რა არის უროლოგია? რომელია მისი მოსაზღვრე სპეციალობები, როგორია დიაგნოსტირება, მკურნალობა, როგორ ხდება ქირურგიული ჩარევა და რა სიმპტომების დროს მივმართავთ ექიმ უროლოგს ამ საინტერესო თემებზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი უროლოგი ბესო ხვედელიძე.
- რას მოიცავს უროლოგია?
უროლოგია არის კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საშარდე და სასქესო ორგანოების დაავადებებს, ასევე რეტროპერიტონეალური სივრცის დაავადებებს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. უროლოგია არის ქირურგიული დისციპლინა, ამიტომ ნეფროლოგიისაგან განსხვავებით მისი მკურნალობის მეთოდი არის ძირითადად ქირურგიული.
- რას ნიშნავს ამბულატორიული უროლოგია?
ამბულატორიული მიღება ბევრ რამეს მოიცავს, დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე. მაგალითად ამბულატორიულად მამაკაცი მოდის უროლოგთან თუ მას აღენიშნება: წვა შარდვის დროს, გაძნელებული მოშარდვა, სისხლიანი შარდი ან სისხლიანი გამონადენი, ნებისმიერი ჩირქოვანი თუ ლორწოვანი გამონადენის დროს, ტკივილი მოშარდვის დროს, ტკივილი შორისის არეში, ტკივილი ბოქვენის უკან, გახშირებული მოშარდვა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი.
- როგორია ასეთ დროს დიაგნოსტიკა?
სტანდარტული კვლევაა შარდის საერთო ანალიზი და ექოსკოპია.
მამაკაცებში განისაზღვრება პროსტატის ზომა, განსაკუთრებით ნარჩენი შარდი არის თუ არა, როგორია პროსტატის სტრუქტურა, შარდის ანალიზის მიხედვით თუ საჭირო გახდა კეთდება ბაქტერიოლოგიური კვლევა. ბაქტერიოლოგია შეიძლება იყოს როგორც შარდის, ასევე ცალკე სეკრეტის ან პროსტატის სეკრეტის, ასევე სპერმის.
ამბულატორიული უროლოგია ასევე მოიცავს დიაგნოსტიკურ ცისტოსკოპიას. ეს არის საშარდე სისტემის დათვალიერება (ნარკოზით ან უნარკოზოთ). ასევე ამბულატორიული უროლოგია მოიცავს ისეთ მანიპულაციას, როგორიცაა შარდსადენი მილის ბუჟირება, როდესაც არის შევიწროება შარდსადენი მილის და ხდება გაფართოება.
- რას მოიცავს ქირურგიული უროლოგია?
ქირურგიული უროლოგია არსებობს ურგენტული (სწრაფი) ჩარევა, მწვავე შარდის შეკავების დროს. ასეთ შემთხვევაში ხდება სასწრაფოდ კათეტერიზაცია ან თუ ვერ ხერხდება ტროაკალური ან ღია წესით, როდესაც შარდის ბუშტში ხდება კათეტერის ჩადგმა ქირურგიული წესით. კიდევ სასწრაფო უროლოგიურ ჩარევას საჭიროებს შარდსაწვეთის კენჭი, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს, ე.წ კენჭის გავლა ეს არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ტკივილი მედიცინაში. როდესაც დიაგნოსტირდება ეს პრობლემა და ვიცით, რომ არ არის სასიცოცხლო საფრთხე, აუცილებელია განტვირთვა. თუ პროცესი არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასეთ დროს საჭირო ხდება შარდსაწვეთის სტენტირება, რომელიც კეთდება, რათა განიტვირთოს თირკმელი და მოიხსნას მწვავე ტკივილი. კენჭი რჩება ადგილზე და დამშვიდების შემდეგ გეგმიური ქირურგიული ჩარევით ხდება მისი ამოღება.
- რა იწვევს ასეთ ტკივილს?
ტკივილს იწვევს კენჭის გადაადგილება და თირკმლის კაფსულის დაჭიმულობა.
არის კიდევ გამონაკლისი, იშვიათი შემთხვევები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, მაგალითად ბაშვთა უროლოგიაში გვხვდება მწვავე სათესლე პარკი, როდესაც არის ჩირქოვანი ან ანთებითი, ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ასევე სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა, ხშირია ბავშვთა ასაკში. თუ შემოგრეხა არ გაკეთდა პირველ 6 საათში, ჯირკვალი განიცდის ნეკროზს და საჭირო ხდება ორხექტომიის გაკეთება. ხშირად პაციენტები შედიან შეცდომაში რადგან, 6 საათის შემდეგ ტკივილი ქრება, ამ დროს კი იწყება ნეკროზი და ჯირკვალი ხდება ამოსაღები.
რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, ასეთი ჩარევა ხდება წინასწარ ჩატარებული ყველა კვლევის შემდეგ, რაც მოიცავს ანალიზებს, ექოსკოპიას, კომპიუტერულ ან მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, არა მარტო კონკრეტული ორგანოს არამედ მთელი ორგანიზმის შეფასებაა საჭირო გარკვეული დაავადებების დროს.
რაც შეეხება ოპერაციის სახეობას დღეს ჩვენს კლინიკაში კეთდება ყველა ტიპის უროლოგიური ქირურგიული ჩარევები. კეთდება არამარტო ონკოლოგიური ოპერაციები, არამედ პლასტიკური ოპერაციებიც, რომლების ძალიან იშვიათია არა მხოლოდ საქართველოში არამედ საზღვარგარეთაც. მაგალითად რთულ ოპერაციად ითვლება შარდსადენის მილის პლასტიკური ოპერაციები, ეს კეთდება როდესაც ვიყენებთ თვითონ შარდსადენი მილის ქსოვილს, ტუჩის ან ლოყის ლორწოვანს გადანერგვისთვის, ასეთი ოპერაციები კეთდება წარმატებულად და ყოველგვარი გართულების გარეშე.
რაც შეეხება ონკოლოგიურ ოპერაციებს, კეთდება ყველა ტიპის ონკოლოგიური ოპერაცია, ეს იქნება მაგალითად ასოს კიბო, შარდსადენი მილის სიმსივნე (როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში), შარდის ბუშტის სიმსივნე, როგორც რეზექცია ღია წესით ანუ ნაწილობრივი ცისტექტომია, ცისტოპროსტატექტომია, შარდის დერივაცია (ანუ შარდის გადაყვანა), ბრიკერის ოპერაცია ( ნაწლავის სეგმენტის დერევაცია ) ,ორთოტიპური შარდის დაბალი წნევის რეზერვუარების (ე.წ ხელოვნური შარდის ბუშტი). პაციენტს 2-3 თვე ჭირდება რომ შეეგუოს ახალი ტიპის მოშარდვას, რადგანაც ნაწლავის კედელი თვითონ არ იკუმშება, არა აქვს მოშარდვის შეგრძნება. თვითონ ოპერაცია არის ძალიან რთული. ცისტექტომია და ხელოვნური რეზერვუარი, დროის ხანგრძლივობით გრძელდება 6-7 საათი.
როგორც შარდის ბუშტის სიმსივნეზე, ისე პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიაზე, როცა მოშარდვის პრობლემები აქვს მამაკაცს, ასევე პროსტატის კიბოს დროს ვაკეთებთ ტრანსურეთრულ ჩარევას, ეს არიან პაციენტები, რომლებიც იტარებენ ჰორმონოთერაპიას და ენდოსკოპიური ჩარევა ხდება არა სამკურნალო მიზნით, არამედ სიმპტომური მიზნით, ჩვენ ამას რეკანალიზაციას ვეძახით, რათა პროსტატის კიბოს დროს აღვადგინოთ მოშარდვის აქტი, მაშინ როცა ონკო მარკერები არის ნორმის ფარგლებში.
რაც შეეხება თირკმლის სიმსივნის ოპერაციას, ვაკეთებთ ძირითადად ღია წესით, განსაკუთრებულად იმ შემთხვევაში თუ სიმსივნე არის დიდი ზომის. კეთდება ორგანოსშემნახველი ოპერაცია, რომელიც არის მოწოდებული 4 სმ-მდე სიმსივნის დროს, თუმცა აქაც არის გარკვეული ნიუანსები, სადაც შესაძლებელია 1 სმ-იანი სიმსივნის დროს გახდეს საჭირო თირკმლის ამოღება.
აღსანიშნავია იშვიათი ონკოლოგიური დაავადება, როგორიცაა თირკმლის მენჯის ან შარდსაწვეთის სიმსივნე, რომლის ოპერაციები ჩვენს კლინიკაში წარმატებით კეთდება.
- ნახვები:193