სარძევე ჯირკვლის სტერეოტაქსიური ვაკუუმ-ასპირაციული ბიოფსია არის თანამედროვე და მინიმალურად ინვაზიური დიაგნოსტიკური პროცედურა. აღნიშნული მანიპულაციის დროს, მამოგრაფიული კონტროლის ქვეშ ხდება საეჭვო უბნიდან ქსოვილის ნიმუშის აღება შემდგომი მორფოლოგიური შესწავლისთვის.
სტერეოტაქსიური ბიოფსია ეფუძნება რენტგენოლოგიური გამოსახულებების ერთობლივობას, რომლის საშუალებითაც ექიმს შეუძლია განსაზღვროს დაზიანების ზუსტი ლოკალიზაცია.
ვინაიდან პროცედურის ყველა ეტაპი კონტროლდება მამოგრაფიულად, ექიმს საშუალება ეძლევა მაღალი 98-100%-იანი სიზუსტით აწარმოოს აღნიშნული კვლევა და მასთან დაკავშირებული მანიპულაციები.
ბიოფსიის ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მდგომარეობების დროს, როცა წარმონაქმნი არ ისინჯება ხელით (არაპალპირებადია), არ ვიზუალიზდება ექოგრაფიულად, პათოლოგია ვლინდება მხოლოდ მამოგრაფიაზე (მიკროკალცინატების კლასტერი, არქიტექტურული დეზორგანიზაცია, ასიმეტირული სიმკვრივის ფოკუსი მიკროკალცინატებით).
პროცედურა ტარდება მამოგრაფიის აპარატის სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით. პაციენტი წევს ან ზის, სარძევე ჯირკვალი ფიქსირდება მამოგრაფის პლატფორმაზე. ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ექიმს სარძევე ჯირკვალში შეჰყავს სპეციალური ნემსი და იღებს ქსოვილის ნიმუშებს. პროცედურა, როგორც წესი, გრძელდება 30–60 წუთი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
სტერეოტაქსიური ბიოფსიის მთავარი უპირატესობაა მაღალი სიზუსტე და ნაკლები ტრავმულობა ქირურგიულ ბიოფსიასთან შედარებით. გარდა ამისა, ნემსის ერთჯერადი შეყვანით შესაძლებელია რამოდენიმე ნიმუშის აღება. უმეტეს შემთხვევაში გართულებები იშვიათია და შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მსუბუქი ტკივილი ან ჰემატომა პუნქციის ადგილზე, რომელიც მალევე ლაგდება.
პაციენტისთვის პროცედურა შედარებით კომფორტულია, აღდგენის პერიოდი კი მოკლე.
ბიოფსიის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა - კონსერვატული ან ქირურგიული, ხოლო ამ უკანასკნელის შემთხვევაში განისაზღვრება ოპერაციის მასშტაბები.
სტერეოტაქსიური ბიოფსია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში, ხელს უწყობს ადექვატური და დროული მკურნალობის დაწყებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების პროგნოზს.
ბიოფსიის ეს მეთოდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს, მინიმუმამდე ამცირებს ქირურგიული ჩარევების მაჩვენებელს, რაც დადებითად აისახება პაციენტების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.
- ნახვები:7












