მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობიერების ამაღლება მთელ მსოფლიოში მარტის თვეში აღინიშნება. ეს დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიაა, თუმცა ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში წარმატებით ექვემდებარება მკურნალობას. სწორედ ამიტომ ინფორმირებულობა, სკრინინგი და დროული მიმართვა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკოქირურგი - გიორგი მეტივიშვილი.
რა არის მსხვილი ნაწლავის კიბო?
მსხვილი ნაწლავის კიბო ვითარდება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან. ხშირად დაავადება იწყება მცირე კეთილთვისებიანი წარმონაქმნებით — პოლიპებით, რომლებმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა ავთვისებიანი ტრანსფორმაცია განიცადონ. ამ პროცესს წლები სჭირდება, რაც სკრინინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
რისკფაქტორები
დაავადების განვითარების რისკს ზრდის რამდენიმე ფაქტორი:
1. გენეტიკური წინასწარგანწყობა
2. ასაკი (50 წელზე მეტი)
3. უჯრედისით მდიდარი საკვების ნაკლებობა
4. დაბალი ფიზიკური აქტივობა
5. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
6. სისხლი ან ლორწო განავალში
რისკფაქტორის არსებობა დაავადების განვითარებას ავტომატურად არ ნიშნავს, თუმცა სიფრთხილე და რეგულარული კონტროლი აუცილებელია.
სიმპტომები
ადრეულ ეტაპზე მსხვილი ნაწლავის კიბო ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს:
• ნაწლავის მოქმედების ცვლილება (ყაბზობა ან დიარეა)
• სისხლი განავალში
• მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი
• აუხსნელი წონის კლება
• მუდმივი დაღლილობა და ანემია
ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სკრინინგი — პრევენციის მთავარი გზა
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი მიზნად ისახავს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას ან პოლიპების არსებობის შემთხვევაში მათ დროულ ად მოკვეთის რეკომენდაციას. ყველაზე ეფექტური მეთოდია კოლონოსკოპია, რომელიც საშუალებას იძლევა ნაწლავის სრული დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიის წარმოებას.
საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, საშუალო რისკის მქონე პირებისთვის სკრინინგი იწყება 45–50 წლიდან. მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შესაძლოა კვლევა უფრო ადრე დასჭირდეთ.
მკურნალობა
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და მოიცავს:
• ქირურგიულ ჩარევას
• ქიმიოთერაპიას
• სამიზნე თერაპიას ან იმუნოთერაპიას
• ზოგიერთ შემთხვევაში — სხივურ თერაპიას
ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კიბოს შემთხვევაში განკურნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.
ცხოვრების წესის როლი
ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, უჯრედისითთ მდიდარი რაციონი, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვა ამცირებს დაავადების განვითარების რისკს. პრევენცია იწყება ყოველდღიური ჩვევებიდან.
მარტი გვახსენებს, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო ხშირად პრევენცირებადი და მართვადია, თუ იგი დროულად გამოვლინდება. ინფორმირებულობა, სკრინინგში ჩართვა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მსხვილი ნაწლავის კიბო სერიოზული, მაგრამ მართვადი დაავადებაა. მარტი, როგორც ცნობიერების ამაღლების თვე, გვახსენებს, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ სკრინინგის მნიშვნელობაზე და მოვუწოდოთ საზოგადოებას: არ გადადონ პრევენციული კვლევები.
ჯანმრთელობის მენეჯმენტში ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის ეფექტური გზაა.
- ნახვები:31













