აღდგენით-რეკონსტრუქციულ ქირურგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს მეთოდი მიზნად ისახავს სხეულის ფორმისა და ფუნქციის აღდგენას სიმსივნეების, ტრავმების, თანდაყოლილი დეფექტების და სხვა სახის პათოლოგიების შედეგად გამოწვეული დეფორმაციის შემთხვევაში. ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოქირურგი, მამოლოგი, მედიცინის დოქტორი - დინა ნემსაძე.
აღდგენით-რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია ბოლო ათი წლის განმავლობაში აქტიურად გახდა თანმდევი ნაწილი ონკოქირურგიის, ის ყველაზე ხშირად გამოიყენება მამოლოგიურ პრაქტიკაში. მიუხედავად სხვადასხვა დაავადებების არსებობისა ქალს ყოველთვის სურს დარჩეს ქალად და გამოიყურებოდეს მომხიბვლელად, სწორედ ამიტომ დადგა საჭიროება იმისა, რომ ამ დარგში აქტიურად შემოსულიყო პლასტიკური და აღდგენით - რეკონსტრუქციული ქირურგია. ჩვენს კლინიკაში პაციენტს აქვს შესაძლებლობა გაიკეთოს ნებისმიერი ტიპის სარძევე ჯირკვლის პლასტიკური თუ აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაცია.
- როგორ ხდება ამ ოპერაციის დაგეგმვა და რა ეტაპებს გადის პაციენტი?
რაც შეეხება სტანდარტულ პლასტიკურ ქირურგიას, როცა არ არის კონკრეტული დაავადება, ეს ბევრად უფრო მარტივია. ძირითადად ორი ტიპის ოპერაცია ტარდება: ესაა სარძევე ჯირკვლის გადიდება ან დაპატარავება. ასეთი ტიპის ოპერაცია ტარდება ასევე ონკოლოგიურ პაციენტებში, როდესაც გვაქვს შემთხვევები, სადაც საჭიროა და გარდაუვალი ხდება ძუძუს მოკვეთა, ასეთ დროს ჩვენ მას ვთავაზობთ აღდგენით-რეკონსტრუქციულ ოპერაციას, როგორც ერთ მომენტად ისე გადავადებულად.
- აქვს თუ არა ოპერაციის პერიოდულობას და დროს მნიშვნელობა, თუ რა დროა გასული სარძევე ჯირკვლის მოკვეთიდან?
ამ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუნდაც ოცი და მეტი წელი იყოს გასული სარძევე ჯირკვლის მოკვეთიდან.
- როგორია აღდგენითი-რეკონსტრუქციული მეთოდიკა?
ძირითადად ვიყენებთ ხელოვნური ტიპის იმპლანტებს. როდესაც აღდგენაზეა საუბარი ეს ოპერაცია არ არის ერთჯერადი, რამდენიმე ეტაპია საჭირო საბოლოო შედეგამდე, თუმცა მოკვეთასთან ერთად პირველი ეტაპის დასრულება იქვეა შესაძლებელი, მაგრამ შემდგომ გადავადებულად საჭიროებს მეორე ეტაპს, სადაც ხდება დასრულება მუდმივი იმპლანტით.
- რას მოიცავს ძუძუს კიბოს აღდგენითი (რეკონსტრუქციული) ოპერაციის ეტაპები?
პირველ ეტაპზე ვიყენებთ ხელოვნურ, დროებითი ტიპის იმპლანტს, რომელსაც ექსპანდერს ვეძახით, ხოლო 4-6 თვემდე ხდება ექსპანდერის ჩანაცვლება მუდმივი იმპლანტით რაც მეორე ეტაპს წარმოადგენს.
არსებობს ასევე კუნთოვან-ქსოვილოვანი ნაფლეთებით გადანერგვის სპეციალური მეთოდი, რომელიც უფრო რთულ ოპერაციას წარმოადგენს და საკმაოდ წარმატებულად კეთდება ჩვენს კლინიკაში.
- გაქვთ თუ არა მომართვიანობა განმეორებითი , პლასტიკური ქირურგიის გართულების შემთხვევაში, როდესაც პირველადი ოპერაცია თქვენთან არ ჩატარებულა?
ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ ძალიან ხშირია, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ გაკეთებული წარუმატებელი ოპერაციის შემდგომ მოსული პაციენტებისა. ამ დროს ვიყენებთ კუნთოვან-ქსოვილოვანი გადანერგვის მეთოდს, რათა დავფაროთ ვიზუალური დეფექტი.
- რამდენად კარგად მუშაობს ორივე მეთოდი პაციენტის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე?
პაციენტის ფსიქოლოგიურ განწყობისთვის ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს, როცა საქმე გვაქვს ონკოლოგიურ პაციენტთან, იმდენად ზუსტად იგეგმება პროცესი, რომ პაციენტი მშვიდად შედის ოპერაციაზე რადგანაც კარგი მოლოდინები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავუტარეთ კიბოს საწინააღმდეგო ქირურგიული მკურნალობა, ის ესთეტიურად ლამაზი და ფსიქოლოგიურად მშვიდი და თავდაჯერებული გამოდის ,ეს კი საგრძნობლად აუმჯობესებს შორეულ შედეგებსაც.
- ნახვები:2875