2026-08-03

ზედა საშარდე გზების კიბო: ინტერვიუ უროლოგ ლადო ბათლიძესთან

ზედა საშარდე გზების კიბო მოიცავს თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ავთვისებიან სიმსივნეებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პათოლოგია შედარებით იშვიათია, მისი დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაავადების პროგნოზზე. დაავადების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ვესაუბრეთ ონკო-უროლოგ ლადო ბათლიძეს.

 

ბატონო ლადო, რას გულისხმობს ზედა საშარდე გზების კიბო?

ზედა საშარდე გზების კიბო აერთიანებს თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ავთვისებიან სიმსივნეებს. შემთხვევათა უმეტესობაში ეს არის უროთელური კარცინომა, რომელიც ვითარდება იმ უჯრედებიდან, რომლებიც ფარავს შარდგამომყოფ გზებს. დაავადება შედარებით იშვიათია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მისი პოტენციური აგრესიულობის გამო.

 

რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს დაავადება?

ყველაზე ხშირი სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა, რომელიც შესაძლოა ხილული იყოს ან მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით გამოვლინდეს. ასევე შესაძლებელია წელის არეში ტკივილი, შარდის გადინების დარღვევა.  იშვიათ შემთხვევებში, ზოგადი სისუსტე ან წონის კლება. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის შემთხვევაში პაციენტმა დროულად მიმართოს სპეციალისტს.

 

რა ფაქტორები ზრდის დაავადების განვითარების რისკს?

ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია თამბაქოს მოხმარება. ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, პროფესიული რისკები, ქრონიკული ანთებითი პროცესები და ზოგიერთ შემთხვევაში გენეტიკური წინასწარგანწყობა. რისკფაქტორების ცოდნა ხელს უწყობს როგორც პრევენციას, ისე ადრეულ გამოვლენას.

 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის კლინიკურ შეფასებას, ლაბორატორიულ და გამოსახულებით კვლევებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტირებით. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ურეთეროსკოპია, რომელიც საშუალებას გვაძლევს უშუალოდ დავათვალიეროთ წარმონაქმნი და ავიღოთ ქსოვილის ნიმუში ჰისტოლოგიური კვლევისთვის.

 

როგორია მკურნალობის თანამედროვე მიდგომები?

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, სტადიასა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. მაღალი რისკის შემთხვევებში სტანდარტულ მეთოდად მიიჩნევა თირკმლისა და შარდსაწვეთის ქირურგიული მოცილება. დაბალი რისკის სიმსივნეების დროს შესაძლებელია ორგანოშემანარჩუნებელი, ენდოსკოპიური მიდგომების გამოყენებაც. კონკრეტული გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება თითოეული პაციენტისთვის.

 

რას ურჩევდით მოსახლეობას?

მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება. განსაკუთრებით პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს შარდში სისხლის არსებობის შემთხვევაში, რადგან ეს სიმპტომი ყოველთვის საჭიროებს საფუძვლიან შეფასებას. ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის შედეგების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

  • ნახვები:12

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები