თანამედროვე მედიცინაში ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად და ხელმისაწვდომ დიაგნოსტიკურ მეთოდს წარმოადგენს. ტექნოლოგიის მუდმივი პროგრესი განაპირობებს აპარატურის გაუმჯობესებას, თუმცა კვლევის ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის რადიოლოგი, ეკა გიუაშვილი, გვესაუბრება ექოსკოპიის არსზე, მისი გამოყენების შესაძლებლობებსა და უსაფრთხოებაზე.
რას წარმოადგენს ულტრაბგერითი აპარატი?
ექოსკოპია, იგივე ულტრაბგერითი კვლევა, წარმოადგენს თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომელიც ეფუძნება ულტრა მაღალი სიხშირის ბგერით ტალღებს. აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარების შედეგად, მუდმივად ახლდება ულტრაბგერითი აპარატურა, თუმცა მისი ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება: აპარატი გამოსცემს ბგერით ტალღებს, რომლებიც ორგანიზმში გავრცელებისას სხვადასხვაგვარად აირეკლება სხვადასხვა ქსოვილზე. დაბრუნებული ტალღები სპეციალური სენსორების მეშვეობით გადაიქცევა ვიზუალურ გამოსახულებად, რომელსაც ექიმი რეალურ დროში აკვირდება და აფასებს ორგანოების ანატომიურ და ფუნქციურ მდგომარეობას.
რა შესაძლებლობები აქვს ულტრაბგერით აპარატს?
ულტრაბგერითი აპარატები მრავალფეროვანი ფუნქციებითაა აღჭურვილი, რაც მათ სხვადასხვა ტიპის კანის და ქსოვილების დეტალური შესწავლის საშუალებას აძლევს. კერძოდ, შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის, ლიმფური კვანძების, სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს ორგანოების, სისხლძარღვების, მცირე მენჯის ორგანოების, თირკმელებისა და საშარდე სისტემის კვლევა. სპეციალისტის გამოცდილებასთან ერთად, აპარატურის ტექნიკური შესაძლებლობები უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკას.
არის თუ არა დიაგნოსტიკის ეს მეთოდი უსაფრთხო?
ექოსკოპია სრულიად უსაფრთხო მეთოდად ითვლება. ულტრაბგერითი ტალღები ადამიანის ყურისთვის შეუმჩნეველია და არ გამოყოფს იონიზებულ გამოსხივებას, შესაბამისად, არ აყენებს ორგანიზმს ზიანს. კვლევა უმტკივნეულოა, არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ მომზადებას და შესაძლებელია მისი ხშირი ჩატარება ჯანმრთელობისთვის შექმნილი რისკის გარეშე.
რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს?
ულტრაბგერითი კვლევის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას რეალურ დროში გამოსახულების მიღება წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოსტიკური პროცესის ეფექტიანობას. კვლევა მიმდინარეობს სწრაფად, არის დაბალბიუჯეტური და ხელმისაწვდომი. სწორედ ამ მახასიათებლების გამო, ექოსკოპია ფართოდ გამოიყენება როგორც პირველადი დიაგნოსტიკის, ასევე განმეორებითი მონიტორინგის მიზნით.
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა სამედიცინო პრაქტიკაში ერთ-ერთ ძირითად და უნივერსალურ მეთოდად განიხილება. მისი არა ინვაზიურობა, უსაფრთხოება, დიაგნოსტიკური სიზუსტე და ფართო გამოყენების არეალი მას გამორჩეულ უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე მედიცინაში.
- ნახვები:79