2025-06-10

კუჭის კიბო — რატომ არის დროული დიაგნოზი გადამწყვეტი.

სტატიაში გიორგი მეტივიშვილი, ონკოქირურგი და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გვიამბობს კუჭის კიბოს შესახებ — როგორ დიაგნოსტირდება დაავადება, რა რისკფაქტორები უნდა ვიცოდეთ და როგორ მიმდინარეობს მკურნალობა თანამედროვე მედიცინის პირობებში

კუჭის კიბო წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსიდან განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეს. ეპითელური წარმოშობის სიმსივნეებში უპირატესად გვხვდება ადენოკარცინომა, თუმცა შესაძლებელია კუჭის არაეპითელური (მათ შორის, სტრომული და ნეიროენდოკრინული) სიმსივნეების არსებობაც.

გლობალური ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, კუჭის კიბო გავრცელებით მეექვსე ადგილზეა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეოთხეზე. დაავადებულთა საშუალო ასაკი შეადგენს 65 წელს, თუმცა არცთუ იშვიათია შემთხვევები ახალგაზრდა ასაკში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც მემკვიდრეობით აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ონკოლოგიური დაავადების ოჯახური ანამნეზი. ამ ჯგუფისთვის რეკომენდებულია 40 წლის ასაკის შემდეგ რეგულარული პროფილაქტიკური  კვლევების წარმოება.

კლინიკური ნიშნები

კუჭის კიბოს ადრეული სიმპტომები ხშირად არამკვეთრია და მოიცავს საერთო სისუსტეს, მადის დაკარგვას, სპეციფიკური საკვების მიმართ აუტანლობას, დისკომფორტს ეპიგასტრიუმის არეში, ანემიას და წონის პროგრესულ კლებას. კლინიკურად მანიფესტირებულ ეტაპზე კი შესაძლოა გამოვლინდეს  ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ღებინება (შესაძლოა სისხლნარევი), დისფაგია (საკვების გადაყლაპვის გაძნელება), კუჭის გადავსების შეგრძნება და მკვეთრი წონაში კლება.

დიაგნოსტიკა

კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ფიბროგასტროდუოდენოსკოპია ბიოფსიით. იმ შემთხვევაში, როდესაც გასტროსკოპიის ჩატარება შეუძლებელია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონტრასტული რენტგენოლოგიური მეთოდები. ბიოფსია აუცილებელია ყველა კუჭის პათოლოგიის დროს, რათა დადგინდეს მორფოლოგიური დიაგნოზი.

დადასტურებული კიბოს შემთხვევაში დამატებით ტარდება იმუნოჰისტოქიმიური კვლევები სიმსივნის ტიპის და სპეციფიკური მარკერების დასადგენად. ასევე აუცილებელია სრულმასშტაბიანი სტადირებისთვის ჩატარდეს კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა,  რათა შეფასდეს მეტასტაზების არსებობა ღვიძლში, ფილტვებში, პერიტონეუმში და სხვა ორგანოებში. თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებიდან ინფორმაციულია პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT).

მკურნალობის სტრატეგია განისაზღვრება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც მოიცავს ონკოქირურგს, ენდოსკოპისტს, რადიოლოგს, ონკოლოგს და სხვა შესაბამის სპეციალისტებს. მხოლოდ მათი ერთობლივი მუშაობით ხდება სწორი თერაპიული ტაქტიკის შემუშავება.

რისკ-ფაქტორები

კუჭის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების წესი და კვების თავისებურებები. რისკფაქტორებად ითვლება ცხარე და მწარე საკვების ხშირი მოხმარება, თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი და კუჭის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი პროცესები. მათ შორის აღსანიშნავია Helicobacter pylori-ს ინფექცია, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს.

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, ლოკალიზაციაზე, პაციენტის ასაკზე და ზოგად კლინიკურ მდგომარეობაზე. ძირითადი მეთოდებია

·         ქირურგიული მკურნალობა — კუჭის ნაწილის ან მთლიანი რეზექცია, რეგიონული ლიმფური კვანძების ამოკვეთით;

·         ქიმიოთერაპია — სისტემური მკურნალობა ადრეულ თუ მიგნებული მეტასტაზების ეტაპზე;

·         სამიზნე  თერაპია — კონკრეტული ბიომარკერების არსებობის შემთხვევაში,

·         ზოგ შემთხვევაში დამატებით ინიშნება იმუნოთერაპია და/ან რადიოთერაპია, თუმცა მათი გამოყენება ინდივიდუალურად განისაზღვრება.

კუჭის კიბო ერთ-ერთ სერიოზულ ონკოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს, რომლის დროული დიაგნოსტიკა და სწორად დაგეგმილი თერაპია მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის მაჩვენებელს. აუცილებელია საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობადობა დაავადების სიმპტომების, რისკფაქტორებისა და პროფილაქტიკის მნიშვნელობაზე. მულტიდისციპლინური მიდგომა, თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების გამოყენება და მკურნალობის ინდივიდუალური დაგეგმვა ქმნის წინაპირობას მკურნალობის ეფექტიანობისთვის.

  • ნახვები:96

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები