საყლაპავის კიბო წარმოადგენს ონკოლოგიურ პათოლოგიას, რომელიც ვითარდება საყლაპავის ეპითელურ უჯრედებში და ხასიათდება აგრესიული მიმდინარეობითა და შედარებით მაღალი ლეტალობით. ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოქირურგი გიორგი მეტივიშვილი.
აღნიშნული დაავადება მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჯანმრთელობის პრობლემად რჩება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც დიაგნოსტიკა ხშირად დაგვიანებულია.
საყლაპავის კიბოს ორი ძირითადი ჰისტოლოგიური ტიპი არსებობს: ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა უფრო ხშირად ვითარდება საყლაპავის ზედა და შუა მესამედში და ასოცირებულია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებასთან, ხოლო ადენოკარცინომა, როგორც წესი, ლოკალიზებულია ქვედა მესამედში და მჭიდრო კავშირშია გასტრო - ეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებასთან და ბარეტის საყლაპავთან.
რისკ-ფაქტორებს შორის აღსანიშნავია თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, არაჯანსაღი კვება (ცხარე, ძალიან ცხელი ან ნიტროზამინებით მდიდარი საკვები), სიმსუქნე, ქრონიკული რეფლუქსი და გენეტიკური წინასწარგანწყობა. ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გარემო და სოციალურ ფაქტორებს.
როგორც წესი, კლინიკური გამოვლინებები, გვიან ეტაპზე იჩენს თავს, რაც ართულებს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას.
ძირითადი სიმპტომებია: დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ოდინოფაგია (მტკივნეული ყლაპვა), წონის კლება, გულძმარვა, ქრონიკული ხველა და ზოგადი სისუსტე. დაავადების პროგრესირებისას შესაძლებელია საკვების მიღების მკვეთრი შეზღუდვა.
დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებს წარმოადგენს ენდოსკოპიური კვლევა ბიოფსიით, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს დიაგნოზი და შეფასდეს სიმსივნის ჰისტოლოგიური ტიპი. დამატებით გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსონოგრაფია და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია დაავადების სტადირების მიზნით.
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, ლოკალიზაციასა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. ძირითადი მეთოდებია ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია, რომლებიც ხშირად კომბინირებულად გამოიყენება.დაავადების ადრეულ სტადიებზე შესაძლებელია ქირურგიული - ენდოსკოპიური რეზექციის წარმოებ ხოლო შორსწასული ფორმების შემთხვევაში მკურნალობა უფრო პალიატიურ ხასიათს ატარებს.
პრევენცია მოიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვას, დაბალანსებულ კვებას და ქრონიკული რეფლუქსის დროულ მკურნალობას. საყლაპავის კიბოს ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს და ზრდის გადარჩენის მაჩვენებლებს.
საყლაპავის კიბო წარმოადგენს რთულ და მრავალფაქტორულ დაავადებას, რომლის მართვაც მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას. მისი ეფექტური კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების, ადრეული დიაგნოსტიკისა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდების კომბინაციით.
- ნახვები:30













