმპტომები ხშირად უმნიშვნელოდ არის გამოხატული ან საერთოდ არ ვლინდება. ამასთან, პროსტატის კიბოს საწყისი ნიშნები ხშირად პროსტატის სხვა დაავადებების სიმპტომების მსგავსია და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
- გახშირებული შარდვა
- შარდვის დაწყების გაძნელება
- შარდის ნაკადის შესუსტება
- შარდვის შემდეგ შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება
- წყვეტილი შარდის ნაკადი
- შარდის შეუკავებლობის სხვადასხვა ფორმა
- ერექციული დისფუნქცია
- ტკივილი ეაკულაციის დროს
- სისხლის არსებობა შარდში ან სპერმაში
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები თავისთავად არ ნიშნავს პროსტატის კიბოს არსებობას. მათი გამომწვევი შესაძლოა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, პროსტატიტი, საშარდე გზების ინფექცია ან სხვა უროლოგიური პათოლოგია იყოს. თუმცა ასეთი სიმპტომების უგულებელყოფა ან თვითმკურნალობა დაუშვებელია.
დიაგნოსტიკა
პროსტატის კიბოს დროული გამოვლენა დაავადების წარმატებული მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დიაგნოსტიკური პროცესის ფარგლებში ექიმმა შესაძლოა განსაზღვროს სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე და ჩაატაროს შესაბამისი უროლოგიური გამოკვლევა.
საქართველოში PSA-ის სკრინინგი 50 წლის ასაკიდან გარკვეული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
სკრინინგის დაწყების ასაკი და გამოკვლევის სიხშირე თითოეული პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს შესაბამისი სპეციალისტის მიერ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს დაავადების ოჯახური ანამნეზი ან სხვა რისკ-ფაქტორები.
პროსტატის კიბოს საბოლოო დიაგნოზის დასადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე კვლევის ჩატარება:
- PSA-ის განსაზღვრა
- საშარდე სისტემის ექოსკოპიური გამოკვლევა
- პროსტატის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
- პროსტატის ბიოფსია
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და სხვა გამოსახულებითი კვლევები - დაავადების გავრცელების ხარისხისა და სტადიის შესაფასებლად
საბოლოო დიაგნოზის დადასტურებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროსტატის ბიოფსიის შედეგად მიღებული ქსოვილის ჰისტოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმიურ კვლევას
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
თანამედროვე მედიცინას პროსტატის კიბოს მკურნალობის მრავალი მეთოდი გააჩნია. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმსივნის აგრესიულობაზე, პაციენტის ასაკზე, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ინდივიდუალურ ფაქტორებზე.
დაავადების ლოკალიზებულ, ადრეულ სტადიებზე ერთ-ერთი ძირითადი სამკურნალო მეთოდი რადიკალური ქირურგიული ჩარევაა. ოპერაციის დროს ხდება პროსტატის სრულად მოცილება, ხოლო შესაბამის შემთხვევებში — რეგიონული ლიმფური კვანძების ამოკვეთა.
ქირურგიული ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს ღია წესით, ასევე ლაპაროსკოპიული ან რობოტ-ასისტირებული მეთოდით. ასევე შეიძლება მოიცავდეს ჰორმონოთერაპიას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, მიზანმიმართულ ან სხვა თანამედროვე სისტემურ მკურნალობას. აღნიშნული მეთოდები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციით, დაავადების თავისებურებებისა და პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
პროსტატის კიბო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ონკოლოგიური დაავადებაა, თუმცა მისი ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობის შედეგები ხშირად საიმედოა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დაავადების შესაძლო სიმპტომების მიმართ ყურადღების გამოჩენა, რისკ-ფაქტორების გათვალისწინება, შესაბამისი სკრინინგისა და დიაგნოსტიკური კვლევების დროულად ჩატარება.
- ნახვები:4













