გაინტერესებთ როგორი თეთრეული უნდა ატაროს ქალბატონმა და რა უნდა ვიცოდეთ სარძევე ჯირკვლის სკრინინგულ კვლევაზე? ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი მამოლოგი ლელა ბაჩილავა.
- რა პერიოდულობით უნდა ჩაიტაროს ქალმა სკრინინგული გამოკვლევა?
ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს. სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო მინიმალური დოზით ხდება. მამოგრაფია შეუცვლელი მეთოდია არაპალპირებადი წარმონაქმნების აღმოსაჩენად. იგი ტარდება შიშველ მკერდზე, რომელიც კვლევის დროს რამდენიმე წამით მოექცევა სპეციალური აპარატურის ქვეშ. პროცედურა მტკივნეული არ არის. კვლევა ტარდება მენსტრუაციის დამთავრებიდან მეორე კვირას.
სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი ძუძუს კიბოს სკრინინგი, მამოგრაფიული კვლევის შემდეგ გამოკვლეულთა 95%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. თუ ძუძუს კიბო საწყის სტადიაზე იქნა აღმოჩენილი, განკურნება შესაძლებელია.
მამოგრაფიული გამოკვლევა 40 წელს მიღწეულმა ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს.
30-40 წლის ასაკიდან მამოგრაფიული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს 1-2 წელიწადში ერთხელ, 50 წლიდან- ყოველწლიურად.
- მოქმედებს თუ არა საქართველოში სკრინინგული პროგრამა?
თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით 2008 წელს ამოქმედდა ძუძუს კიბოს პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ უტარდებათ ძუძუს კიბოს სკრინინგი. პროგრამა მიზნად ისახავს ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა დაცვას ავთვისებიან სიმსივნეთა ადრეული გამოვლენის გზით.
ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძუძუს კიბოს პრევენციის საუკეთესო გზაა მოსახლეობის მასობრივი სკრინინგი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაში აღმოჩენა და მკურნალობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოს მიზეზით სიკვდილიანობამ 35%-ით იკლო.
- როგორი თეთრეული უნდა ვატაროთ?
ბიუსტჰალტერი უნდა იყოს ბუნებრივი მასალისა, რბილი, არ უნდა ჰქონდეს ლითონის ჩხირები, უხეში ნაკერები, არ იწვევდეს სარძევე ჯირკვლის ტრავმირებას და გაღიზიანებას.
- რაიმე შეზღუდვა ხომ არ არსებობს ჰიგიენური საშუალებების -დეზოდორანტების, ანტიპერსოერანტებისა და სხვათა გამოყენების კუთხით?
მშრალი თუ თხევადი დეზოდორანტებისა და ანტიპერსპერანტების გამოყენება არ გახლავთ რეკომენდებული- მათში შემავალმა ქიმიურმა დანამატებმა, გამორიცხული არ არის, პროცესის განვითარებაში ერთგვარი მაპროვოცირებელი როლი შეასრულოს.
- რას ურჩევდით ქალებს, რომელთაც კიბოსწინარე პათოლოგიები აქვთ?
აუცილებლად მიმართონ სპეციალიზებულ მამოლოგიურ დაწესებულებას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ რისკის ფაქტორებიც:
იყენებენ ორალურ კონტრაცეპტივებს;
მენოპაუზის შემდეგ იტარებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, კერძოდ, თერაპიას ესტროგენ-პროგესტერონის კომბინაციით; ეს ზრდის ძუძუს კიბოს რისკს;
გადატანილი აქვთ რამდენიმე აბორტი;
პირველი ბავშვი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.
რისკის შესამცირებლად საჭიროა:
სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგება;
გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა.
პროფილაქტიკისთვის სასურველია, წელიწადში ერთხელ მიმართოთ გინეკოლოგს
- ნახვები:239