2025-04-14

ონკოლოგიური დაავადებები: შიში და რეალობა

ონკოლოგიური დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე მედიცინაში, მაგრამ ბოლო ათწლეულებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები მნიშვნელოვნად განვითარდა. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი კვლავ აგვიანებს ექიმთან მისვლას, რაც მკურნალობის ეფექტურობას ამცირებს. ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი, ონკოქირურგი, პროფესორი - გურამ მენთეშაშვილი.

კიბოს შიში და საზოგადოების დამოკიდებულება

კიბოს დიაგნოზი ბევრ ადამიანს შიშს გვრის, თუმცა რეალურად საშიში არაა თავად დაავადება, არამედ მისი დაგვიანებული გამოვლენა. სამედიცინო მიღწევების წყალობით, დღეს შესაძლებელია ისეთი დაავადებების განკურნება, რომელთა მკურნალობა 50 წლის წინ წარმოუდგენლად ითვლებოდა.

განვითარებულ ქვეყნებში პაციენტები გაცილებით ხშირად მიმართავენ ექიმებს და დროულად იტარებენ სკრინინგულ კვლევებს. შედეგად, დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის მაჩვენებელი მაღალია, რაც განკურნების უკეთეს შესაძლებლობას იძლევა. სამწუხაროდ, ჩვენთან ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებული შემთხვევები მხოლოდ 25%-ს შეადგენს, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს რიცხვი საპირისპიროდაა – 75%.

 

  • როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

დღეს ონკოლოგიური მკურნალობა მოიცავს არა მხოლოდ ქირურგიას, არამედ მრავალფეროვან თერაპიულ მეთოდებს, როგორებიცაა:

• მედიკამენტოზური მკურნალობა

• იმუნოთერაპია

• სხივური თერაპია

• თარგეტული (მიზნობრივი) თერაპია

ეს მეთოდები მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტების გადარჩენისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შანსებს.

  • ბატონო გურამ, თქვენი შეფასებით, რა როლი აქვს პაციენტის ჩართულობას საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში?

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ტექნოლოგიები ვითარდება, პაციენტის აქტიურობა კვლავ გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები რეგულარულად იტარებდნენ პროფილაქტიკურ კვლევებს. მაგალითად, მამაკაცებში პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა, რომლის დიაგნოსტირება ძალიან მარტივია – 40 წლის ზემოთ მამაკაცებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ სისხლის ანალიზი.

გარდა პროსტატის კიბოს, მამაკაცებში ასევე ხშირია მსხვილი ნაწლავის, კუჭის და ფილტვის კიბო. მათი დროული აღმოჩენა მკურნალობის შედეგებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და დაავადების პროცესს მართვადს ხდის.

მთავარი გამოწვევა დღეს არა მხოლოდ კიბოს მკურნალობა, არამედ მისი დროული აღმოჩენაა. სკრინინგული კვლევები და პროფილაქტიკური გამოკვლევები დაავადებას ადრეულ სტადიაზე ავლენს და მკურნალობის შანსებს ზრდის. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში გავრცელებული შიში შეცვალოს ინფორმირებულობამ – განკურნებული ადამიანები ბევრნი არიან, უბრალოდ მათ შესახებ ნაკლებად ვიცით.

  • ნახვები:187

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები