როგორი ტიპის კანის კიბო არსებობს, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია დიაგნოსტირება ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოქირურგი ნათია მამადაშვილი.
კანის კიბო ყველაზე ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი ფორმა შედარებით ნაკლებად აგრესიულია, კანის კიბოს ზოგი ტიპი — განსაკუთრებით მელანომა — სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
კანის კიბოს სახეობები
კანის კიბო რამდენიმე ტიპად იყოფა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია:
- ბაზალურჯრედოვანი კარცინომა – ყველაზე ხშირი და შედარებით ნაკლებად აგრესიული ფორმაა. ჩვეულებრივ ვითარდება მზის სხივების მუდმივი ზემოქმედების არეებში.
- ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა – შედარებით უფრო აგრესიულია.
- მელანომა – ყველაზე სახიფათო ფორმა, რომელიც წარმოიქმნება მელანოციტებისგან. სწრაფად მეტასტაზირებს და საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
რისკ-ფაქტორები
კანის კიბოს განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი თამაშობს როლს:
- ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება — მზის სხივები და სოლარიუმი კანის უჯრედებს ზიანს აყენებს და ზრდის მუტაციის რისკს.
- კანის ტიპი — ღია ფერის კანი.
- გენეტიკური წინასწარგანწყობა — ოჯახური ანამნეზი მელანომის შემთხვევაში.
- ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება .
- დაქვეითებული იმუნიტეტი — იმუნოსუპრესირებული პაციენტები (მაგ., ტრანსპლანტაციის შემდეგ) უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
სიმპტომები და დიაგნოსტიკა
კანის კიბოს სიმპტომები განსხვავდება ტიპის მიხედვით, თუმცა ძირითადად მოიცავს:
- კანის ახალ წარმონაქმნს ან ძველი ლაქის ცვლილებას (ფერის, ფორმის, ზომის მიხედვით);
- წყლულს, რომელიც არ ხორცდება;
- ქავილს, სისხლდენას ან გამაგრებას კანზე.
ABCDE კრიტერიუმი ხშირად გამოიყენება მელანომის საეჭვო ლაქების ამოსაცნობად:
- A – Asymmetry (ასიმეტრია)
- B – Border (არაწესიერი საზღვრები)
- C – Color (ფერის ცვლილება/სხვადასხვაობა)
- D – Diameter (ზომა >6მმ)
- E – Evolution (შეცვლა დროთა განმავლობაში)
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება დერმატოსკოპია, ბიოფსია, ზოგჯერ კი ვიზუალიზაციის მეთოდები (CT, PET-CT), თუ მეტასტაზების რისკი არსებობს.
მკურნალობა
კანის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, სტადიასა და ლოკაციაზე:
- ქირურგიული ექსციზია – ყველაზე გავრცელებული მეთოდია. მელანომის დროს საჭიროა უფრო ფართო რეზექცია.
- მოზის მიკროგრაფიული ქირურგია – ეფექტური მეთოდია რთულად მოსაშორებელი ან განმეორებადი კიბოებისთვის.
- რადიოთერაპია – გამოიყენება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ოპერაცია შეუძლებელია.
- ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია – ძირითადად მელანომის გავრცელებულ ფორმებზე.
- თარგეთული თერაპია – BRAF მუტაციით გამოწვეული მელანომის დროს.
პროფილაქტიკა
- მზისგან დაცვა (SPF 30+ კრემების გამოყენება);
- რეგულარული დერმატოლოგიური შემოწმება;
- თვითგადამოწმება და საეჭვო ლაქების დროული შეფასება;
- სოლარიუმზე უარის თქმა.
კანის კიბო ხშირად თავიდან აცილებადი და ადრეულ სტადიაზე განკურნებადი დაავადებაა, თუ დროული დიაგნოზი დგინდება. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, პრევენციული ქმედებები და თანამედროვე თერაპიული მიდგომები მნიშვნელოვნად ამცირებს ავთვისებიანი ფორმების გართულებისა და ლეტალურობის რისკს.
- ნახვები:125