რას წარმოადგენს ნაღვლის ბუშტის კიბო?
ნაღვლის ბუშტის კიბო იშვიათი, მაგრამ აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად ადენოკარცინომის ტიპისაა. დაავადება ხშირად გვიან დიაგნოსტირდება, რადგან საწყის სტადიაზე სიმპტომები არ ვლინდება. ადრეულ სტადიაზე ქირურგიული მკურნალობა სრულ გამოჯანმრთელებასაც კი იძლევა, მაგრამ დაავადების შორსწასულ ფორმის დროს დიაგნოსტირებისას პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
ვის ემართება?
- უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე მამაკაცებს (2–6-ჯერ მეტად).
- ხშირია 60–70 წლის ასაკში.
რისკის ფაქტორები:
არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის:
- ნაღვლის ბუშტში დიდი ზომის კენჭები (3 სმ-ზე მეტი);
- პოლიპები ნაღვლის ბუშტში (განსაკუთრებით 50 წლის ზემოთ);
- „ფაიფურის ნაღვლის ბუშტი“ – როცა ნაღვლის ბუშტის კედელი კალციფიცირდება.
- სანაღვლე სადინრების ანომალიები;
- ქრონიკული ანთება, თამბაქო და მძიმე მეტალების ზემოქმედება.
რა სიმპტომებით ვლინდება?
დაავადების პირველ ნიშნები ხშირად ისეთივეა, როგორც ნაღვლის კენჭების ან ბუშტის ანთების დროს. სწორედ ამიტომაც დიაგნოზი ხშირად დაგვიანებით ისმება. სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:
- ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა მხარეს;
- გულისრევა, ღებინება;
- სიყვითლე (ხანდახან);
- წონის კლება, მადის დაქვეითება;
- ზოგადი საერთო სისუსტე.
როგორ დგინდება დიაგნოზი?
პირველ რიგში ტარდება გამოსახულებითი კვლევები:
- ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია);
- კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);
- კონტრასტული მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (MRI);
- პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (Pet-CT)
- საჭიროების მიხედვით ბიოფსია.
როგორია მკურნალობა?
ნაღვლის ბუშტის კიბოს წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური მეთოდი ქირურგიული მკურნლობაა. ტაქტიკა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე:
- ადრეულ სტადიაზე (T1) ჩვეულებრივი ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) საკმარისია. (85–100% გამოჯანმრთელება).
- T2-T3 სიმსივნის დროს საჭიროა უფრო ფართო ოპერაცია, როცა ნაღვლის ბუშტთან ერთად ამოიკვეთება ღვიძლის წილი და რეგიონული ლიმფური კვანძები, მკურნალობა გრძელდება შემდგომი მედიკამენტოზური თერაპიით.
- შორსწასული შემთხვევების დროს ტარდება მხოლოდ პალიატიური მკურნალობა – სიმპტომების შემსუბუქება, სტენტირება, ტკივილის კონტროლი.
როგორია პროგნოზი?
თუ დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს და სრულფასოვანი ოპერაცია ჩატარდა, 5-წლიანი გადარჩენა 80–100%-ს აღწევს. თუმცა, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში დიაგნოზი გვიან ისმება და პროგნოზიც არასასიკეთოა – გვიან სტადიებზე გადარჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია (ხშირად <10%).
ნაღვლის ბუშტის კიბოსთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას. საეჭვო სიმპტომების იგნორირება ხშირად სერიოზულ საფრთხედ იქცევა. სწორედ ამიტომ, რეგულარული სამედიცინო შემოწმება და სპეციალისტთან დროული კონსულტაცია საუკეთესო გზაა დაავადების თავიდან ასაცილებლად
- ნახვები:46