გაინტერესებთ რა სიმპტომებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბო, როგორია დიაგნოსტირება, მკურნალობა და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებაზე? ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი, ონკოგინეკოლოგი - ციცი მესხი.
საშვილოსნოს ყელის კიბო, ახლად აღმოჩენილ, ქალთა ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის მე-3 ადგილზეა, აქედან 85% მოდის განვითარებად ქვეყნებზე, ხოლო ქალთა ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით მე-4 ადგილზე.
განასხვავებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორ ძირითად ტიპს: ბრტყელუჯრედოვან კიბოს და ადენოკარცინომას. შემთხვევათა 80-90 % -ში საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები წარმოდგენილია ბრტყელუჯრედოვანი კიბოთი. დარჩენილი 10-20 % -ს ადენოკარცინომა და სხვა ტიპის სიმსივნე შეადგენს.
- რა ასაკში გვხვდება საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე ხშირად?
- საშვილოსნოს ყელის კიბო არის ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალთა დაავადება და მისი გამომწვევი არის პაპილომა ვირუსის მაღალი ონკო რისკის შტამები (16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68). ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 შტამი.
დაავადების გავრცელება ძირითადად სქესობრივი გზით ხდება.
- რა რისკფაქტორები განაპირობებს დაავადების განვითარებას?
- დაავადების განვითარების ძირითადი რისკფაქტორებია:
1) ახალგაზრდა ასაკი;
2) მრავალი სქესობრივი პარტნიორი;
3) სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყება;
4) მწეველობა;
5) ორალური კონტრაცეპტივები
6) გენიტალური ინფექციები;
7) დაბალი იმუნოკომპეტენციის ზღვარი;
8) წინადაცვეთის არარსებობა პარტნიორში
- რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
საშვილოსნოს ყელის კიბოს ახასიათებს ადრეული და გვიანი სიმპტომები.
ადრეულ სიმპტომებს მიეკუთვნება:
· ვაგინალური (საშოდან) გამონადენი;
· აციკლური სისხლდენა;
· პოსტკოიტალური სისხლდენა;
· მენსტრუალური ფუნქციის მოშლა;
· სისხლდენა მენოპაუზის დროს.
გვიანი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
· ტკივილი მენჯისა და ზურგის არეში;
· წონის კლება;
· შარდის და განავლის შეუკავებლობა (ფისტულის ჩამოყალიბება);
თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დაავადებას ხშირად სიმპტომები არ გააჩნია!!
- როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება?
დაავადების დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის ვაგინალური (მაკროსკოპული თუ მიკროსკოპული) დათვალიერებით, ვულვის, საშოს და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შეფასებით. დაზიანებული უბნიდან (კოლპოსკოპიის კონტროლის ქვეშ) ხდება მასალის აღება ციტოლოგიური და მორფოლოგიური კვლევისთვის. დაავადების ვერიფიცირების შემდეგ აუცილებელია მცირე მენჯის, მუცლის ღრუს და გულმკერდის ღრუს სრულყოფილი რადიოლოგიური კვლევა, დაავადების გავრცელების დადგენის და შემდგომი მკურნალობის ადეკვატური ტაქტიკის შერჩევის მიზნით. ამავე დროს ვიკვლევთ SCC-ს (ბრტყელუჯრედულ მარკერს) დაავადების დინამიკაში კონტროლისათვის.
- რა სახის მკურნალობის მეთოდები არსებობს დღეს?
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის ტიპი დამოკიდებულია დაავადების განვითარების სტადიაზე. ადრეულ სტადიაზე იგი ძირითადად ქირურგიულია და მისი მიზანია:
· ეფექტური მკურნალობა, თუ დაავადება ლოკალიზებულია;
· სიმსივნური ქსოვილების ამოკვეთა საღი ქსოვილების ფარგლებში;
· მადრენირებელი ლიმფური კვანძების
ხოლო მოგვიანებით სტადიებზე ძირითადად გამოიყენება ქიმია და სხივური თერაპია.
ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ქიმია და სხივური თერაპიის ჩვენებაა:
· პოზიტიური ლიმფური კვანძები;
· საწყისი სიმსივნის ზომა > 4 სმ-ზე;
· ღრმა სტრომალური ინვაზია;
· ლიმფო-ვასკულარული ინვაზია;
· პარამეტრიუმის დაზიანება;
· დაბალდიფერენცირებული ჰისტოლოგიური ტიპი;
· ახლოს საშო/პარამეტრიალური კიდე.
საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედული კიბოს პირველ-ბ და მეორე-ა სტადიაზე შესაძლებელია საკვერცხეების შენარჩუნება.
ადენოკარცინომის დროს ეს არ შეიძლება.
მკურნალობის ორივე მეთოდს (ქირურგიული და ქიმია და სხივური ) აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურად დაავადების განვითარების სტადიის, მორფოლოგიური ტიპის, პაციენტის ასაკის და სომატური მდგომარეობის გათვალიწინებით
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში უმნიშვნელოვანესი საკითხებია:
· სოციალურ-ეკონომიკური განვითარება;
· ქალთა უფლებების დაცვა და ცნობიერების ამაღლება;
· HPV ვაქცინაცია;
· სკრინინგი;
· ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
HPV ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის ეფექტური საშუალებაა. ვაქცინირებულთა თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი.
არსებობს ბივალენტური და კვადრივალენტური ვაქცინები, ხოლო პრევენციის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს სკრინინგი წარმოადგენს.
არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რამდენიმე მეთოდი:
· ცერვიკალურ ციტოლოგიური - პაპ. ტესტზე დაყრდნობით;
· ვიზუალურ დათვალიერებაზე ძმარმჟავათი და ლუგოლით
· HPV ტესტირებაზე.
HPV ტესტი უფრო მგრძნობიარეა ვიდრე ციტოლოგია და ვიზუალიზაცია.
საქართველოში, დაახლოებით ბოლო 20 წელია, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით ფუნქციობს სახელმწიფო პროგრამა ცერვიკალურ ციტოლოგიაზე-პაპ. ტესტზე დაყრდნობით,ამჟამად უკვე HPV-გენოტიპირტებით
პაპ. ტესტი ანუ პაპანიკოლაუ ტესტი, მნიშვნელოვანი სკრინინგული კვლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ტესტმა სახელწოდება მისი აღმომჩენის, ბერძენი ექიმის გეორგიოს პაპანიკოლაუს მიხედვით მიიღო. იგი მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია,საშუალებას გვაძლევს ადრეულად აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა ან კიბო, რაც თავის მხრივ საწინდარია სწორი და დროული მკურნალობის და დაავადების პროგრესირების შეფერხების.
პირველი სქესობრივი კონტაქტიდან პაპილომა ვირუსით დაინფიცირებულთა 80% თვითონ თავისუფლდება ვირუსისგან, ხოლო 20 %-ზე ნაკლებში ვითარდება პერსისტირებული ინფექცია ანუ დადებითი პაპ ტესტი სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ. პერსისტირებული ინფექციიდან შეიძლება განვითარდეს პროდუქციული ინფექცია-ბრტყელუჯრედული.ინტრაეპითელური დაზიანებაLSIL-CIN(I). ეს დაზიანებაც ახალგაზრდა ქალების 80%-ში შეიძლება უკუგანვითარდეს და იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით 30 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, შეიძლება განვითარდეს მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება-კიბოსწინარე დაავადებაHSIL- თუ ეს დაზიანება არ იქნა ნამკურნალები 5-10 წლის მანძილზე, მაშინ შესაძლებელია დაავადების პროგრესირება.ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება მკურნალობის გარეშეც უკუგანვითარდეს.
ინფექცია არ ნიშნავს დაზიანებას!!!
HPV E6 და E7 გენების ექსპრესიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კიბოსწინარე დაავადების ჩამოყალიბებაში,ამის იდენტიფიცირებაში გვეხმარება ბიოლოგიური მარკერები. კერძოდ:
· P16 ყველაზე ინფორმაციული კიბოსწინარე დაზიანების მარკერი;
· KI 67;
· Pro Exc.
- ნახვები:416