2025-07-14

საშარდე გზების ექოსკოპია

საშარდე გზების ექოსკოპია გამოიყენება თირკმელების, შარდის ბუშტისა და მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის სტრუქტურული მდგომარეობის შესაფასებლად. ეს არაინვაზიური, უსაფრთხო და უმტკივნეულო კვლევა საშუალებას აძლევს ექიმებს, დროულად გამოავლინონ საშარდე სისტემის პათოლოგიები და დასვან ზუსტი დიაგნოზი. ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის რადიოლოგი  - თენგიზ ორჯონიკიძე.

   როდის ინიშნება საშარდე გზების ექოსკოპია?

 კვლევა ინიშნება, როცა პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • ხშირი და მტკივნეული შარდვა,
  • სისხლი შარდში,
  • წელის ტკივილი,
  • შარდის შეკავება ან წვეთ წვეთობით გამოყოფა,
  • გაურკვეველი წარმოშობის მაღალი სიცხე,
  • საშარდე გზების ინფექციების განმეორებადი შემთხვევები.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტიკაში წამყვანი მნიშვნელობა შარდის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს აქვს — იგი ადგენს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას და ეხმარება ექიმს სწორი მკურნალობის შერჩევაში, ხოლო ექოსკოპია მხოლოდ დამატებით გამოკვლევად რჩება.

  რა ორგანოების დათვალიერებაა შესაძლებელი?

 საშარდე გზების ექოსკოპიური კვლევის შედეგად  მოწმდება:

  • თირკმელები (ორივე მხარეს),
  • შარდის ბუშტი,
  • წინამდებარე ჯირკვალი — მხოლოდ მამაკაცებში,
  • ასევე იკვლევენ ნარჩენი შარდის რაოდენობას შარდის ბუშტში მოშარდვის შემდეგ.

 ქალებში მოწმდება თირკმელები, შარდის ბუშტი და საჭიროების შემთხვევაში — ნარჩენი შარდის მოცულობა.

   საჭიროებს თუ არა კვლევა მომზადებას?

 

ზოგიერთ შემთხვევაში დეტალური შეფასებისთვის კვლევამდე პაციენტს სთხოვენ შარდის ბუშტის შევსებას, რისთვისაც საჭიროა გარკვეული დროით არ მოშარდოს ან მიიღოს სითხე. სხვა დამატებითი მომზადება, როგორც წესი, საჭირო არ არის, თუმცა ჭარბწონიანი პაციენტებისთვის ზოგჯერ საჭიროა კუჭნაწლავის წინასწარი გაწმენდა და ექიმის რეკომენდებული დაცვა. 

 რამდენად სანდოა კვლევა?

 ექოსკოპია განსაკუთრებით ეფექტურია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანატომიური სტრუქტურის შესაფასებლად. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში — მაგალითად, ინფექციების, მცირე კენჭების ან ადრეული სტადიის სიმსივნური ცვლილებების დასადგენად — შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები, როგორებიცაა:

  • შარდის საერთო და ბაქტერიული ანალიზი,
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT),
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI),
  • უროლოგის ან ნეფროლოგის კონსულტაცია.

   რომელი პათოლოგიების გამოვლენაა შესაძლებელი?

 საშარდე გზების ექოსკოპიით შესაძლებელია გამოვლინდეს:

  • თირკმლის კენჭები (შარდკენჭოვანი დაავადება),
  • ჰიდრონეფროზი (შარდის შეკავების ფონზე თირკმლის მკვეთრი გადიდება)
  • კისტები და სიმსივნური წარმონაქმნები,
  • შარდის ბუშტის კედლის გასქელება ან ნარჩენი შარდის დარჩენა,
  • წინამდებარე ჯირკვლის გადიდება ან სხვა პათოლოგიები მამაკაცებში.

 

კენჭების დიაგნოსტირებისას ექოსკოპია სანდო მეთოდია, თუმცა მცირე ზომის კენჭების არსებობის შემთხვევაში, ასევე კენჭის ჩაჯედგვისას შარდსაწვეთის შუა ნაწილში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი რადიოლოგიური კვლევა (მაგ. რენტგენოლოგიური უროგრაფია ან CT).

  როგორ ტარდება კვლევა და რამდენად უსაფრთხოა?

 საშარდე გზების ექოსკოპია გრძელდება საშუალოდ 10–20 წუთი.

მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობაში, გელით დაფარულ მუცლის მიდამოზე. კვლევა სრულიად უსაფრთხოა — არ იყენებს რადიაციას და შეიძლება მრავალჯერადადაც ჩატარდეს, საჭიროებისამებრ.

 შესაბამისად, შესაძლებელია მისი ჩატარება ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვებში და ორსულებში.

 ვისთვის არის რეკომენდებული პროფილაქტიკურად?

 ექოსკოპიური კვლევა პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია:

  • პირებისთვის, რომელთაც ხშირად უვითარდებათ შარდსასხლავი  გზების ინფექციები,
  • შარდკენჭოვანი დაავადების მქონე ან რისკჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის,
  • დიაბეტის ან ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის (თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის მიზნით),
  • საშუალო და უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის (წინამდებარე ჯირკვლის შესაფასებლად).

  გამოიყენება თუ არა ფერადი დოპლერი?

 

დიახ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაკეთდეს დოპლეროგრაფია — ფერადი დოპლერის რეჟიმი, რომელიც იძლევა სისხლის ნაკადების შეფასების საშუალებას თირკმლის ქსოვილში.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვასკულარული პათოლოგიების ან თირკმლის გართულებული ანთებითი პროცესების შემთხვევაში.

  საშარდე გზების ექოსკოპია სანდო, სწრაფი და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საწყისი შეფასებისთვის, ისე მიმდინარე პროცესების მონიტორინგისთვის. დროული გამოკვლევა ხშირად გვეხმარება გართულებების თავიდან აცილებასა და ადრეულ დიაგნოსტიკაში.

  • ნახვები:180

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები