რა არის ენდოკრინული თერაპია და რას ნიშნავს ჰორმონ პოზიტიური ძუძუს კიბო, როგორი კლინიკური სიტუაციები არსებობს და როგორ მუშაობს ჰორმონოთერაპია, ამ თემებზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ონკოლოგი ნინო ჩიჩუა.
1. რა დროს გამოიყენება ჰორმონოთერაპია?
ენდოკრინული თერაპია (ჰორმონოთერაპია) აქტიურად გამოიყენება ჰორმონ პოზიტიური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.
2. რას ნიშნავს ჰორმონ პოზიტიური ძუძუს კიბო?
ჰორმონ პოზიტიური ძუძუს კიბო გულისხმობს, რომ სიმსივნის ქსოვილში ექსპრესირებულია ესტროგენის და/ან პროგესტერონის რეცეპტორები, რომლებიც სტიმულირდებიან ესტროგენითა და პროგესტერონით, რაც განაპირობებს სიმსივნის ზრდას.
სიმსივნის ქსოვილში ამ რეცეპტორთა არსებობამ განაპირობა ესტროგენთა ანტაგონისტების: არომატაზას, ინჰიბიტორების, ესტროგენის რეცეპტორთა სელექტიური მოდულატორების და ბლოკატორების , გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის ანალოგების სინთეზი, რომელთა მიზანია ხელი შეუშალოს ესტროგენის ზემოქმედებას სიმსივნურ უჯრედებზე.
პრემენოპაუზის ასაკში ესტროგენთა წყარო არის საკვერცხეები, ხოლო მენოპაუზის დროს თირკმელზედა ჯირკვალის ქერქოვანი ნაწილი და ცხიმოვანი ქსოვილი.
პრემენოპაუზაში მყოფ ქალებში ესტროგენების დონის შემცირება შესაძლებელია საკვერცხეების ფუნქციის გამორთვით, რაც ხორციელდება ოვარექტომიის, სხივური თერაპიის, ან გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის ანტაგონისტების გამოყენებით. გარდა ამისა, გამოიყენება ესტროგენის რეცეპტორთა სელექციური მოდულატორი ტამოქსიფენი, რომელიც ამცირებს ესტროგენის ეფექტს სიმსივნურ ქსოვილზე.
3. როგორია კლინიკური სიტუაციები და რა ტაქტიკა არსებობს?
1. ადრეული ძუძუს კიბო:
ენდოკრინული თერაპია, როგორც წესი, ინიშნება ოპერაციის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ და გრძელდება 5-10 წლის განმავლობაში.
2. ნეოადიუვანტური თერაპია:
ზოგჯერ ენდოკრინული თერაპია ინიშნება ოპერაციის წინ, რათა სიმსივნე შემცირდეს და ოპერაცია გახდეს უფრო ეფექტური.
3. მეტასტაზური დაავადება:
აქცენტი კეთდება სიმსივნის ზრდის შეჩერებაზე და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
4. აქვს თუ არა ამ მეთოდს გვერდითი ეფექტი?
ჰორმონოთერაპიას, მისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, აქვს გვერდითი ეფექტები. პრემენოპაუზაში მყოფ ქალებში ტომოქსიფენის გამოყენება იწვევს მენოპაუზის მაგვარ სიმპტომატიკას: ღამის ოფლიანობას, სახსრების ტკივილს, საშოს სიმშრალეს, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას.
ჰორმონოთერაპია ზრდის ოსტეოპოროზული პროცესების და ძვლის მოტეხილობის სიხშირეს, განსაკუთრებით მენოპაუზაში მყოფ ქალებში, ამიტომაც აუცილებელია მკურნალობის პროცესში ძვლოვანი სისტემის მდგომარეობის შეფასება, რაც ხორციელდება ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრით (DEXA SCAN ), რეგულარული მონიტორინგი გვეხმარება ადრეულად აღმოვაჩინოთ ოსტეოპენია და დროულად აღმოვფხვრათ პროცესი.
ოსტეოპოროზის რისკის შესამცირებლად ჰორმონოთერაპიაზე მყოფ ქალებში რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ( მოწევასა და ალკოჰოლზე უარის თქმა), საჭიროების შემთხვევაში ინიშნება კალციუმისა და ვიტამინ D-ს კომპლექსები, პრეპარატები რომლებიც ამცირებს ოსტეოპენიისა და შესაბამისად მოტეხილობის რისკს (ბიფოსფონატები და დენოსუმაბი).
ენდოკრინული თერაპია არის ძუძუს კიბოს ჰორმონ-დამოკიდებული ფორმების ერთერთი უმნიშვნელოვანესი და შედარებით ნაკლებად ტოქსიკური მკურნალობის მეთოდი. მნიშვნელოვნად იზრდება პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი.
- ნახვები:349