დიაგნოსტირების მნიშვნელობა, ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში და პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე, ამ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი პაატა ხორავა.
როგორია სკრინინგის მნიშვნელობა და დიაგნოსტირების კულტურა?
ბევრი ადამიანი ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდის, როცა ჯანმრთელობის პრობლემებს გრძნობს. თუმცა, ონკოლოგიური დაავადების უმეტესობა საწყის ეტაპზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, სწორედ აქ შემოდის პრევენციული მედიცინის, სკრინინგისა და ნაადრევი დიაგნოსტირების კულტურის მნიშვნელობა.
სკრინინგი და რეგულარული სამედიცინო შემოწმება დაავადების დროულ აღმოჩენას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პათოლოგიებისთვის.
ადრე დიაგნოსტირებული დაავადება უფრო მარტივად და ეფექტურად იკურნება, ვიდრე გვიან აღმოჩენილი.
ჯანმრთელობა მხოლოდ მაშინ არ უნდა გვახსოვდეს, როცა ავად ვართ. პროფილაქტიკური სამედიცინო ვიზიტები უნდა გახდეს ცხოვრების წესი.
საჭიროა მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელება, რომ რეგულარული გამოკვლევები გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ პრობლემას აგვარებს.
ასაკისა და რისკფაქტორების მიხედვით, ადამიანი უნდა გადიოდეს მინიმუმ ზოგად სამედიცინო შემოწმებას წელიწადში ერთხელ მაინც.
ოჯახური ისტორიის , ცხოვრების წესის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ზოგიერთ პაციენტს უფრო ხშირად უნდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა.
ავთვისებიანი სიმსივნეთა უმეტესობა იზრდება დუნედ, სჭირდება წლები, რომ გამოვლინდეს სიმპტომებით. მაგალითად: ფილტვის, კუჭის, ფარისებრის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის. სტატისტიკურად საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია მეორე ადგილზეა, წელიწადში 700 შემთხვევა ფიქსირდება. 1400-ია ძუძუს კიბოს სტატისტიკა, აქედან უმრავლესობა ახალგაზრდა ქალბატონები, 50 წლამდე. ყველა ასწავლის სიმპტომებს, თუმცა რამდენი სიმპტომი უნდა დაიმახსოვროს ქალბატონმა. ყველაზე სწორი დროული დიაგნოსტირება და ექიმთან ვიზიტია. ეს კულტურა სკოლიდანვე უნდა დაინერგოს და ისწავლებოდეს. სკრინინგის სტატისტიკაც მოწმობს საზოგადოების განწყობას, წელიწადში 20 %-22% ქალბატონები იტარებენ კვლევებს და 1%-2% მამაკაცები. ჩვენთან მოსული 90% პაციენტებისა არის 3-4 სტადიის დიაგნოზით, 60%- 4 სტადია. 10%-1-2 სტადია. 10-დან 9 დაგვიანებულია.
საზოგადოებაში უნდა შემოვიდეს იმის გააზრება, რომ ექიმთან ვიზიტი არ არის მხოლოდ ავადმყოფებისთვის, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნების კულტურის ნაწილია.
გაზარდეთ პასუხისმგებლობა თქვენს ჯანმრთელობაზე. ექიმთან დროული ვიზიტი და რეგულარული სკრინინგი არა მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, არამედ სიცოცხლის ხარისხსაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
- ნახვები:2375