ხშირად გვეკითხებიან - იქნება თუ არა სარძევე ჯირკვლის სრულად მოკვეთის შემთხვევაში ონკოლოგიური დაავადების პროგრესირების ნაკლები რისკი და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა მინიმალური?
ასეთი ლოგიკა სრულიად გასაგებია, ვინაიდან ერთი შეხედვით, რაც უფრო რადიკალურია ოპერაცია, მით უფრო დაცულად შეიძლება გრძნობდეს თავს პაციენტი.
თანამედროვე ონკოქირურგიაში არის შემთხვევები, როდესაც ოპერაციის მასშტაბი არ არის პირდაპირ კავშირში მკურნალობის ეფექტურობასთან.
მნიშვნელოვანია ერთი ფუნდამენტური ფაქტის ცოდნა: თუ ძუძუს შენარჩუნება ონკოლოგიური თვალსაზრისით შესაძლებელია, რადიკალური მასტექტომიის ჩატარება არ ნიშნავს რისკების შემცირებას.
ეს მიდგომა თანამედროვე ქირურგიის უბრალო ტენდენცია არ გახლავთ. ის ეფუძნება ფართომასშტაბიანი რანდომიზებული კლინიკური კვლევების სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც პაციენტებზე მეთვალყურეობას 20 წელზე მეტ ხანს ახორციელებდნენ.
რას ნიშნავს ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია?
ძუძუს დამზოგველი ქირურგიისას ხდება სიმსივნის ამოკვეთა მის გარშემო არსებული ჯანსაღი ქსოვილების მცირე არეალთან ერთად, რაც საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ორგანოს პირვანდელი მოცულობა და ფორმა.
მთავარი მიზანი კი უცვლელია - სიმსივნის მთლიანი ამოკვეთა და სუფთა ქირურგიული საზღვრების უზრუნველყოფა.
ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ძუძუს დამზოგველი ქირურგიული მკურნალობა არ გულისხმობს მხოლოდ მცირე მოცულობის ქირურგიულ ჩარევას. მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში კომპლექსურია და მოიცავს ქიმიოთერაპიულ, ჰორმონოთერაპიულ და ცალკეულ შემთხვევებში სხივურ თერაპიას.
რას გვიჩვენებს კვლევები?
უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი კვლევა (NSABP B-06), რომელმაც ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის პრინციპებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ჩატარდა კვლევები პაციენტეში, რომელსაც ჩატარებული ჰქონდათ ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია - სხივური თერაპიის გარეშე და ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია - შემდგომი სხივური თერაპიით, თუმცა 20-წლიანმა დაკვირვებამ, აღნიშნულ პაციენტებში ვერ გამოავლინა მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება გამოსავლის კუთხით.
მსგავსი შედეგი აჩვენა კიდევ ერთმა რანდომიზებულმა კვლევამ, სადაც მცირე ზომის სიმსივნეების დროს, ერთმანეთს შეადარეს იმ პაციენტების სტატისტიკური მონაცემები, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ რადიკალური მასტექტომია და ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციები.
20-წლიანი დაკვირვების შემდეგ, აღნოჩნდა, რომ ამ შემთხვევაშიც, სტატისტიკური ლეტალობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
სწორედ ამ და შემდგომმა კვლევებმა შექმნა თანამედროვე ძუძუს ქირურგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპის სამეცნიერო საფუძველი, რომ ძუძუს შენარჩუნება არ ნიშნავს ნაკლებად ეფექტურ ონკოლოგიურ მკურნალობას.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მასტექტომია აღარ არის საჭირო?
რა თქმა უნდა - არა !!!
არსებობს გარკვეული კლინიკური ჩვენებები, როდესაც მასტექტომია ერთადერთ გამართლებულ ქირურგიულ არჩევანს წარმოადგენს.
რადიკალური მასტექტომიის ჩვენება დამოკიდებულია: სარძევე ჯირკვალში არსებული სიმსივნური პროცესის გავრცელებაზე, სიმსივნისა და ძუძუს ზომების თანაფარდობაზე, სუფთა ქირურგიული კიდეების მიღწევის შესაძლებლობაზე, მისაღები კოსმეტიკური შედეგის მიღების შესაძლებლობაზე, სხივური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობასა და გარკვეული მემკვიდრეობითი გენეტიკური ცვლილებების არსებობაზე.
ჩვენი ამოცანაა ინდივიდუალურად განვსაზღვროთ სწორი მკურნალობის ტაქტიკა კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში და მივაწოდოთ მას სრული ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
რეციდივის რისკი ?
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც პაციენტთან აუცილებლად უნდა განვიხილოთ.
როგორც რადიკალური მასტექტომია, ასევე ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია არ ნიშნავს რეციდივის განვითარების „ნულოვან რისკს“ - ორივე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს რეციდივი ან სხვა პირველადი სიმსივნე.
ამიტომ პაციენტთან მხოლოდ ერთი მაჩვენებლის - ადგილობრივი რეციდივის ალბათობის განხილვა საკმარისი არ არის.
ჩვენ დაავადებას გაცილებით ფართოდ ვაფასებთ.
ვითვალისწინებთ: სიმსივნის ბიოლოგიურ ქვეტიპს, დაავადების სტადიას, შორეული მეტასტაზირების რისკს, სისტემური მკურნალობის მიმართ მგრძნობელობას და აღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით დაგეგმილი მკურნალობის ეფექტურობას.
რატომ არის ძუძუს თანამედროვე ქირურგია არა მაქსიმალურ, არამედ აუცილებელ და მინიმალურ ქირურგიულ ჩარევაზე ორიენტირებული ?
ვინაიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამედროვე მედიკამენტოზური მკურნალობის შესაძლებლობები, გარკვეულ შემთხვევებში ოპერაციამდე ჩატარებულმა სისტემურმა ნეოადიუვანტურმა მკურნალობამ შესაძლებელია შეამციროს სიმსივნის მოცულობა და ძუძუს შენარჩუნების შესაძლებლობა შექმნას. თანამედროვე ონკოპლასტიკური ქირურგიის მეთოდები კი საშუალებას გვაძლევს, საჭირო მოცულობის ქსოვილის მოცილებასთან ერთად აღვადგინოთ ძუძუს ფორმა.
სტატია საინფორმაციო ხასიათისაა. ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის მოცულობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება სრულყოფილი გამოკვლევისა და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მკურნალობის ტაქტიკის განხილვის შემდეგ.
სამეცნიერო წყაროები:
- Fisher B, Anderson S, Bryant J, et al. Twenty-Year Follow-up of a Randomized Trial Comparing Total Mastectomy, Lumpectomy, and Lumpectomy plus Irradiation for the Treatment of Invasive Breast Cancer. New England Journal of Medicine. 2002;347:1233–1241. DOI: 10.1056/NEJMoa022152.
- Veronesi U, Cascinelli N, Mariani L, et al. Twenty-Year Follow-up of a Randomized Study Comparing Breast-Conserving Surgery with Radical Mastectomy for Early Breast Cancer. New England Journal of Medicine. 2002;347:1227–1232. DOI: 10.1056/NEJMoa020989.
- Early Breast Cancer Trialists’ Collaborative Group (EBCTCG). Effect of radiotherapy after breast-conserving surgery on 10-year recurrence and 15-year breast cancer death: meta-analysis of individual patient data for 10,801 women in 17 randomised trials. The Lancet. 2011;378:1707–1716. DOI: 10.1016/S0140-6736(11)61629-2.
- ნახვები:4












