2026-10-07

ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ძუძუს კიბო მსოფლიოში ქალთა შორის ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებად რჩება. გლობალური სტატისტიკური მონაცემებით ეს პათოლოგია ყოველ მერვე ქალთან ვლინდება, თუმცა თანამედროვე დიაგნოსტიკის და თერაპიის ინოვაციურმა მეთოდებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მკურნალობის გამოსავალი და საგრძნობლად გაზარდა პაციენტთა სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი.

ონკომამოლოგიაში არსებული სიახლეების შესახებ გვესაუბრება თბილისის „კოი-სამედიცინო ჰაბის“ ონკოლოგი, მამოლოგი, რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე შემეროვსკი.

დღეისათვის ძუძუს კიბოს თანამედროვე მკურნალობა პერსონალიზებული მედიცინის პრინციპებს ეფუძნება, რაც გულისხმობს თერაპიული სტრატეგიის შერჩევას სიმსივნის ბიოლოგიური თავისებურებების, დაავადების სტადიისა და პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.

თანამედროვე ონკოლოგიაში ძუძუს კიბოს მკურნალობა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ხორციელდება. მართვის პროცესში ჩართულნი არიან კლინიკური ონკოლოგები, ონკოქირურგები, რადიაციული ონკოლოგები, პათომორფოლოგები, სამედიცინო გენეტიკოსები და მიმართულების სხვა სპეციალისტები.

ძუძუს კიბოს მართვის ძირითადი მეთოდებია:

• ქირურგიული ჩარევა

• სხივური თერაპია

• ქიმიოთერაპია

• ჰორმონოთერაპია

• ტარგეტული თერაპია

• იმუნოთერაპია

ინდივიდუალური თერაპიული ტაქტიკისა და მკურნალობის კონკრეტული სქემის შერჩევა  უკავშირდება შემდეგ კლინიკურ ფაქტორებს:

  • სიმსივნური კერის ზომა
  • რეგიონული ლიმფური კვანძების ჩართულობა
  • მეტასტაზირების ხარისხი
  • ნეოპლაზიის მოლეკულურ-გენეტიკური პროფილი და ა.შ.

 

ქირურგიული მკურნალობა

ძუძუს კიბოს მართვაში ქირურგიული ჩარევა  წამყვან მეთოდად რჩება. თანამედროვე ონკოქირურგიული მიდგომები ადექვატურ ონკოლოგიურ კონტროლთან ერთად, სარძევე ჯირკვლის ესთეტიკური იერისა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურ შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

დაავადების ადრეულ სტადიებზე ხშირად ტარდება ლუმპექტომია (ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია), რაც გულისხმობს სიმსივნური კერის მოცილებას მიმდებარე, საღი ქსოვილების მცირე უბანთან ერთად. ლოკალური რეციდივის რისკის მინიმიზაციის მიზნით, ორგანოშემანარჩუნებელი ქირურგიის შემდგომ ეტაპზე, როგორც წესი, ინიშნება ლოკალური ადიუვანტური სხივური თერაპია.

 

მასტექტომია

მასტექტომია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის სრულ ექსციზიას (ამოკვეთას). თანამედროვე ონკოქირურგიაში ფართოდ გამოიყენება კანის შემნახველი (Skin-sparing) და დვრილ-არეოლის კომპლექსის შემნახველი (Nipple-sparing) მასტექტომია. აღნიშნული მეთოდები ოპტიმალურ პირობებს ქმნის სარძევე ჯირკვლის ერთდროული (ერთეტაპიანი) ან გადავადებული (ორეტაპიანი) რეკონსტრუქციისთვის.

სენტინელური ლიმფური კვანძის ბიოფსია

თანამედროვე ონკოქირურგიული მიდგომის მნიშვნელოვან კომპონენტს სენტინელური (გუშაგური /პირველ ბარიერული) ლიმფური კვანძის ბიოფსია წარმოადგენს. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა შეფასდეს სიმსივნური პროცესის შესაძლო გავრცელება ლიმფურ სისტემაში და თავიდან იქნეს აცილებული რეგიონული ლიმფური კვანძების ექსცესიური (არასაჭირო) დისექცია. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების, განსაკუთრებით კი ლიმფედემის (ხელის შეშუპება) განვითარების რისკს.

 

სხივური თერაპია

სხივური თერაპია ადიუვანტური (პროფილაქტიკური) მკურნალობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, განსაკუთრებით ორგანოსშემანარჩუნებელი ოპერაციების შემდგომ ან რეგიონული ლიმფური კვანძების ჩართულობის შემთხვევაში. მისი ძირითადი მიზანია ლოკალურ არეალში შესაძლო დარჩენილი მიკროსკოპული სიმსივნური უჯრედების ერადიკაცია (განადგურება) და ადგილობრივი რეციდივის პრევენცია.

 

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია ეფუძნება ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც აფერხებენ და თრგუნავენ სიმსივნური უჯრედების გამრავლებას და ზრდას.

კლინიკური ჩვენების მიხედვით, ქიმიოთერაპიული მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს:

 • ოპერაციამდე — ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია

• ოპერაციის შემდგომ — ადიუვანტური ქიმიოთერაპია

• გავრცელებული ფორმების დროს — მეტასტაზური/პალიატიური ქიმიოთერაპია

ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის მიზანს პირველადი სიმსივნური კერის მოცულობის შემცირება წარმოადგენს, რაც ოპტიმალურ პირობებს ქმნის ორგანოშემინარჩუნებელი ქირურგიული ჩარევის განსახორციელებლად.

ადიუვანტური (პროფილაქტიკური) ქიმიოთერაპია ინიშნება პოსტოპერაციულ პერიოდში, როდესაც არსებობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემაში მიკრომეტასტაზების ან ცირკულირებადი სიმსივნური უჯრედების არსებობის რისკი, რამაც სამომავლოდ შესაძლოა დაავადების რეციდივი ან გენერალიზაცია გამოიწვიოს.

 

ჰორმონული თერაპია

ძუძუს კიბოს შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 65% - ჰორმონმგრძნობიარეა (ჰორმონდამოკიდებულია). ასეთ შემთხვევებში ინიშნება ჰორმონოთერაპიული (ანტიესტროგენული) პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ ჰორმონების მასტიმულირებელ ზემოქმედებას სიმსივნურ უჯრედებზე.

ჰორმონოთერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რეციდივისა და ლეტალობის მაჩვენებელს ჰორმონრეცეპტორ-პოზიტიური პათოლოგიის მქონე პაციენტებში. ნოზოლოგიის სტადიისა და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ადიუვანტური მკურნალობა გრძელდება 5-დან 10 წლამდე ვადით. ეს მეთოდი ჰორმონდამოკიდებული მეტასტაზური ფორმების თერაპიის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს.

ჰორმონოთერაპია ხასიათდება მაღალი ტოლერანტობითა და უსაფრთხოების კარგი პროფილით. გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, მსუბუქად ან ზომიერად არის გამოხატული.

 

ტარგეტული (სამიზნე) თერაპია

ტარგეტული თერაპია წარმოადგენს სისტემური მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს სიმსივნური უჯრედების ზრდის კონკრეტულ მექანიზმებზე.  ტარგეტული პრეპარატები ორიენტირებულია ავთვისებიანი უჯრედების სელექციურ განადგურებაზე, რაც მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალურ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

იმუნოთერაპია

იმუნოთერაპია თანამედროვე კლინიკური ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი მიმართულებაა. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება პაციენტის საკუთარი იმუნური სისტემის გააქტიურებას. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს T-ლიმფოციტების მიერ სიმსივნური უჯრედების იდენტიფიცირებასა და მათ შემდგომ განადგურებას.

იმუნოთერაპია ხშირად კომბინირებულად ინიშნება ქიმიო / ჰორმონოთერაპიასთან ერთად.

 

გენეტიკური და მოლეკულური ტესტირება

თანამედროვე ონკოლოგიაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გენომური და მოლეკულური პროფილური ტესტირება. ისეთი მეთოდები, როგორებიცაა Oncotype DX და MammaPrint, რაც საშუალებას იძლევა დაზუსტებით შეფასდეს დაავადების რეციდივის წარმოშობის ინდივიდუალური რისკი და განისაზღვროს ადიუვანტური ქიმიოთერაპიის ჩატარების საჭიროება.

გარდა ამისა, BRCA1 და BRCA2 გენებში პათოგენური მუტაციების გამოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც პერსონალიზებული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის, ასევე პაციენტის ოჯახის წევრების გენეტიკური სკრინინგისთვის.

 

რეკონსტრუქციული ქირურგია

ძუძუს კიბოს მართვის თანამედროვე სტანდარტი ითვალისწინებს, როგორც ქირურგიულ/თერაპიულ ეფექტურობას, აგრეთვე პაციენტის შემდგომ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.

სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციული ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც მასტექტომიის პარალელურად (ერთეტაპიანი/სინქრონული რეკონსტრუქცია), ისე მკურნალობის უფრო გვიან ეტაპზე (ორეტაპიანი/მეტაქრონული რეკონსტრუქცია).

თანამედროვე ონკოქირურგიაში ფართოდ ინერგება ონკოპლასტიკური ქირურგიის მეთოდები. აღნიშნული მიდგომა სიმსივნური კერის რეზექციასთან ერთად ითვალისწინებს ჯირკვლების სიმეტრიის, ფორმისა და მოცულობის ერთდროულ კორექციას, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ესთეტიკურ შედეგს.

ძუძუს კიბოს მართვის თანამედროვე სტანდარტები ეფუძნება მკაცრად ინდივიდუალიზებულ და მულტიდისციპლინურ მიდგომას. ქირურგიული ჩარევის, სხივური თერაპიის, ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, ტარგეტული და იმუნოთერაპიის ოპტიმალური გამოყენება არსებითად აუმჯობესებს მკურნალობის ონკოლოგიურ გამოსავალსა და დაავადების პროგნოზს.

მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკისა და პერსონალიზებული მედიცინის სწრაფი განვითარება იძლევა მაღალეფექტური და ნაკლებად ტოქსიკური თერაპიული სტრატეგიების დანერგვის შესაძლებლობას. თანამედროვე ონკოლოგიის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს არა მხოლოდ პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, არამედ მისი ცხოვრების ხარისხის მაქსიმალური შენარჩუნება, მკურნალობისა და ხანგრძლივი მონიტორინგის ყველა ეტაპზე.

  • ნახვები:3

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები