2025-11-05

თორაკალური ქირურგიის მნიშვნელობა და თანამედროვე ტენდენციები

ინტერვიუ პროფესორ ლადო კუჭავასთან – თორაკალური ქირურგიის მნიშვნელობა და თანამედროვე ტენდენციები

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრის პროფესორი, ონკოქირურგი ბატონი ლადო კუჭავა გვესაუბრება თორაკალური ქირურგიის შესახებ, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საინტერესო დარგად ითვლება.

– რას მოიცავს თორაკალური ქირურგია და რა არის მისი ძირითადი მიმართულებები?

თორაკალური ქირურგია გულისხმობს გულ-მკერდის ღრუს ორგანოებზე ქირურგიულ ჩარევას. ეს დარგი მრავალწლიანი განვითარების გზას მოიცავს და მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა.პირველი წარმატებული ოპერაცია თორაკალური ქირურგიის ისტორიაში 1933 წელს  ფილტვის კიბოს გამო ჩატარდა. დღეს თორაკალური ქირურგია მედიცინის ერთ-ერთ ურთულეს მიმართულებად მიიჩნევა. საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, რომელიც პროფესიულ რისკებს ეხებოდა, ყველაზე სარისკო პროფესიად არქიტექტორები დასახელდნენ, ხოლო მეორე ადგილს თორაკალური ქირურგები და სატესტო მფრინავები ინაწილებენ.

– რომელი პაციენტები ხვდებიან თორაკალურ ქირურგთან?

თორაკალური ქირურგის პაციენტები არიან ის ადამიანები, რომლებსაც გულ-მკერდის ღრუს ორგანოების პათოლოგიები აქვთ — მაგალითად, ფილტვის, საყლაპავის ან შუა საყარის დაავადებები.

– რამდენად გავრცელებულია საქართველოში ისეთი დაავადებები, რომლებიც თორაკალურ ჩარევას საჭიროებს და რომელი პათოლოგიებია ყველაზე ხშირი?

როგორც მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილზე ფილტვის კიბო დგას. მისი მკურნალობა მულტიდისციპლინარულ მიდგომას მოითხოვს, თუმცა “ოქროს სტანდარტად” კვლავ ქირურგიული ჩარევა რჩება. ფილტვის ოპერაციები სწორედ თორაკალურ ქირურგიას განეკუთვნება. ამასთანავე, ხშირია საყლაპავისა და შუა საყარის სიმსივნეები, თიმომები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში რეგულარულად ტარდება. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ტრაქეის სიმსივნეები — ოპერაციები, რომლებიც მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჩარევად მიიჩნევა.

– როგორია მინიმალურად ინვაზიური ოპერაციების (ვიდეოთორაკოსკოპია, რობოტული ქირურგია) როლი თანამედროვე პრაქტიკაში?

თანამედროვე მედიცინაში აქტიურად დაინერგა ტექნოლოგიური ინოვაციები, მათ შორის მინიმალურად ინვაზიური მეთოდები, როგორიცაა ვიდეოთორაკოსკოპია და რობოტული ქირურგია. მიუხედავად ამისა, ღია ქირურგია ჯერ კიდევ შეუცვლელია.

– ბატონო ლადო, თქვენ წლებია ასწავლით სტუდენტებს. რამდენად ხშირად ირჩევენ ისინი ამ სპეციალობას?

სამწუხაროდ, სტუდენტები იშვიათად ირჩევენ თორაკალურ ქირურგიას. მიზეზი დარგის სირთულეა — იგი დიდ პროფესიულ პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და გამორჩეულ სიზუსტეს მოითხოვს.

  • ნახვები:19

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები