2025-08-05

პოსტოპერაციული გართულებები ძუძუს კიბოს ქირურგიის შემდეგ და მათი პრევენცია

ძუძუს კიბოს ქირურგია წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად და ხშირად გამოყენებულ მეთოდს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში. მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა, ოპერაციის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს პოსტოპერაციული გართულებები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პაციენტის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე ცხოვრების ხარისხზე. პოსტოპერაციული გართულებების დროული გამოვლენა, პრევენცია და მართვა მკურნალობის გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის მამოლოგი - ლელა ფანგანი.

როგორია პოსტოპერაციული გართულებების ძირითადი ტიპები?

1.   ლიმფადემა

ლიმფადება, რომელიც გამოწვეულია ლიმფური ნაკადის დარღვევით, ხშირია აქსილარული ლიმფადენექტომიის შემდეგ. ეს მდგომარეობა იწვევს მკლავის შეშუპებას, სიმძიმის შეგრძნებას და ფუნქციის დაქვეითებას.

როგორია პრევენცია და მართვა?

·       სასურველია სენტინელური ლიმფური კვანძის ბიოფსიის უპირატესობა.

·       ფიზიოთერაპია და ლიმფოდრენაჟული მასაჟი.

·       კომპრესიული ხელთათმანების და ბანდაჟის გამოყენება.

·       მკლავის ზედმეტი დატვირთვის თავიდან არიდება. 

2.   სერომა.

სერომა წარმოადგენს ოპერაციის შემდეგ სითხის დაგროვებას, რაც ხშირია პოსტოპერაციულ პერიოდში.

პრევენცია და მართვა:

·       ქირურგიული ტექნიკა.

·       დრენაჟის ადეკვატური გამოყენება და დროული მოცილება.

·       მცირე ზომის სერომის შემთხვევაში, ორგანიზმი თვითონ რეზორბირებს მას, თუმცა დიდი სერომის დრენირება საჭირო ხდება ინფექციის პრევენციისთვის.

3.   ტკივილის სინდრომი და მოძრაობის შეზღუდვა.

პოსტმასტექტომიური ტკივილის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ნერვული დაზიანების ან ქსოვილების ანთების შედეგად. პაციენტები ხშირად უჩივიან ქრონიკულ ტკივილს, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია მხარისა და მკლავის მოძრაობის დროს.

პრევენცია და მართვა:

·       ადრეული ფიზიოთერაპია და მხარის მოძრაობის აღდგენა.

·       არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

·       საჭიროების შემთხვევაში ინვაზიური მეთოდები, ადგილობრივი ანესთეტიკებით ნერვული ბლოკადა.

4.   ინფექციები და ჭრილობის შეხორცების დარღვევა.

ოპერაციის შემდგომი ინფექციები და ჭრილობის დეჰისცენცია (გახსნა) შედარებით იშვიათია , მაგრამ შესაძლებელია განსაკუთრებით დიაბეტიან და იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში.

პრევენცია: ჭრილობის წესების დაცვა, დროული დიაგნოსტიკა და დროული ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება.

5.   გვიანი პოსტოპერაციული გართულებები , მხარის მოძრაობის შეზღუდვა და ადჰეზიური კაფსულიტი (გაყინული მხარი).

პრევენცია: ონკო-ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის ჩართულობა, ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია.

პოსტოპერაციული გართულებების პრევენცია და მართვა მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ქირურგებს, ფიზიოთერაპევტებს, ფსიქოლოგებსა და ონკოლოგებს. ადრეული რეაბილიტაცია, ფიზიკური აქტივობა და სწორად შერჩეული მედიკამენტური თერაპია ხელს უწყობს გართულებების მინიმიზაციას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

  • ნახვები:46

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები