რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
რა არის ინტრადუქტული პაპილომა? რა სიმპტომებით ვლინდება, როგორია მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა. რამდენად საშიში და საყურადღებოა და რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოქირურგი მარია სიმონოვა.
- რა არის ინტრადუქტული პაპილომა?
ინტრადუქტული-სადინარშიდა პაპილომა არის ძუძუს კეთილთვისებიანი პათოლოგია, როდესაც სიმსივნური პროცესი ვითარდება სარძევე ჯირკვლის სადინრების სანათურში. სხვა კეთილთვისებიანი დაავადებებისგან განსხვავდება იმით, რომ ის მიეკუთვნება კიბოსწინარე დაავადებას და განსაკუთრებით საყურადღებოა.
- რა სიმპტომებით ვლინდება?
პაციენტების ძირითადი ჩივილია სისხლიანი გამონადენის არსებობა დვრილიდან. მოგეხსენებათ რომ გამონადენი (მოთეთრო, მოყვითალო, მომწვანო და ა.შ) შეიძლება იყოს ძუძუს სხვა დაავადებების ან ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული მდგომარეობების დროსაც. თუმცა, აქ ყურადღებას იქცევს სწორედ სისხლიანი გამონადენის არსებობა, თუნდაც რამოდენიმე ეპიზოდის. შეიძლება იყოს ასევე დისკომფორტი, ტკივილი სარძევე ჯირკვალში, იშვიათად-სიმსივნური უბანი პალპაციით. ძირითადი სიმპტომი, ცალსახად სისხლიანი გამონადენის არსებობაა.
- როგორია დიაგნოსტირება?
ზემოთხსენებული ჩივილი უკვე აძლევს ექიმს საშუალებას ეჭვი მიიტანოს ამ კონკრეტულ დაავადებაზე. დიაგნოსტიკა სტანდარტულია: პაციენტის ფიზიკალური გასინჯვა, ძუძუს ულტრაბგერითი კვლევა, ძუძუს MRI, გამონადენის ციტოლოგიური კვლევა.
- როგორია მკურნალობა?
მკურნალობის მეთოდი არის მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული.
- რას გულისხმობს ქირურგიული მკურნალობა?
ქირურგიული ჩარევის მასშტაბი სექტორულ რეზექციას ან ლამპექტომიას არ სცდება, რაც გულისხმობს, მცირე ჩარევით, სარძევე ჯირკვლიდან დაზიანებული ქსოვილის ამოკვეთას. ოპერაცია კეთდება ინტრავენური, ხანმოკლე ანესთეზიით, კოსმეტიკური განაკვეთით. მსგავსი ქირურგიული ჩარევები არ მოითხოვს ხანგრძლივ რეაბილიტაციასა და დაყოვნებას სტაციონარში.
- როგორია ოპერაციის ხანგრძლივობა?
როგორც წესი, არ აღემატება ნახევარ საათს. პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღეს ეწერება ბინაზე და უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების წესს.
- რა ასაკის ქალბატონებთან აღინიშნება ეს დიაგნოზი ყველაზე ხშირად?
ძირითადად 40 წლიდან.
- არსებობს თუ არა მაპროვოცირებელი ფაქტორები?
კონკრეტული მაპროვოცირებელი ფაქტორები ამ დაავადებას არ აქვს. როგორც ძუძუს სხვა ნებისმიერი პათოლოგიის დროს რისკ-ფაქტორებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჰორმონალური დისბალანსი, ჭარბი წონა, ქრონიკული სტრესი და ა. შ.
- უყურადღებობის და დაგვიანების შემთხვევაში რამდენად საშიშია ეს დიაგნოზი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტრადუქტული პაპილომა ითვლება კიბოსწინარე დაავადებად. პოტენციურად, ეს პათოლოგია შეიძლება ჩავთვალოთ ძუძუს ავთვისებიანი ( ხშირად არაინვაზიური სიმსივნის- carcinoma in situ-ს) წინაპირობად. განსხვავებით სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეებისგან ( ფიბროადენომა, კისტა, პამარტომა და ა. შ),რომელთა გადაგვარება ავთვისებიან სიმსივნეში კაზუისტიკაა. ამიტომ, ქალბატონებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა. გისურვებთ ჯანმრთელობას!
- ნახვები:224