სარძევე ჯირკვლის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას მსოფლიოში და ქალებში იგი უკონკურენტოდ პირველ ადგილზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მილიონობით ახალ შემთხვევას აღრიცხავენ, კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ჯერაც შორსწასულ სტადიაზე დიაგნოსტირდება.
ყოველივე ეს აუცილებელს ხდის პრევენციულ ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას. მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნის ყველა შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელია, შესაძლებელია რისკის შემცირება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დროული სამედიცინო ჩარევის გზით.
ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს:
სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკ-ფაქტორები შეიძლება დაიყოს არამოდიფიცირებად და მოდიფიცირებად კატეგორიებად.
არამოდიფიცირებად ფაქტორებში შედის:
– ასაკი (რისკი ასაკთან ერთად მატულობს);
– გენეტიკური მუტაციები;
– ოჯახური დატვირთული ანამნეზი (სიმსივნის შემთხვევები პირველი და მეორე რიგის ნათესავებში);
– პირადი სამედიცინო (ონკოლოგიური) ისტორია.
მოდიფიცირებად ფაქტორებად კი მოიაზრება:
– არაჯანსაღი ცხოვრების წესი;
- ალკოჰოლი და თამბაქო
– ხანგრძლივი ჰორმონული თერაპია;
– დაბალი ფიზიკური აქტივობა და სიმსუქნე.
პრევენციის გზები:
პრევენციული ღონისძიებები მოიცავს ცხოვრების წესის ცვლილებასა და სამედიცინო მეთვალყურეობას.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია:
- ჯანსაღი ცხოვრების წესი
დაბალანსებული კვების რაციონი, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულითა და ბოჭკოვანი პროდუქტებით, ასევე ზომიერი ფიზიკური აქტივობა (ყოველდღიური მინიმუმ 60 წუთი საშუალო ინტენსივობის ვარჯიში), ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის შემცირებას.
- ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა და თამბაქოზე უარის თქმა
კვლევების მიხედვით, ალკოჰოლი და თამბაქო პირდაპირ კავშირშია სიმსივნის განვითარების გაზრდილ რისკთან (American Cancer Society, 2023).
- წონის კონტროლი
პოსტმენოპაუზურ ასაკში ჭარბი წონა და სიმსუქნე სერიოზულ რისკ ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია სხეულის მასის ინდექსის (BMI) ნორმის ფარგლებში შენარჩუნება.
- თვითგასინჯვა და სკრინინგი
ძუძუს თვითგასინჯვა საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტია ძუძუს დაავადებების დროულად გამოსავლენად, ამით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ კიბოს განვითარება ან დროულად გამოავლინოთ იგი. მამოგრაფიული სკრინინგი საშუალებას იძლევა, ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოთ სიმსივნე, რაც წარმატებული მკურნალობის (განკურნების) შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
ექიმები ურჩევენ ქალებს, თვეში ერთხელ მოახდინონ სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა. შესაბამისი ასაკის დადგომისთანავე კი ჩაერთონ სკრინინგის პროგრამაში და რეგულარულად ჩაიტარონ კვლევები.
- ჰორმონული თერაპიის ფრთხილი გამოყენება
ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპია შესაძლოა ზრდიდეს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად და მისი მეთვალყურეობით.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ქალების ის კატეგორია, რომლებშიც არის ზემოთჩამოთვლილი რისკის ფაქტორებიდან რამოდენიმეს ზედდება.
სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის შემცირება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით, მავნე ჩვევების თავიდან აცილებითა და რეგულარული პროფილაქტიკური სამედიცინო კონტროლით. ამისთვის კი აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაცია საზოგადოებაში. ცხოვრების ჯანსაღი წესი და ადრეული დიაგნოსტიკა ყველაზე ეფექტური იარაღია ამ სერიოზული დაავადების წინააღმდეგ.
P.S. სტატიის მომზადებისთვის გამოყენებულია უცხოენოვანი მასალა, რომელიც თარგმნილია და ადაპტირებულია ქართული მკითხველისთვის.
- ნახვები:50