2025-05-02

შარდის ბუშტის კიბო - რა უნდა ვიცოდეთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

დასავლეთის ქვეყნებში შარდის ბუშტის კიბო სულ უფრო ხშირად გვხვდება. დაახლოებით 75-85% შემთხვევაში სიმსივნე შარდის ბუშტის ლორწოვან ფენას ან მის ქვედა შრეს მოიცავს ,ეს დაავადების საწყისი სტადიებია . დარჩენილ 15-25% შემთხვევაში კი სიმსივნე ღრმად მიდის და ბუშტის კუნთოვან შრეშიც ვრცელდება, ზოგჯერ – ლიმფურ კვანძებშიც.

შარდის ბუშტის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა გარდამავალი უჯრედოვანი კიბოა – ის შემთხვევების დაახლოებით 90%-ს შეადგენს. უფრო იშვიათად გვხვდება სხვა ტიპებიც, მაგალითად ბრტყელუჯრედოვანი კიბო და ადენოკარცინომა. დაავადება შეიძლება იყოს ზედაპირული (არ ღრმავდება ქსოვილებში) ან ინფილტრაციული (ღრმად აღწევს შარდის ბუშტის კედლებში).

მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე – მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • პროფესიული რისკები: ზოგიერთი სამრეწველო წარმოების სფეროში მომუშავე ადამიანები განსაკუთრებით დაუცველები არიან. მაგალითად, ბეჭდვის, ალუმინის გადნობით ან ქიმიური მრეწველობით დაკავებული ადამიანები.
  • თამბაქო: ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. მწეველებში შარდის ბუშტის კიბო უფრო ხშირად და უფრო მძიმედ ავლენს თავს.

როგორ ვლინდება დაავადება?

ყველაზე გავრცელებული სიმპტომია - შარდში სისხლის არსებობა. ზოგჯერ ის თვალით შესამჩნევია, ზოგჯერ კი – მხოლოდ ანალიზით ვლინდება. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შარდში სისხლია – აუცილებელია კიბოს გამორიცხვა, თუნდაც სხვა მიზეზებიც იყოს მოსალოდნელი (მაგ., კენჭები, ინფექცია და სხვ.).

ასევე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • ხშირი შარდვა
  • წვა შარდვის დროს
  • შარდის დენის შესუსტება

თუ ეს სიმპტომები არსებობს და ანალიზი ინფექციას არ აჩვენებს, აუცილებელია კიბოს გამორიცხვა.

50 წლის ზემოთ ადამიანებმა, რომელთაც შარდში უმნიშვნელო რაოდენობით სისხლი აქვთ , მაინც უნდა გაიარონ სპეციალისტის – უროლოგის კონსულტაცია. ამ ასაკის ადამიანებში 5-10% შემთხვევაში ეს სიმპტომი შეიძლება შარდის ბუშტის კიბოს მიუთითებდეს.

რა გამოკვლევებია საჭირო?

  • ექოსკოპია (ულტრასონოგრაფია) – პირველადი და მარტივი მეთოდია.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) – გამოიყენება უფრო რთულ შემთხვევებში.
  • შარდის ციტოლოგია – შეამოწმებს, არის თუ არა შარდში სიმსივნური უჯრედები.
  • ცისტოსკოპია – მთავარი დიაგნოსტიკური მეთოდია. ექიმი სპეციალური ხელსაწყოთი ათვალიერებს შარდის ბუშტს შიგნიდან.

რა ხდება დიაგნოზის შემდეგ?

დაავადების სტადიის ზუსტად დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ზედაპირულ და ღრმა (ინვაზიურ) კიბოს მკურნალობის მეთოდები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება.

  • ნახვები:92

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები