ქიმიოთერაპია ონკოლოგიური მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია, რომელიც პაციენტისთვის ხშირად არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ძლიერ ფსიქოლოგიურ გამოწვევებსაც უკავშირდება. მკურნალობის პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული, რასაც თან ახლავს გაურკვევლობა, შიში, სხეულის ცვლილებები და ყოველდღიური ცხოვრების წესის დარღვევა. ამ პერიოდში ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ძლიერი ემოციური დატვირთვის წინაშე და გაუჩნდეს მრავალი კითხვა საკუთარ მდგომარეობასა და მომავალთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქიმიოთერაპიის დროს განცდილი ემოციები ბუნებრივი რეაქციაა რთულ გამოცდილებაზე. პაციენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამედიცინო მკურნალობა, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ინფორმირებულობა და საკუთარი ემოციების გაცნობიერება. სწორად მიწოდებული ინფორმაცია და ემოციური მხარდაჭერა ხელს უწყობს, რომ ადამიანი უფრო მეტად ჩართული გახდეს მკურნალობის პროცესში და უკეთ გაუმკლავდეს მის თანმდევ სირთულეებს.
ეს სტატია მიმოიხილავს იმ ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს პაციენტს ქიმიოთერაპიის ეტაპზე ემოციებთან გამკლავებაში, შფოთვის შემცირებასა და მკურნალობის პროცესში აქტიური და ინფორმირებული მონაწილეობის მიღებაში.
ამ თემაზე გვესაუბრება „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ ფსიქოთერაპევტი - მარი ქუთათელაძე.
ქიმიოთერაპიის ეტაპი ერთ-ერთი რთული ეტაპია მკურნალობის, რადგან ამ დროს პაციენტს უწევს მკურნალობის სიმძიმის, ხანგრძლივობისა და სხეულის ხატის ცვლილების (მაგალითად, თმისცვენის) პირისპირ დგომა.
1. ემოციების ლეგიტიმაცია (უფლება, რომ იყოთ ისეთი, როგორიც ხართ) • მიეცით თავს ემოციების გამოხატვის უფლება: ქიმიოთერაპიის დროს ნორმალურია შიშის, გაბრაზების, მრისხანების ან სასოწარკვეთის შეგრძნება. • ნუ შეგეშინდებათ ტირილის: ონკოლოგთან ან ფსიქოლოგთან შეხვედრისას ტირილი ბუნებრივი რეაქციაა და ამით ორგანიზმი ემოციური ტვირთისგან იცლება. • აღიარეთ უარყოფა: თუ გიჩნდებათ სურვილი, რომ ყველაფერი დაივიწყოთ ან იზოლირებული იყოთ, იცოდეთ, რომ ეს ფსიქო-ტრავმის თანმდევი პროცესია. თუმცა მნიშვნელოვანია გააგრძელოთ მკურნალობა, გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები რაც დაგეხმარებათ ფიზიკური მდგომარეობის გაცნობიერებაში და შემსუბუქებაში. მიმართეთ ფსიქოთერაპევთს თუ თვლით, რომ ახლობლებისთვის თქვენი ემოციების გამოხატვა შეიძლება სტრესი იყოს.
2. ფსიქოსომატურ სიმპტომებთან გამკლავება • ყურადღება მიაქციეთ შფოთვას: ქიმიოთერაპიის პარალელურად შესაძლოა გქონდეთ ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა და ყურადღების კონცენტრაციის სირთულე. • ეცადეთ შეგრძნებების კატასტროფიზაციას აარიდოთ თავი: ნებისმიერი ტკივილი ან უცნაური შეგრძნება შესაძლოა ქვეცნობიერად დაავადებას დაუკავშიროთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმთან გადამოწმება, რათა შფოთვა რეალურმა ინფორმაციამ ჩაანაცვლოს.
3. სამუშაო ალიანსი და ჩართულობა • მიენდეთ თქვენს ექიმს: ექიმი არის ის მთავარი ადამიანი, ვისაც უნდა დაეყრდნოთ ამ პროცესში. • დასვით კითხვები: გქონდეთ სამუშაო ალიანსი სამედიცინო პერსონალთან და გამოხატეთ სურვილი, იყოთ ჩართული მკურნალობის ყველა ეტაპზე. • აიღეთ პასუხისმგებლობა: ინფორმირებულობა გეხმარებათ, რომ გახდეთ თქვენი მკურნალობის პროცესის აქტიური მონაწილე.
4. პრაქტიკული რეკომენდაციები მშვიდი გარემოსთვის • მოითხოვეთ სივრცე: თუ გჭირდებათ, უზრუნველყავით მშვიდი და იზოლირებული გარემო სამედიცინო მანიპულაციების დროს. • მხარდაჭერა: თუ გირჩევნიათ, საუბრებსა და პროცედურებს დაესწროს ახლობელი პირი, რომელიც თქვენთვის საყრდენია.
მთავარი გზავნილი პაციენტისთვის: მკურნალობის მიზანი არ არის ის, რომ თქვენ ყველაფერზე დაეთანხმოთ ექიმს ან ყველაფერი "იდეალურად" შეასრულოთ. მთავარია მცდელობა, გათვალისწინეთ იმ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღება, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების პერსპექტივის დანახვაში.
- ნახვები:17













