2025-11-03

ონკოლოგიური პაციენტების ფსიქოლოგიური თანადგომა - კლინიკა „კოი“

ონკოლოგიური დიაგნოზის მიღება ადამიანს ხშირად აყენებს ძლიერ ემოციურ და ფიზიკურ გამოწვევის წინაშე: ჩნდება შიში, გაურკვევლობა, სტრესი და შინაგანი დაძაბულობა. ასეთ დროს პროფესიონალი ფსიქოლოგის თანადგომა უმნიშვნელოვანესიაის ეხმარება პაციენტს გადალახოს შიში, მოიპოვოს შინაგანი სიმშვიდე და გაუმკლავდეს მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პაციენტის ემოციურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კლინიკის პაციენტებს  შესაძლებლობა აქვთ მკურნალობის ყველა ეტაპზე ისარგებლონ ფსიქოთერაპევტის მხარდაჭერითა და ჩართულობითყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე.

ამ  თემაზე გვესაუბრება „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოთერაპევტი -  მარი ქუთათელაძე.


ონკოლოგიური დიაგნოზის გაგებისას რა ემოციას განიცდის ადამიანი ?


პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში არის შოკი. ონკოლოგიური დიაგნოზი საზოგადოებაში ხშირად ასოცირდება ნეგატიურ განცდებთან და ამით გამოწვეულ ფიზიკურ თუ ემოციურ ცვლილებებთან. ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვლება, რაც იწვევს უსაფრთხოების დაკარგვისა და გაურკვევლობის შიშს. საბოლოოდ ეს შიში სხვადასხვა სახის შფოთვასა და ემოციურ დისტრესს იწვევს.

 

რა როლი აქვს ფსიქოლოგს  ამ პროცესში?


ჩვენი მიზანია, რომ ადამიანმა იგრძნოს მხარდაჭერა, იყოს ინფორმირებული და შეძლოს მიღებული ინფორმაციის სწორად გაანალიზება.
სომატური დაავადებებისას ექიმი პირველ რგოლად გვევლინება — ის ადგენს დიაგნოზს და განსაზღვრავს მკურნალობის სტრატეგიას. ფსიქოთერაპევტი კი ადამიანს ეხმარება ამ ინფორმაციის ემოციურად გადამუშავებაში, იმის გასააზრებლად, რომ ყველა ემოცია ნორმალურია და მათთან გამკლავება შესაძლებელია.





- ახდენს თუ არა გავლენას  ადამიანის  გუნება---განწყობა მკურნალობის პროცესზე?


დიახ, უმეტეს შემთხვევაში  ხასიათი და განწყობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიზიკურ მდგომარეობასთან. როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, ბუნებრივია, რომ ემოციურადაც მძიმდება. სწორედ ასეთ მომენტებში არის მნიშვნელოვანი ფსიქოთერაპევტის ჩარევა — იმის შესახსენებლად, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და მკურნალობას შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები. ადამიანის დამოკიდებულება ქმნის მის შინაგან სამყაროს. თუ ის  ნეგატიურ ჭრილში აფასებს მოვლენებს, მას უჭირს გამოსავალზე ორიენტირება და რჩება პრობლემაში.
ხოლო,როდესაც ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ჯანმრთელობაზე, აქტიურად ერთვება მკურნალობის პროცესში და ორიენტირებულია შედეგზე, ასეთ დროს პროგნოზიც ბევრად პოზიტიურია.

 

რატომ არ ააქვთ ადამიანებს სურვილი გააზიარონ ინფორმაცია დიაგნოზის შესახებ?


არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანი არჩევს, რომ საკუთარი დიაგნოზი არ გაასაჯაროვოს. ხშირად ეს ხდება ოჯახის წევრების დაცვით — არ სურთ მათი მორალურად დატვირთვა ან შეშინება. გარდა ამისა, ბევრს ეშინია უკუკავშირის, არ იცის ექნება თუ არა მხარდაჭერა, ან ერიდება სიბრალულს.
თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირადია და მხოლოდ თავად აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვის გაუზიარებს მას.

– რას
ურჩევდით  ოჯახის წევრებს და ახლობლებს?


 უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ მხარდაჭერას. აუცილებელია, მისცენ ადამიანს  უფლება, გამოხატოს ემოციები ისე, როგორც გრძნობს — იქნება ეს ტკივილი, შიში თუ გაღიზიანება.
მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ ზოგადი ფრაზები, როგორიცაა „ყველაფერი კარგად იქნება“ — ხშირად ეს სიტყვები უფრო გაღიზიანებას იწვევს. ბევრად უფრო ეფექტურია ასეთი დამოკიდებულება:
„მე ვხედავ, როგორ ცდილობ. შეიძლება ბოლომდე ვერ ვიგებ შენს განცდებს, მაგრამ შენთან ვარ და დაგეხმარები მაშინ, როცა ამის სურვილი გექნება.“

  • ნახვები:21

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები