2025-11-07

ფილტვის კიბოს მედიკამენტური მკურნალობა

ფილტვის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას მსოფლიოში. მისი მაღალი სიკვდილიანობა დაკავშირებულია, როგორც გვიან დიაგნოსტირებასთან, ისე დაავადების აგრესიულ ბიოლოგიურ ბუნებასთან. ფილტვის კიბოს მკურნალობა განსხვავდება სიმსივნის ტიპისა და გავრცელების მიხედვით.

ფილტვის კიბო  ორ დიდ ჯგუფად კლასიფიცირედება: ფილტვის  წვრილუჯრედული  და  არაწვრილუჯრედული კიბო.

თანამედროვე ონკოლოგიური პრაქტიკა ეფუძნება მედიკამენტური თერაპიის მრავალმხრივი მიდგომის გამოყენებას, მათ შორის ქიმიოთერაპიას, სამიზნე (ტარგეტულ) თერაპიასა და იმუნოთერაპიას, რომლებიც ხშირად კომბინირებული რეჟიმით გამოიყენება. ასეთი სტრატეგია საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად შეირჩეს ოპტიმალური მკურნალობის სქემა, მაქსიმალურად გაზარდოს მკურნალობის ეფექტურობა და მინიმუმამდე დაიყვანოს სისტემური და ადგილობრივი ტოქსიურობა.

ფილტვის  კიბოს არაწვრილუჯრედული ფორმის მკურნალობა,  მოიცავს  ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას, სამიზნე(ტარგეტულ) თერაპიას  და სხივურ თერაპიას. შესაძლებელია ამ მეთოდების კომბინაციაში გამოყენებაც, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს პროგრესირების რისკი, გაიზარდოს რემიისის  ხანგრძლივობა და გაუმჯობესდეს  პაციენტის  ცხოვრების  ხარისხი.

 მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია სიმსივნის ჰისტოლოგიურ ტიპზე (არაწვრილუჯრედოვანი ან წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო), მოლეკულურ პროფილზე  და ბიომარკერებზე (EGFR, ALK, ROS1, KRAS, BRAF, MET, RET, NTRK მუტაციები და PD-L1 ექსპრესია), პაციენტის   თანხმლებ დაავადებებსა და ზოგად მდგომარეობაზე.

ფილტვის კიბოს წვრილუჯრედული ფორმის მკურნალობა ძირითადად მოიცავს ქიმიოთერაპიას და/ან იმუნოთერაპიას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კომბინირდეს რადიოთერაპიასთან. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე , პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და თანმხლებ დაავადებებზე.

1. ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია წარმოადგენს ფილტვის კიბოს მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებულ და დღემდე მნიშვნელოვან თერაპიულ მეთოდს. იგი ეფუძნება ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც თრგუნავს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას, აჩერებს მათ გავრცელებას და ხელს უწყობს აპოპტოზის პროცესის გააქტიურებას. ქიმიოთერაპია ეფექტურია როგორც არაწვრილუჯრედული ფილტვის კიბოს (NSCLC), ასევე წვრილუჯრედული ფილტვის კიბოს (SCLC) შემთხვევაში.

ქიმიოთერაპია ხშირად ინიშნება როგორც ნეოადიუვანტური თერაპია — ოპერაციამდე სიმსივნის ზომის შესამცირებლად, რეზექციის გაზრდილი შანსისთვის და მიკრომეტასტაზების კონტროლის მიზნით; ასევე ადიუვანტური თერაპიის სახით — ოპერაციის შემდეგ, რათა შემცირდეს დაავადების რეციდივის რისკი და გაიზარდოს დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებელი.

ქიმიოთერაპიული მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს კომბინირებულად სხივურ თერაპიასთან (ქიმიო-რადიოთერაპია), რაც განსაკუთრებით ეფექტურია ლოკალურად გავრცელებული NSCLC-ის დროს, როდესაც ოპერაციული ჩარევა შეზღუდულია.

ქიმიოთერაპია გამოიყენება დაავადების  გავრცელებული (IV სტადია)   ფორმის  დროს  პალიატიური მიზნებით — სიმპტომების კონტროლისთვის , პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად.

2. სამიზნე (ტარგეტული) თერაპია

მოლეკულური დიაგნოსტიკის სწრაფმა განვითარებამ, ფილტვის კიბოს თანამედროვე მართვაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. სიმსივნური ქსოვილის მოლეკულურ-გენეტიკური პროფილის დეტალური შესწავლა (NGS–ტესტირება, PCR–ანალიზი, FISH–გამოკვლევა)შესაძლებელს ხდის, მუტაციების აღმოჩენის შემდეგ, შესაბამისი სამიზნე თერაპიის შერჩევას, რომელიც ზუსტად მოქმედებს იმ სასიგნალო გზებზე, რომლებიც პათოლოგიურად არის გააქტიურებული სიმსივნურ უჯრედებში.

სამიზნე მედიკამენტები (თიროზინკინაზას ინჰიბიტორები, EGFR, ALK/ROS1 ინჰიბიტორები, MET, RET, BRAF, HER  ან სხვა სპეციფიკური ბლოკატორები) ახდენენ უჯრედშიდა  სასიგნალო  გზების ინჰიბირებას, რაც იწვევს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციის შეჩერებას, მეტაბოლური ფუნქციების დარღვევას და საბოლოოდ — აპოპტოზს. ამ მიდგომის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თერაპია უმეტესად მოქმედებს მხოლოდ კიბოს უჯრედებზე, მინიმალური ზიანის მიყენებით ჯანმრთელი ქსოვილისთვის, რის შედეგადაც მკურნალობა  უფრო  ეფექტურია  და გვერდითი მოვლენები შედარებით მსუბუქია.

3. იმუნოთერაპია

იმუნოთერაპია წარმოადგენს სისტემურ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის იმუნური სისტემის მოდულაციასა და გაძლიერებას. იმუნოთერაპიის პრეპარატები — განსაკუთრებით

PD-1/PD-L1 ინჰიბიტორები  ზრდის T-ლიმფოციტების ეფექტურობას და აღადგენს ანტიციტოტოქსიკურ პასუხს სიმსივნურ უჯრედებზე. შედეგად, იმუნური სისტემა განმეორებით იძენს უნარს ამოიცნოს და წერტილოვნად გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები.

იმუნოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ PD-L1-ის მაღალი ექსპრესია (TPS ≥ 50%).

კლინიკურ პრაქტიკაში ის გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, რაც ზრდის მკურნალობის საერთო ეფექტიანობას, განსაკუთრებით გავრცელებული არაწვრილუჯრედული ფილტვის კიბოს დროს.

4. კომბინირებული და ინდივიდუალიზებული მკურნალობა

ფილტვის კიბოს მედიკამენტური თერაპია მუდმივად განვითარებადი და კომპლექსური სფეროა,რომელიც ეფუძნება პერსონალიზებული მედიცინის კონცეფციას. მოლეკულურ-გენეტიკური პროფილირება და შესაბამისი ბიომარკერების იდენტიფიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტარგეტული და იმუნოთერაპიული პრეპარატების ოპტიმალურ შერჩევაში, რაც პაციენტთა ზოგად გადარჩენადობასა და სიცოცხლის ხარისხს არსებითად აუმჯობესებს.

  • ნახვები:749

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები