2025-02-03

როგორ მოქმედებს სამიზნე თერაპია კიბოს მკურნალობის დროს და რა უპირატესობები აქვს

 გაინტერესებთ როგორ მოქმედებს სამიზნე თერაპია  კიბოს მკურნალობაში? ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ონკოლოგი  ლიკა გაჩეჩილაძე.

1. რა არის სამიზნე თერაპია?

სამიზნე თერაპია  თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

სამიზნე თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც ზუსტად აქცენტირებულია კიბოს უჯრედების სპეციფიკურ გენეტიკურ-მოლეკულურ მახასიათებლებზე. ის მიზნად ისახავს სიმსივნის ზრდის პროცესების შეფერხებას ჯანსაღი უჯრედის დაზიანების გარეშე. მკურნალობის  დაწყებამდე  პაციენტს უტარდება   მოლეკულურ-გენეტიკური ანალიზი.

სამიზნე თერაპია ფოკუსირდება კონკრეტულ ბიოლოგიურ მარკერებზე ან გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც სპეციფიურია კიბოს ზოგიერთი ფორმისთვის. გამოიყენება სოლიდური სიმსივნეების სხვადასხვა ნოზოლოგიების დროს ( მაგ: ძუძუს კიბო, ფილტვის კიბო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები, თავ-კისრის სიმსივნეები, მელანომა და ა.შ)

როგორ მუშაობს ეს მეთოდი?

    •   სამიზნე თერაპია ბლოკავს კიბოს ზრდისთვის აუცილებელ სპეციფიკურ ცილებს ან რეცეპტორებს.

    •    სამიზნე თერაპია აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას და სისხლძარღვების განვითარებას (VEGF ინჰიბიტორები).

    •    სამიზნე თერაპია  გარკვეულ შემთხვევებში ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რათა  უკეთ ამოიცნოს კიბოს უჯრედი.

3. რომელია  ძირითადი სამიზნე თერააპიის ტიპები ძუძუს კიბოს მკურნალობის  დროს?

    1.   HER2-პოზიტიური ძუძუს კიბო

HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოს დროს HER2 (ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2) არის ცილა, რომელიც ზოგიერთ კიბოს უჯრედზე  არის გამოხატული და ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ ზრდას.

ჩამოთვლილი პრეპარატები  ადრეული კიბოს დროს იწვევს ხშირ განკურნებას. მეტასტაზური დაავადების დროს მკვეთრად ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს.

    •    ტრასტუზუმაბი (ჰერცეპტინი):

მონოკლონური ანტისხეული, რომელიც ბლოკავს HER2 რეცეპტორს და აფერხებს უჯრედების ზრდას.

გამოიყენება:   HER2-დადებითი ადრეული და მეტასტაზური  ძუძუს  კიბოს დროს.

    •    პერტუზუმაბი ( პერჯეტა)

 რეკომბინანტული ჰუმანიზებული IgG1 მონოკლონური ანტისხეული

გამოიყენება ტრასტუზუმაბთან და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში HER2-პოზიტიურ ადრეული და მეტასტაზური კიბოს დროს.

  • მარგეტუქსიმაბი ( მარგენზა)

მონოკლონური ანტისხეული

გამოიყენება მეტასტაზური HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოს დროს.

    •    T-DM1 (ტრასტუზუმაბ-ემტანსინი):

ანტისხეული კონიუგირებული ანტინეოპლასტიური/სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიულ პრეპარატთან.

გამოიყენება HER2-პოზიტიურ ადრეული ( ადიუვანტური მკურნალობა ნარჩენის სიმსივნის დროს)  და მეტასტაზური  კიბოს დროს.

  • Fam-trastuzumab deruxtecan( Enhertu)

ანტი-HER2 ანტისხეული და ტიპოიზომერაზას კონიუგატი

გამოიყენება მეტასტაზური HER2 დადებითი და HER2 low დაავადების დროს.

    •    ლაპატინიბი, ტუკატინიბი, ნერატინიბი:

ტიროზინკინაზას ინჰიბიტორები, რომლებიც აფერხებენ HER2 სიგნალიზაციას. გამოიყენება მეტასტაზური HER2დადებითი კიბოს დროს. ნერატინიბი ასევე ადრეული ძუძუს კიბოს დროს.

    2.    ჰორმონ-დამოკიდებული ძუძუს კიბო:

    •    გარდა ენდოკრინული თერაპიისა, დამატებითი სამიზნე თერაპია, როგორიცაა CDK4/6 ინჰიბიტორები (პალბოციკლიბი, რიბოციკლიბი, აბემაციკლიბი), ბლოკავს უჯრედების გამრავლებას და გამოიყენება ჰორმონ-რეცეპტორ დადებით მეტასტაზური და ადრეული  კიბოს დროს.

    3.    PIK3CA მუტაცია:

    •    PIK3CA გენის მუტაცია ასოცირდება უჯრედის ზრდისა და მეტაბოლიზმის დარღვევასთან.

    •    ალპელისიბი: სამიზნე თერაპია, რომელიც გამოიყენება PIK3CA-მუტირებული კიბოს შემთხვევაში.

    4.    BRCA მუტაციები (გენეტიკური ფორმები):

    •    BRCA1 და BRCA2 მუტაციები ზრდის ძუძუს კიბოს რისკს.

    •    პარპ ინჰიბიტორები (ოლაპარიბი, ტალაზოპარიბი) აფერხებს უჯრედების დნმ-ის აღდგენის უნარს, რის შედეგადაც კიბოს უჯრედები კვდებიან.

გამოიყენება მეტასტაზური და ადრეული კიბოს დროს.

    5.    თრომბულური სიგნალის ინჰიბიტორები (VEGF):

    •    ბევაციზუმაბი: აფერხებს სისხლძარღვების ზრდას სიმსივნის ირგვლივ და ამით ზღუდავს კიბოს უჯრედების კვებას. გამოიყენება მეტასტაზური კიბოს დროს.

4. რა უპირატესობები აქვს სამიზნე თერაპიას?

    •    ზუსტი მოქმედება: მხოლოდ კიბოს უჯრედებზე ზემოქმედება, რაც ამცირებს გვერდით მოვლენებს და ნაკლებად აზიანებს ჯანმრთელ უჯდერებს.

    •    მაღალი ეფექტურობა: ეფექტურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სიმსივნე კონკრეტული ბიოლოგიური მარკერებით ხასიათდება.

    •    კომბინირებული მიდგომა: ხშირად კომბინირდება ქიმიოთერაპიასთან, ენდოკრინულ თერაპიასთან ან სხივურ თერაპიასთან, რაც ზრდის საერთო შედეგს.

5. რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს?

მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე თერაპია ნაკლებად ტოქსიკურია, ის მაინც იწვევს გარკვეულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა გულის დაზიანება (HER2 თერაპიის დროს) ან კანის გამონაყარი (ტიროზინკინაზას ინჰიბიტორების დროს), ფაღარათი, ჰემატოლოგიური ტოქსიურობა და სხვა.

6. არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვები?

    •    მხოლოდ იმ კიბოს ფორმებზე მოქმედებს, რომლებიც აღნიშნულ სამიზნეებს შეიცავს.

    •    შესაძლებელია რეზისტენტობის განვითარება.

    •    მაღალი ღირებულება.

სამიზნე თერაპია ძუძუს კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს, თუ დაავადებას აქვს შესაბამისი ბიოლოგიური ან გენეტიკური მახასიათებლები. მისი ზუსტი მოქმედება ზრდის ეფექტიანობას და ამცირებს გვერდით მოვლენებს.

  • ნახვები:344

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები