2025-03-28

თირკმლის კიბოს გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და პრევენცია

როგორია თირკმლის კიბოს სტატისტიკა, რა სიმპტომებით ვლინდება და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი უროლოგი, მამუკა მჭედლიძე.

- რამდენად ხშირია თირკმლის კიბო?

თირკმლის კიბო, ანუ თირკმელუჯრედოვანი კარცინომა (RCC), სიმსივნეების გავრცელების მიხედვით მე-14 ადგილზეა და შეადგენს ყველა კიბოს დაახლოებით 2%-ს. 2022 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა დაახლოებით 434,840 ახალი შემთხვევა, ხოლო 155,953 ადამიანი გარდაიცვალა ამ დაავადებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში თირკმლის კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 300 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. კაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები, ხოლო დაავადების პიკი მეექვსე-მეშვიდე დეკადაზე მოდის.

- რა ფაქტორები ზრდის თირკმლის კიბოს განვითარების რისკს?

კვლევების მიხედვით, თირკმლის კიბოს განვითარების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • თამბაქოს მოხმარება;
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი;
  • ჰიპერტენზია (მაღალი წნევა);
  • ოჯახური ისტორია (პირველი ან მეორე რიგის ნათესავებში);
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები და დიალიზი.

- როგორ ხდება თირკმლის კიბოს დიაგნოსტირება?

თირკმლის კიბოს დიაგნოსტირება ხშირ შემთხვევაში შემთხვევით ხდება პროფილაქტიკური ულტრასონოგრაფიის დროს.

- რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს დაავადება?

  • პაციენტების 50%-ს აღენიშნება ჰემატურია (შარდში სისხლის არსებობა);
  • 40%-ს აღენიშნება წელის ტკივილი;
  • 25%-ს აქვს მეტასტაზური დაავადების ნიშნები (ღამის ოფლიანობა, ცხელება, დაღლილობა, წონის კლება, ჰემოპტიზი);
  • 10%-ზე ნაკლებს აღენიშნება კლასიკური ტრიადა: ჰემატურია, წელის ტკივილი და მუცლის მასა.

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია მწვავე ვარიკოცელე (მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვენური ობსტრუქცია), ქვედა კიდურების შეშუპება ვენური დაბრკოლების გამო და პარანეოპლასტიკური სინდრომები, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას არღვევს.

- რა არის პარანეოპლასტიკური სინდრომი?

ზოგადად, სინდრომი (ბერძ. σύνδρομον, σύνδρομο - Syndrome - თავმოყრა) მედიცინაში აღნიშნავს დაავადების დამახასიათებელ რამდენიმე ნიშნის ანუ სიმპტომის ერთობლიობას. თირკმლის კიბოს შემთხვევაში, ის შეიძლება გამოვლინდეს სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, მათ შორის:

  • ანემია- გამოწვეული მიკროჰემატურიით პოლიციტემია - ერითროპოეტინის ექტოპიური სეკრეციით (ერითროპოეტინი გლიკოპროტეინული ჰორმონია, რომელიც იწვევს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წარმოქმნის ზრდას. მოზრდილებში ერითროპოეტინის დაახლოებით 90% ფორმირდება თირკმლებში, დაახლოებით 10% – ღვიძლში)
  • ჰიპერტენიზია (25%) - რენინის ექტოპიური სეკრეცია, თირკმლის არტერიის სტენოზი ან

არტერიო ვენური ფისტულა

  • ჰიპოგლიკემია - ინსულინის ექტოპიური სეკრეცია ინსულინი — პეპტიდური ჰორმონი, რომელიც გამოიმუშავდება პანკრეასში; ითვლება ორგანიზმის მთავარ ანაბოლურ ჰორმონად. ის არეგულირებს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ცვლას, რაც ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შეწოვას ღვიძლში, ცხიმოვან და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში
  • ჰიპერცალცემია (10-20%) - პარათირეოიდული ჰორმონის მსგავსი სუბსტანციის ექტოპიური სეკრეცია
  • გინეკომასტია, ლიბიდოს დაქვეითება, ამენორეა - გონადოტროპინების ექტოპიური სეკრეცია

ამ სიმპტომების არსებობისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მათი გამომწვევი მიზეზი შეიძლება თირკმლის კიბო იყოს.

დიაგნოსტიკის ყველაზე ნაკლებინვაზიური და ხელმისაწვდომი მეთოდი ულტრასონოგრაფიული კვლევაა. დამატებითი სიზუსტისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ვენურ კონტრასტირებით.

- როგორია მკურნალობის მეთოდები?

თირკმლის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • სრულ ან ნაწილობრივი ნეფრექტომია  (თუ ზომა 5 სმ ნაკლებია და მისი მდებარეობა საშუალებას იძლევა მოსცილდეს თირკმლის დაზიანებული ნაწილი სიმსივნესთან ერთად, ჯამრთელი ქსოვილის შენარჩუნებით);
  • ოპერაცია შესაძლოა ჩატარდეს ღია ან ლაპაროსკოპიული მეთოდით;
  • ალტერნატიულად შეიძლება გამოყენებულ იქნას მინიმალურად ინვაზიური მეთოდები: რადიოსიხშირული აბლაცია, კრიოაბლაცია, მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერითი აბლაცია და მიკროტალღური აბლაცია.;

ინოპერაბელურ შემთხვევებში (განსაკუთრებით ჰემატურიით გართულების დროს) შესაძლებელია თირკმლის არტერიების ემბოლიზაცია, რაც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

თირკმლის კიბოს მკურნალობაში არ გამოიყენება ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია. შესაძლებელია მხოლოდ იმუნოთერაპია.

- როგორ შეიძლება თირკმლის კიბოს პრევენცია?

პირველადი პრევენცია კიბოს კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. ძირითადი რისკფაქტორების მართვის საშუალებით შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება დაახლოებით 40%-ით. კვლევები აჩვენებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების მინიმუმ ერთი მესამედის თავიდან აცილება შესაძლებელია მავნე ჩვევების შეცვლით.

ცხოვრების წესის ცვლილება თითოეული ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული და არ საჭიროებს რთულ ან ძვირადღირებულ ჩარევებს. ინფორმირებულობის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ხელს უწყობს კიბოს განვითარების რისკის შემცირებას. ამისთვის მნიშვნელოვანია:

  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა,
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შეზღუდვა,
  • დაბალანსებული და ჯანსაღი კვება,
  • ფიზიკური აქტივობის გაზრდა,
  • სხეულის მასის კონტროლი.

გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება საშუალებას გვაძლევს, დაავადებები გამოვავლინოთ განვითარების ადრეულ ეტაპზე, რაც მკურნალობას გაცილებით ეფექტურს ხდის.

  • ნახვები:104

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები