პანკრეასის კიბო - კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები, ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ზოგადი ქირურგი - გიორგი კორახაშვილი.
პანკრეასი რბილქსოვილოვანი, ჯირკვლოვანი ორგანოა, რომელიც ლოკალიზებულია კუჭის უკან და ცნობილია როგორც კუჭუკანა ან კუჭქვეშა ჯირკვალი. იგი მონაწილეობს საკვების მონელების პროცესში და გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ამინომჟავებს შლის მარტივ სტრუქტურებად, რათა ორგანიზმმა შეძლოს მათი ადვილად ათვისება. პანკრეასს განსაკუთრებული მექანიზმი იცავს საკუთარი ფერმენტების აგრესიული მოქმედებისგან. მას ასევე აკისრია ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქცია, ის მაგალითად, გამოიმუშავებს ისეთ მნიშვნელოვან ჰორმონს, როგორიცაა ინსულინი.
პანკრეასის სიმსივნეები და რისკ-ფაქტორები
პანკრეასის სიმსივნეები შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი.
პანკრეასის სიმსივნეები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:
1. ეგზოკრინული სიმსივნეები (დაახლოებით 90%):
ყველაზე ხშირია სადინროვანი ადენოკარცინომა — განვითარებული პანკრეასის სადინრების უჯრედებიდან.
2. ენდოკრინული სიმსივნეები (ნეიროენდოკრინული):
ნაკლებად აგრესიულია, მაგრამ ზოგჯერ ჰორმონალურად აქტიურია.
მაგ. ინსულინომა, გლუკაგონომა, გასტრინომა.
ავთვისებიანი ფორმის განვითარებას ხელს უწყობს რიგი ფაქტორები:
· ქრონიკული პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება);
· თამბაქოს მოხმარება
· ალკოჰოლისა ჭარბი მოხმარება;
· ჭარბი წონა და სიმსუქნე
· სხეულის არაქტიურობა
· იმუნური სისტემის დაქვეითება;
· მემკვიდრეობითი გენეტიკური, ოჯახური ფაქტორები.
კლინიკური სიმპტომები
პანკრეასის კიბოს სიმპტომები ხშირად მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპზე ვლინდება. პანკრეასის სიმსივნის სიმპტომები ხშირად იწყება შეუმჩნევლად და დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და ლოკალიზაციაზე (პანკრეასის თავი, სხეული ან კუდი). სწორედ ამიტომაც ხდება დიაგნოზის დაგვიანება.
სიმსივნემ პანკრეასის თავში შესაძლოა გამოიწვიოს სანაღვლე გზების დახშობა, რის შედეგადაც განვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე. სწორედ სიყვითლის სიმპტომატიკა ხშირად ხდება დიაგნოსტირების პირველი სიგნალი.
ძირითადი სიმპტომები:
· მუცლისა და ზურგის ტკივილი
ყველაზე ხშირი სიმპტომია. ლოკალიზდება მუცლის ზედა ნაწილში და ხშირად გადაეცემა ზურგს.
· კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე) სიმსივნე ბლოკავს ნაღვლის საერთო სადინარს, რაც იწვევს:
o კანისა და თვალების სიყვითლეს
o მუქ შარდს
o ღია ფერის განავალს
o კანის ქავილს
· წონაში მკვეთრი კლება
· ზოგადი სიმპტომია ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
· მიზეზებია: მადის დაქვეითება, მალაბსორბცია, მეტაბოლური ცვლილებები.
· გულისრევა და საჭმლის მომნელებელი პრობლემები · ახლად დიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი · განსაკუთრებით ხანდაზმულებში, დიაბეტის უეცარი განვითარება ან გაუარესება შეიძლება სიმსივნის პირველი მანიშნებელი იყოს.
ზოგადი ნიშნები
ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე
· ფერმენტების დეფიციტი — საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობა იწვევს შებერილობას, დიარეას და ცხიმიან განავალს (სტეატორეა)
· თრომბოზებისკენ მიდრეკილება – თრომბოემბოლიები ხშირად გვხვდება პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტებში.
· დეპრესია ან განწყობის ცვლილება – ზოგჯერ ადრეული სიმპტომია
დიაგნოსტიკა
ბიოქიმიური ანალიზები:
· ბილირუბინი (პირდაპირი და არაპირდაპირი): მომატებულია ნაღვლის სადინრების ბლოკირებისას.
· სისხლის ანალიზი (კლინიკური და ბიოქიმიური)
· ალანინამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST), ALP, GGT .
· CA 19-9 — სიმსივნური მარკერი
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა
ულტრაბგერითი გამოკვლევა
· არასპეციფიკურია, მაგრამ საწყის ეტაპზე გამოსადეგია.
· გვეხმარება ღვიძლის მეტასტაზების ან ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გაგანიერების გამოვლენაში.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
· ძირითადი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია.
· აფასებს სიმსივნის ზომას, ინვაზიას და მეტასტაზების არსებობას.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და MRCP
· გამოიყენება სადინრების გამოსაკვლევად და რბილი ქსოვილების უკეთ დასანახად.
· MRCP (MR ქოლანგიოპანკრეატოგრაფია) — განსაკუთრებით გამოსადეგია ნაღვლის და პანკრეასის სადინრების ვიზუალიზაციისთვის.
ენდოსკოპიური მეთოდები ERCP (ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია): · აძლევს საშუალებას სადინრების დათვალიერებისა და ბიოფსიის აღების.
· შესაძლებელია ნაღვლის დრენაჟის გაკეთებაც.
EUS (ენდოსონოგრაფია):
· მაღალი სიზუსტით აფასებს პანკრეასის სიმსივნეს.
· საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიის აღება შესაძლებელია პირდაპირ ულტრაბგერით კონტროლით (EUS-FNA).
ციტოლოგია და ჰისტოლოგია
ბიოფსია:
· საჭიროა დიაგნოზის დადასტურებისთვის.
· იძლევა ინფორმაციას სიმსივნის ტიპსა და დიფერენციაციაზე.
საბოლოო სტადიის განსაზღვრა (სტადირება)
სტადირება ეფუძნება:
· სიმსივნის ზომას (T)
· ლიმფური კვანძების ჩართვას (N)
მეტასტაზების არსებობას (M)
პანკრეასი მდებარეობს მუცლის ღრუში ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისხლძარღვებთან, როგორიცაა აორტა, ქვემო ღრუ ვენა და კარის ვენა, რის გამოც სიმსივნური წარმონაქმნები ხშირად იჭრება ამ სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ, დაავადების დიაგნოსტირება და სტადირების სწორად განსაზღვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსასაზღვრავად.
მკურნალობის მეთოდები
ქირურგიული ჩარევა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. თუმცა, ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შედეგიანი, თუ სიმსივნე არაა გავრცელებული და არ აქვს შორეული მეტასტაზები.
მკურნალობის არჩევა დამოკიდებულია:
· სიმსივნის სტადიაზე (TNM)
· პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე და თანმხლებ დაავადებებზე
· სიმსივნის ჰისტოლოგიურ ტიპზე (ეგზოკრინული, თუ ნეიროენდოკრინული)
· მეტასტაზების არსებობაზე
ქირურგიული მკურნალობა
(ერთადერთი პოტენციურად სამკურნალო მეთოდი)
შესაძლებელია მხოლოდ რეზექტაბელური სიმსივნის შემთხვევაში.
ძირითადი ოპერაციები:
1. უიპლის-ის ოპერაცია პანკრეტოდუოდენექტომია
· გამოიყენება მაშინ, როცა სიმსივნე განლაგებულია პანკრეასის თავში.
დისტალური პანკრეატექტომია
· პანკრეასის სხეულში ან კუდში მდებარე სიმსივნის დროს.
· ხშირად – სპლენექტომიასთან (ელენთას ამოკვეთასთან) ერთად.
3. სრული პანკრეატექტომია
· იშვიათად გამოიყენება, როცა აუცილებელია პანკრეასის სრულად ამოკვეთა.
შენიშვნა: ოპერაციამდე ხშირად ტარდება ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია ან ქიმიორადიოთერაპია, რათა შემცირდეს სიმსივნის ზომა და გაიზარდოს ოპერაბელობის შანსი.
ქიმიოთერაპია
ადიუვანტური ქიმიოთერაპია (ოპერაციის შემდეგ) ·
მიზანი: მიკრომეტასტაზების აღმოფხვრა და რეციდივის რისკის შემცირება.
ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია (ოპერაციამდე)
· გამოიყენება მარგინალურად ოპერაბელური სიმსივნეების დროს.
პალიატიური ქიმიოთერაპია (არარეზექტაბელური ან მეტასტაზური კიბო)
· მთავარია სიცოცხლის გახანგრძლივება და სიმპტომების კონტროლი.
სხივური თერაპია
· შეიძლება გამოვიყენოთ:
o ნეოადიუვანტურად — ოპერაციისთვის მოსამზადებლად
o ადიუვანტურად — ოპერაციის შემდეგ
o პალიატიურად — ტკივილის შესამსუბუქებლად ან სისხლდენის შესაჩერებლად.
თარგეთთერაპია და იმუნოთერაპია
თარგეთ თერაპია
· შერჩევით პაციენტებში, გენეტიკური ტესტირების საფუძველზე.
იმუნოთერაპია
· ჯერჯერობით ნაკლებად ეფექტურია პანკრეასის კიბოში, თუმცა ტარდება კვლევები.
პალიატიური მკურნალობა არაოპერაბელური, მეტასტაზური შემთხვევების დროს.
· მიზნები:
o სიმპტომების შემსუბუქება (ტკივილი, ყვითელკანიანობა, საჭმლის მომნელებელი პრობლემები)
o ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
· გამოყენება:
o ნაღვლის სადინრის სტენტირება (ბილიური დრენაჟი)
o ტკივილის მართვა (ოპიოიდები, ნერვული ბლოკადა)
o ფერმენტების ჩანაცვლებითი თერაპია
o ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ჰოსპისის ჩართვა საჭიროებისამებრ
პანკრეასის კიბო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სიმსივნე, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე უკიდურესად ცუდ პროგნოზს იძლევა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგულარულ პროფილაქტიკურ კვლევებს, რისკფაქტორების კონტროლს და გამოვლენილ სიმპტომებზე დროულ რეაგირებას. პანკრეასის კიბოსთან ბრძოლა საჭიროებს მულტიდისციპლინურ მიდგომას, ტექნოლოგიურ პროგრესზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის სწორ სტრატეგიას.
პრევენცია
პანკრეასის კიბოს 100%-ით პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს რისკი ჯანმრთელი ცხოვრების წესით და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში დროული მონიტორინგით.
- ნახვები:243