დღეს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები ფართოდ არის გავრცელებული, მით უფრო საყურადღებოა სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დაავადებების დროული გამოვლენა, რაც თავიდან აგვაცილებს მძიმე სნეულებას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი მამოლოგი - ეკა ბარამაძე.
- რომელ დაავადებას შეიძლება ეწოდოს სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე მდგომარეობა?
სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა სარძევე ჯირკვლის ყველა ის დაავადება, რომლის ფონზეც ვითარდება კიბო. ასეთია მასტოპათიის ყოველგვარი ფორმა, რომლის დროსაც ხდება ეპითელიუმის პროლიფერაცია, რადგან სწორედ პროლიფერაციის უბნები განიცდის მალიგნიზაციას, ასევე სარძვე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები: ადენომა, ფიბროადენომა, ფილოიდური სიმსივნე, სადინარშიგა პაპილომა, კისტა, ლიპომა.
- რა იწვევს კიბოსწინარე მდგომარეობას?
სარძვე ჯირკვალი ჰორმონდამოკიდებული ორგანოა, ამიტომ მის პათოლოგიას იწვევს ყველა ის ფაქტორი, რომელიც კი არღვევს ორგანიზმის ჰორმონულ და ჰუმორულ ჰომეოსტაზს (წონასწორობას). ასეთი ფაქტორებია: სქესობრიბი ცხოვრების ნაგვიანები დაწყება, ხშირი აბორტი, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება, უშვილობა, სასქესო ორგანოების დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ძუძუთი მოკლე ხანს კვება, ღვიძლის დაავადებები, ხშირი სტრესი, რადიაციული გამოსხივება, სიმსუქნე, სარძევე ჯირკვლის ტრავმა.
- რას გვეტყვით მასტოდინიაზე, კისტებზე, ახალ წარმონაქმნებსა და ჰორმონულ დარღვევებზე?
ყველა ეს მდგომარეობა შეიძლება კიბოსწინარე მდგომარეობად იქნეს განხილული, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის. მაგალითად, ძუძუს კიბო 3-5-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება მასტოპათიის ფონზე, მაგრამ ემ იმას არ ნიშნავს, რომ მასტოპათიის ყველა ფორმა კიბოსწინარე მდგომარეობად უნდა განვიხილოთ. მასტოპათიის დროს კიბოს განვითარებას წინ უძღვის რიგი ცვლილება სარძევე ჯირკვლის ჯირკვლოვან წილაკებში. არსებობს მასტოპათიის ორი ფორმა: დიფუზური და კვანძოვანი. მასტოპათიის კვენძოვანი ფორმა ეპითელიუმის პროლიფერაციათა და დისპლაზიით საგრძნობლად ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.
რაც შეეხება ძუძუს კეთილთვისებიან სიმსივნეებს, ისინი ძირითადად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. მათაც პრეკანცერებს მიაკუთვნებენ, რადგან მათგან ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნის სხვადასხვა ფორმა. ადენომა, ფიბროადენომა იშვიათად, მაგრამ მაინც განიცდის მალიგნიზაციას. ფოთლისებური ფიბროადენომა საკმაოდ ტრანსფორმირდება, ლიპომა- ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც ლიპოსარკომად გარდაიქმნება.
- როგორია თითოეული მათგანის კლინიკური ნიშნები, რას უნდა მიაქციოს ქალმა ყურადღება?
მასტოპათიის დროს შეინიშნება მტკივნეულობა სარძევე ჯირკვალში ანუ მასტოდინია, რომელიც მენსტრუაციამდელ პერიოდში ძლიერდება. ტკივილი სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობისაა, თანდათან ხდება ინტენსიური და მუდმივი. ხშირად გადაეცემა მხარში, ბეჭში. სარძევე ჯირკვლები შებერილია, გამკვრივებულია. მენსტრუაციის დაწყების შემდეგ ეს შეგრძნებები ქრება. შესაძლოა გაჩნდეს გამონადენი დვრილიდან- გამჭვირვალე, მოყვითალო ან მომწვანო (არა სისხლიანი). ასეთი ცვლილებები შეინიშნება დიფუზური მასტოპათიის დროს, რომელიც უმთავრესად ახალგაზრდა ქალებში გვხვდება. მასტოპათიის კვანძოვანი ფორმა ძირითადად 30 წლიდან აღირიცხება.
კვანძოვანი მასტოპათიის ფონზე სარძევე ჯირკვალში ისინჯება გამკვრივებული უბანი, რომელსაც აქვს მკვეთრი საზღვრები. ის შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი, როგორც ერთ, ასევე ორივე ჯირკვალში. წოლისას გამკვრივებული უბნები კარგავენ საზღვრებს.
სარძევე ჯირკვლის ადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ვითარდება ჯირკვლოვანი ელემენტების პროლიფერაციის შედეგად. კარგად შემოსაზღვრული, მოძრავი, რბილ-ელასტიკური კონსისტენციისა. არ არის დაკავშირებული კანსა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. ხანდახან სიმსივნის შიგნით წარმოიქმნება კისტა. ამ შემთხვევაში იყენებენ ტერმინს "ცისტადენომა". ასეთი რამ ხშირია ახალგაზრდა ქალებში.
სადინარშიგა ინტრადუქტული პაპილომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სარძევე ჯირკვლის სადინარებისგან ვითარდება. ის ცნობილია ასევე მინცის დაავადების სახელწოდებით. სადინარშიგა პაპილომა მდებარეობს დვრილის ან არეოლის უკან და ახლოს, ის შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც. ახასითებს გაავთვისებიანება. პალპაციით მისი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია. ძირითადად ვლინდება დვრილიდან სისხლიანი ან სეროზულ-სისხლიანი გამონადენით, რომელიც დვრილზე ზეწოლის შემთხვევაში შეინიშნება.
ფიბროადენომა უმთავრესად 30 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. პალპაციით ის ისინჯება როგორც გლუვი, მკვეთრსაზღვრებიანი, მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი, რომელიც ზეწოლისას თავისუფლად გადაადგილდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილში. არ არის დაკავშირებული ირგვლივ მდებარე ქსოვილებსა და კანთან. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის.
ცალკე უნდა გამოიყოს ფილოიდური (ფოთლისებური) ფიბროადენომა, რომელიც სწრაფად იზრდება და დიდ ზომას აღწევს. მკვრივი კონსისტენციისაა, უსწორმასწოროზედაპირიანი, არ უკავშირდება ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, აქვს მალიგნიზაციის, მაღალი ხარისხი.
ძუძუს კისტა უმთავრესად კვანძოვანი ან დიფუზური მასტოპათიის ფონზე ვითარდება. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. აქვს სწორი ელასტიკური ზედაპირი და მოძრავია.
პალპატორულად კისტა და ფიბროადენომა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დიაგნოსტირება უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ბიოფსიით ხდება.
სარძევე ჯირკვლის ლიპომა ძალზე იშვიათი დაავადებაა. ეს რბილი, მკვეთრსაზღვრებიანი სიმსივნეა. საჭიროა მისი დიფერენცირება ფიბროადენომისა და კისტისგან. ის ძალაინ იშვიათად ტრანსფორმირდება ავთვისებიან სიმსივნედ-ლიპოსარკომად. კიბო ლიპომისგან არ ვითარდება.
თითოეული ამ დაავადების გამოსავლენად დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუს თვითგასინჯვას, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.
ამრიგად, სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დაავადებები წარმოადგენს ფაქტორებს, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა გამოიწვიონ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. ამიტომ, თვითგასინჯვა და რეგულარული სკრინინგი გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
- ნახვები:153