ინტერვიუ მომავალ ქირურგ ირაკლი კუჭავასთან (ზოგადი ქირურგიის მეოთხე კურსის რეზიდენტი)
მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება – ახალი მეთოდები, ტექნოლოგიები და ცოდნა მუდმივად ცვლის ექიმთა საქმიანობას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო გამოცდილება განსაკუთრებით ფასეულია ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. ჩინური მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი სისტემაა მსოფლიოში: მასზე დიდია მოთხოვნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე, რაც მის მაღალ დონეს კიდევ უფრო ამტკიცებს.
ირაკლი კუჭავა, ახალგაზრდა ექიმი, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში იმყოფებოდა, გვიზიარებს საკუთარ შეხედულებასა და გამოცდილებას ქართულ და ჩინურ მედიცინაზე.
რა განსხვავებებს ხედავთ ჩინურ და ქართულ სამედიცინო განათლებას შორის?
- სამედიცინო განათლების ხარისხი ორივე ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. როგორც საქართველოში, ისე ჩინეთში მრავლად არიან პროფესიონალები, რომელთა გამოცდილება და ცოდნა დიდ მოწონებას იმსახურებს.
ამ ვიზიტის დროს რა ასპექტებმა მიიქცია თქვენი ყურადღება ყველაზე მეტად?
- ჩინეთში სწავლების სისტემა უფრო სტრუქტურირებული და დეტალიზებულია. რეზიდენტები მეტად ჩართულნი არიან პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც მათ პროფესიული განვითარების პროცესს აჩქარებს.
ჩინეთში ყოფნისას, როგორ შეაფასებდით მათ ტექნოლოგიებსა და სამედიცინო აღჭურვილობას ?
– ტექნოლოგიების და სამედიცინო აღჭურვილობის შედარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ კუთხით ჩვენზე მნიშვნელოვნად წინ არიან. მათ გააჩნიათ ყველა ის პრაქტიკული საშუალება, რაც ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობას უფრო ეფექტურს ხდის. აგრეთვე პაციენტთა დიდი ნაკადი - ექიმები მუდმივად მუშაობენ მაღალი დატვირთვით, რაც მათ გამოცდილებას აძლიერებს. სამედიცინო ტექნოლოგიები და პაციენტთა დიდი რაოდენობა არის ორი ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი ჩინურ და ქართულ მედიცინას შორის.
რამდენად რთული იყო ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებთან შეგუება?
– მიუხედავად იმისა, რომ ქართული და ჩინური ტრადიციები და კულტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, მასპინძელთა სტუმართმოყვარეობამ მნიშვნელოვნად გამიადვილა ადგილობრივ კულტურასთან შეგუება.
რა განსხვავებებია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში ჩინეთსა და საქართველოში?
– პრინციპული განსხვავება მე ვერ დავინახე. სამედიცინო ეთიკისა და დეონტოლოგიის პრინციპები, ჩემი აზრით, მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა.
რამდენად ჩართული იყავით პრაქტიკულ საქმიანობაში?
– კლინიკაში ყოფნის დროს დავესწარი დაახლოებით ოთხმოცზე მეტ თორაკალურ ოპერაციას , დიდ ნაწილში კი უშუალო მონაწილეობა მივიღე, რამაც დიდი გამოცდილება და ცოდნა შემმატა.
ირაკლი კუჭავას გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ქართული მედიცინა სავსებით კონკურენტუნარიანია საერთაშორისო სტანდარტებთან, ხოლო ახალგაზრდა ექიმების ცოდნის გაღრმავება უცხოეთში კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო პოტენციალს.
- ნახვები:30