2025-10-21

როგორ ცვლის ერთი კვლევა ქალის ცხოვრებას

თანამედროვე ონკოლოგიაში სკრინინგული კვლევების როლი კრიტიკულია, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტიანობასა და პაციენტის სრული გამოჯანმრთელების ალბათობას. განსაკუთრებით ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ერთმა სწორად ჩატარებულმა კვლევამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ქალის ცხოვრება და გახდეს სიცოცხლის გადამრჩენი ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ცნობიერება ეტაპობრივად იზრდება,არსებობს სტიგმა, შიში და გაურკვევლობა. კლინიკური ონკოლოგიისა და მამოლოგიის პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილება ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვლევის სანდოობა, პაციენტის ინფორმირებულობა, ექიმის ემპათია და სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი სკრინინგ პროგრამების დანერგვა.

ამ საკითხზე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოქირურგი, მამოლოგი - დინა ნემსაძე.

 

თქვენს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როცა ერთმა კვლევამ მთლიანად შეცვალა ქალის ცხოვრება?

 

რათქმაუნდა , სრულად იცვლება ადამიანის ცხოვრება დიაგნოზის გაგების შემდეგ. პრაქტიკულად არ მქონია შემთხვევა, რომ ასე არ მომხდარიყო. მიუხედავად ნაკლები სტიგმატიზაციისა, ავთვისებიანი სიმსივნე მარტივი დაავადება არ არის და ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ფრაზა „ერთი კვლევა შეიძლება იყოს ცხოვრების გადამრჩენი“?

 

საბედნიეროდ, მედიცინამ გამოიგონა კვლევები, რომლებიც განაპირობებს ამ ფაქტორს. მაგალითად, მამოგრაფია ითვლება ოქროს სტანდარტად — ეს არის მარტივი და ხელმისაწვდომი კვლევა, რომელიც წლების განმავლობაში ვერავინ ჩაანაცვლა. მას შეუძლია დაავადება აღმოაჩინოს პრე-კლინიკურ ფაზაში, როდესაც სიმპტომები ჯერ არ არის. როდესაც დაავადება ადრეულ სტადიაშია და ახლად დაწყებულია პროცესი, გამოცდილ სპეციალისტსაც უჭირს მისი დანახვა, რადგან ხელითაც არ ისინჯება. სწორედ ამიტომ, ეს არის ოქროს მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ პატარა წარმონაქმნიც კი — და ეს ნიშნავს პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას.

 

პაციენტები უფრო ხშირად გვიან მოდიან კვლევაზე თუ არა? რატომ?

 

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ადრეულ სტადიაზე მომართვიანობა, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა და შესაბამისად დაავადებაც მეტად მართვადია ასეთ დროს. კარგად იმუშავა ე.წ. პროპაგანდამ — ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობებმა შეცვალა მიდგომები, დამოკიდებულებები და სტერეოტიპები. შესაბამისად, პაციენტები მოდიან უფრო ადრეულ სტადიებზე და ეს პოზიტიური დინამიკა ძალიან მახარებს. სამწუხაროდ, სკრინინგის კარგი სტატისტიკა არ გვაქვს, რაც შემდგომში აისახება მკურნალობის შედეგებზე.

 

რას შეცვლიდით, რომ კვლევა ქალისთვის ბუნებრივი და რეგულარული გახდეს? რაში ხედავთ გამოსავალს?

 

შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს და აზრები გაიყოს, თუმცა ჩემი მიდგომა რადიკალურია. ვემხრობი ევროპის რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკას. მაგალითად, ფინეთში სახელმწიფო ავალდებულებს მოსახლეობას სკრინინგის ჩატარებას. ერთადერთი ბერკეტი  ის არის, რომ თუ ადამიანი აღმოაჩენს დაავადებას და მას სავალდებულო სკრინინგი არ აქვს გავლილი, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა არ უფინანსდება. მოგეხსენებათ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არის ამ დაავადებების მკურნალობა ხელმისაწვდომი, ამიტომ მოსახლეობა აქტიურად იტარებს სკრინინგს, რაც საგრძნობლად აისახება დადებით დინამიკაზე. მე არ ვამბობ, რომ ხვალიდან ასე რადიკალურად უნდა დავნერგოთ ეს მიდგომა, თუმცა შესაძლებელია დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. მაგალითად, ავიღოთ ხუთი წელი, რომლის განმავლობაში აქტიურად მიეწოდება ინფორმაცია მოსახლეობას, მოხდება ამ მეთოდთან შეგუება, გამოჩნდება სტატისტიკა და ეს ყველასთვის მისაღები გახდება.

 

არის თუ არა საქართველოში სტიგმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე? მალავენ თუ არა დიაგნოზს?

 

კი, ეს სტიგმა არსებობს და ძალიან ხშირად ვხვდები. ისეთი შემთხვევაც მქონია, როდესაც სიმსივნე გადამდები დაავადება ეგონათ.

 

ხვდებით თუ არა შემთხვევებს, როდესაც თავად პაციენტს უმალავენ დიაგნოზს? როგორ იქცევით ასეთ დროს?

 

ასეთი შემთხვევებიც ხშირია. მიწევს ხოლმე ავუხსნა, რომ იურიდიულად, კანონმდებლობის მიხედვით, არ მაქვს უფლება პაციენტს დავუმალო მისი დიაგნოზი. პირიქით, პაციენტის ინფორმაცია კონფიდენციალურია და თუ მისი სურვილია, არავინ გაიგებს მისი დაავადების შესახებ.

 

როგორ რეაგირებენ ქალები, როცა მოულოდნელ დიაგნოზს იგებენ?

 

ქართველები საკმაოდ ემოციური ხალხი ვართ, შესაბამისად ხშირ შემთხვევაში რთულად იღებენ ინფორმაციას. თუმცა არსებობს ტერმინები, სიტყვები, წინადადებები და მიდგომები, რომლებიც პაციენტისთვის ადეკვატურად აღიქმება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის სწორად და სათუთად მიწოდება. გამოცდილი ექიმი ხვდება პაციენტის ფსიქოტიპს, ემოციურ მხარეს და იცის, რა დროს და როგორ მიაწოდოს დიაგნოზი.

 

არის ისტორიები, რომლებიც თავად თქვენც გცვლით როგორც ადამიანს და ექიმს? ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტის ტკივილი სახლში გაგყოლიათ?

 

რათქმაუნდა, და ასეთი ბევრი შემთხვევაა. აი ახლაც, თქვენთან საუბრის დროს ულამაზესი ახალგაზრდა გოგონა მელოდება — წარმატებული, ნიჭიერი, მრავალშვილიანი დედა. როდესაც მას დავუსვი ეს დიაგნოზი, მახსოვს ის ემოცია. ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას. უბრალოდ, შევეჩვიე ამ სტრესთან ერთად ცხოვრებას.

 

ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება — რომელი ინოვაციები გაძლევთ ყველაზე დიდ ოპტიმიზმს?

 

ერთმნიშვნელოვნად — ვაქცინაცია. უკვე ვიცით, რომ პაპილომავირუსზე გაკეთებულმა ვაქცინაციამ 90%-ით შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები. ძალიან იმედიანად ვარ, რომ მომავალში იქნება ბევრი კიბოს ვაქცინა, რომელიც პრევენციის საშუალება გახდება და შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

  • ნახვები:196

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები