2025-07-14

ძუძუს ექოსკოპია - მარტივი და უვნებელი გზა ჯანმრთელობის შესაფასებლად

 ძუძუს ექოსკოპია (სონოგრაფია) არის ულტრაბგერითი არაინვაზიური კვლევა, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს დეტალურად შეისწავლოს ძუძუს ქსოვილი, რძის სავალები, კვანძოვანი წარმონაქმნები და მიმდებარე სტრუქტურები. ეს გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე კონკრეტული სიმპტომების შეფასებისას, მაგალითად — ტკივილის, შესიების, გამონადენის  შემთხვევაში.

როდის ინიშნება ძუძუს ექოსკოპია? 

ექიმი ძუძუს სონოგრაფიას ნიშნავს სხვადასხვა შემთხვევებში, მათ შორის:

  • ძუძუში კვანძის აღმოჩენისას;
  • ტკივილის ან დისკომფორტის არსებობისას;
  • ძუძუდან გამონადენის დროს;
  • ძუძუს კანზე ან ფორმაზე ცვლილებების დროს;
  • მკურნალობის შემდგომ მდგომარეობის მონიტორინგისთვის;
  • პროფილაქტიკური მიზნით, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში.

 

ძუძუს ექოსკოპია ხშირად ინიშნება ახალგაზრდა ქალებში, რომელთაც მკერდის ქსოვილი შედარებით მკვრივია და სადაც მამოგრაფია ნაკლებად ინფორმაციულია. იგი ასევე გამოიყენება დამატებითი კვლევის სახით მამოგრაფიული კვლევით აღმოჩენილი საეჭვო წარმონაქმნების შეფასებისას.

 როგორ ტარდება კვლევა?

 კვლევა სრულიად უმტკივნეულოა, არ საჭიროებს მომზადებას და გრძელდება საშუალოდ 10-15 წუთს.

 

 

 რისი გამოვლენა შეუძლია ძუძუს ექოსკოპიას?

 სონოგრაფიას შეუძლია გამოავლინოს:

  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ცისტები, ფიბროადენომები);
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • ანთებითი პროცესები;
  • სადინარების გაფართოება ;
  • ლიმფური კვანძების გადიდება.

 

საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიის კონტროლით შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარებაც — რაც ზუსტი დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია.

უპირატესობები და უსაფრთხოება

ძუძუს ექოსკოპია აბსოლუტურად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. ის შეიძლება ჩატარდეს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც.კვლევა შესაძლებელია მრავალჯერადად ჩატარდეს და იგი ჯანმრთელობისთვის რაიმე რისკს არ შეიცავს.

 როდის უნდა ჩატარდეს?

 სასურველია 20-დან 40 წლამდე ასაკში ძუძუს ექოსკოპია პროფილაქტიკის მიზნით ჩატარდეს წელიწადში ერთხელ, ხოლო 40 წლის შემდეგ დაემატოს მამოგრაფია. მაღალი რისკის ჯგუფებში (მემკვიდრეობითი ფონი, გენეტიკური მუტაციები და სხვ.) აუცილებელია ექიმთან რეგულარული მონიტორინგი და ორივე კვლევის კომბინაცია.

  • ნახვები:221

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები