ზაფხული წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამ დროს ადამიანები მეტ დროს ატარებენ გარეთ, მზესა და სუფთა ჰაერზე. თუმცა, მზესთან ერთად მატულობს ულტრაიისფერი (UV) სხივების ინტენსივობაც, რაც აზიანებს კანს და ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები აუცილებელია D ვიტამინის სინთეზისთვის, ჭარბი მზის აბაზანების მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს კანსა და ჯანმრთელობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი სწორად.
რატომ არის ულტრაიისფერი გამოსხივება სახიფათო?
UV სხივები სამ ტიპად იყოფა: UVA, UVB და UVC.
· UVA – აღწევს ღრმა ფენებში და იწვევს კანის დაბერებასა და მუტაციებს.
· UVB – არის მთავარი მიზეზი მზის დამწვრობისა და კანზე კანცეროგენური მუტაციების განვითარების.
· UVC – პრაქტიკულად არ აღწევს დედამიწამდე, რადგან შთაინთქმება ატმოსფეროს მიერ.
UVB და UVA სხივების ზემოქმედება კანს აზიანებს, ზრდის პიგმენტაციის და წილობრივი სიმსივნის განვითარების შანსს. ხანგრძლივი ზემოქმედება კი პირდაპირ კავშირშია მელანომის და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკთან.
ძირითადი რეკომენდაციები მზისგან დასაცავად
1. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (SPF)
o აირჩიეთ ფართო სპექტრის (UVA/UVB დაცვითი) საშუალება, მინიმუმ SPF 30-ით;
o გამოიყენეთ 20-30 წუთით ადრე გარეთ გასვლამდე და განაახლეთ ყოველი 2 საათის შემდეგ ან ცურვის/ოფლიანობის შემდეგ;
o ნუ დაივიწყებთ ისეთ ადგილებს, როგორებიცაა ყურები, კისერი, ტუჩები.
2. ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და აქსესუარები
o აირჩიეთ მჭიდროდ ნაქსოვი, ღია ფერის ტანსაცმელი;
o ატარეთ ფართო ქუდები, რომლებიც ფარავს სახეს, ყურებს და კისერს;
o გამოიყენეთ მზისგან დამცავი სათვალე UV ფილტრით.
3. დარჩით ჩრდილში მზის პიკის საათებში
o 10:00–16:00 საათამდე მზის სხივები ყველაზე ძლიერია;
o თუ გარეთ ყოფნა აუცილებელია, ეცადეთ იყოთ ჩრდილში ან გამოიყენეთ მზის ქოლგა.
4. სოლარიუმი
o სოლარიუმი გამოყოფს მაღალ დოზას UVA სხივებისა, რაც კანის კიბოსა და ნაადრევი დაბერების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
5. დაიცავით ბავშვები განსაკუთრებული ყურადღებით
o ბავშვების კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა UV სხივების მიმართ;
o გამოიყენეთ სპეციალური ბავშვებისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავი კრემები და ქუდები.
6. დაიცავით კანი წყალში ყოფნისასაც
o წყალი არ იცავს UV სხივებისგან — ისინი აღწევენ მის სიღრმეში;
o გამოიყენეთ წყალგამძლე მზისგან დამცავი საშუალებები.
ზაფხულის თვეებში კანის დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან მნიშვნელოვანია როგორც კოსმეტიკური, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მარტივი ყოველდღიური ქმედებები, როგორიცაა SPF-ის გამოყენება და მზაზე გატარებული დროის რაციონალური შემცირება, მნიშვნელოვნად ამცირებს მზისგან გამოწვეული დაზიანებების, მათ შორის კანის კიბოს, განვითარების რისკს. პრევენცია — ესაა საუკეთესო თავდაცვა.
პრევენცია — ესაა საუკეთესო თავდაცვა.
- ნახვები:107