2025-06-17

ლიმფომა - თანამედროვე მკურნალობის შესაძლებლობები

ლიმფური სისტემა ადამიანის იმუნური დაცვის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია. როდესაც ამ სისტემის რბილ ქსოვილებში სიმსივნური ცვლილებები იწყება, საქმე გვაქვს ლიმფომასთან — დაავადებასთან, რომელიც მოითხოვს დროულად გამოვლენასა და კომპლექსურ მიდგომას. ამ თემაზე საუბრობს „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“  ზოგადი ქირურგი,  მედიცინის დოქტორი,  პროფესორი -  გიორგი კორახაშვილი.

ლიმფომები:  სიმპტომები, დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობის შესაძლებლობები.

ეპიდემიოლოგია - გავრცელება

მსოფლიოში 

ყოველწლიურად ფიქსირდება არაჰოჯკინის ლიმფომა - 630,000 ახალი შემთხვევა.

ჰოჯკინის ლიმფომა - 83,000 ახალი შემთხვევა.

ყველაზე გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში.

უმეტესად აღინიშნება მოზრდილებში, მაგრამ ჰოჯკინის ლიმფომა შედარებით ხშირია ახალგაზრდა ასაკშიც (15–35 წწ).

საქართველოში 

სტატისტიკა ემთხვევა გლობალურ ტენდენციებს.

ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება არაჰოჯკინის შემთხვევები.

გამომწვევი მიზეზები:

ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ცნობილია რიგი რისკფაქტორები:

ინფექციები:

ეპშტეინ-ბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი) – ჰოჯკინის ლიმფომასთან და ბერკიტის ლიმფომასთან. შიდსი (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აივ)– მაღალი რისკი ლიმფომებზე.  ადამიანის T-ლიმფოტროპული ვირუსი ტიპი I, C ჰეპატიტის ვირუსი, H. pylori(კუჭის წყლულოვანი დაავადების გამომწვევი ბაქტერია) – კონკრეტული ლიმფომების ასოცირებული რისკი. იმუნური სისტემის დათრგუნვა:

ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ (იმუნოსუპრესიული თერაპია) თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტები აუტოიმუნური დაავადებები:

მაგ.: რევმატოიდული ართრიტი, შიოგრენის სინდრომი. გენეტიკური და გარემოს ფაქტორები:

რადიაციული ზემოქმედება გენეტიკური მიდრეკილება

ბატონო გიორგი, რას წარმოადგენს ლიმფომა და რატომ არის მისი დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

ლიმფომები წარმოადგენს ლიმფური ქსოვილის ავთვისებიან სიმსივნეებს, რომლებიც წარმოიქმნება ლიმფოციტებისგან (ძირითადად B ან T უჯრედებისგან). ლიმფომები იყოფა ორ ძირითად ტიპად: 

ჰოჯკინის ლიმფომა:

შედარებით იშვიათია (10% ლიმფომების).

პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა.

არაჰოჯკინის ლიმფომა:

მრავალფეროვანი ჯგუფი.

მოიცავს  60-ზე მეტ სუბტიპს

გავრცელება დამოკიდებულია სუბტიპზე.

ლიმფური ჯირკვალი ფუნქციონირებს, როგორც ბუნებრივი ფილტრი — იგი ამოიცნობს და ფილტრავს ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ან პათოლოგიურ აგენტებს, იქნება ეს ბაქტერია, ან არასასურველი უჯრედები, მათ შორის ავთვისებიანი წარმონაქმნების. სწორედ ამ სისტემის მეშვეობით ხდება ბევრი პათოლოგიის შეკავება ადრეულ ეტაპზე, თუმცა თავად ლიმფური ჯირკვალიც შეიძლება გახდეს დაავადების სამიზნე.

ლიმფომა სისხლის სისტემის დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება და მასთან დაკავშირებული ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. დროული გამოვლენა კი, გადამწყვეტია ეფექტიანი თერაპიული შედეგისთვის.

როგორ ვლინდება ლიმფომა და რა ნიშნებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება პაციენტმა?

ლიმფომების სიმპტომატიკა ხშირად არ არის სპეციფიკური და თავდაპირველად პაციენტებს ის ე.წ. გაურკვეველი მიზეზებით უვითარდებათ. ძირითადი კლინიკური ნიშნებია გადიდებული ლიმფური კვანძები (უმტკივნეულო, ძირითადად კისერზე, იღლიის და საზარდულის მიდამოებში) სხეულის სხვადასხვა უბანში, ზოგადი სისუსტე, მუდმივი დაღლილობა, კანის ქავილი, ჭარბი ოფლიანობა,  განსაკუთრებით ღამით, ძილში, სხეულის ტემპერატურის მატება (სიცხის დაბალი მაჩვენებლები). შებერვის, დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება მუცლის არეში (ელენთის/ღვიძლის გადიდებისას) ასეთი ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ საჭიროა ონკოჰემატოლოგის ან კლინიკურ ონკოლოგთან კონსულტაცია.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა და რას ითვალისწინებს მკურნალობის სტრატეგია?

პირველ ეტაპზე ხორციელდება არაინვაზიური კვლევები — 

რბილი ქსოვილების ექოსკოპია, 

ლიმფური კვანძის ბიოფსია ან დიაგნოსტიკური ამოკვეთა მიკროსკოპული შესწავლა (აუცილებელია დიაგნოზისთვის და ტიპის დასადგენად), იმუნოჰისტოქიმიური კვლევა - უჯრედების სახეობის დასადგენად.

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), PET/CT სკანირება (გავრცელების შეფასებისთვის - სტადირებისათვის).

სისხლის ანალიზები: სისხლის საერთო ანალიზი, ლაქტატდეჰიდროგენაზა, β2-მიკროგლობულინი.

ძვლის ტვინის ბიოფსია – ზოგიერთ შემთხვევაში

რაც შეეხება მკურნალობას, ძირითადად გამოიყენება კონსერვატიული მიდგომები — ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია და საჭიროებისამებრ – რადიოთერაპია. თანამედროვე პროტოკოლებით ხშირად ხერხდება დაავადების სრულად განკურნება ან ხანგრძლივ რემისიაში გადაყვანა. მკურნალობის ტაქტიკა ყოველთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება, პაციენტის მდგომარეობისა და ლიმფომის ფორმის შესაბამისად.

პრევენცია: 

ეპშტეინ-ბარის და C ჰეპატიტის ვირუსული ინფექციების კონტროლი

თამბაქოსა და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარებაზე უარის თქმა.

რეგულარული სამედიცინო მონიტორინგი რისკჯგუფებში

რამდენად შესაძლებელია ლიმფური კვანძების გადიდება არაონკოლოგიური მიზეზებითაც და როგორ უნდა განვასხვაოთ?

ლიმფური კვანძების გადიდება ყოველთვის არ მიუთითებს ონკოლოგიურ პათოლოგიაზე. ეს შეიძლება იყოს ინფექციური პროცესი, ტრავმა, მიკრო- დაზიანება ან ავტოიმუნური რეაქცია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სრულყოფილი დიაგნოსტიკა — კვლევის საშუალებით შესაძლებელია პათოლოგიის ბუნების დადგენა და მისი სწორად კლასიფიცირება. მხოლოდ სიღრმისეული შეფასებითა და სწორი დიაგნოზით არის შესაძლებელი მკურნალობის სწორი დაგეგმვა.

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველსროგორ მოიქცნენ მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში?

ჩემი მთავარი რეკომენდაცია — ჯანსაღი დაკვირვება საკუთარ სხეულზე მნიშვნელოვანია. ყოველგვარი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში (მაგ. გადიდებული კანქვეშა წარმონაქმნის აღმოჩენა) დაუყოვნებლივ მიმართეთ ოჯახის ექიმს ან სპეციალისტს, რადგან დროული დიაგნოსტიკა ხშირად განსაზღვრავს მკურნალობის წარმატებას. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დღესდღეობით, თანამედროვე მედიცინის პირობებში, ლიმფომები მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად განკურნებადია.

  • ნახვები:314

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები