იცით რა როლს ასრულებს D ვიტამინი, როგორ უნდა მივხვდეთ რომ დეფიციტი გვაქვს და რა უნდა მოვიმოქმედოთ? ამ ყველასათვის საინტერესო და აქტუალურ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ლაბორანტი - ეთერ გუგულაშვილი.
რა არის D-ვიტამინი?
ვიტამინი ორგანული ქიმიური მოლეკულაა, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ზრდა-განვითარებაში. ვიტამინები ორგანიზმში მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ სინთეზირდება. ამდენად, მნიშვნელოვანია სათანადო, დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. ვიტამინებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელია D-ვიტამინი. იგი მოქმედებს ყველა ორგანოთა სისტემაზე და არეგულირებს ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას. D-ვიტამინი, რომელსაც მზის ვიტამინს უწოდებენ, არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს 200-ზე მეტი გენის ფუნქციონირებას.
ვიტამინი D განეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ორი ფორმა: ვიტამინი D3(ქოლეკალციფეროლი), რომელიც წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და ვიტამინი D2(ერგოკალციფეროლი), რომელიც ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა სახეობის საკვების დახმარებით. ვიტამინი D2 არის Dვიტამინის მცენარეული წარმოშობის ფორმა, ვიტამინი D3 კი მიიღება ცხოველური წარმოშობის საკვებიდან (განსაკუთრებით ცხიმიანი თევზი ან თევზის ქონი, ასევე, კვერცხის გული, სოკო,საქონლის ღვიძლი,კრევეტები, რძის ნაწარმი, ფორთოხალი), საკვები დანამატებისგან, ან სინთეზირდება კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. D-ვიტამინის წარმოქმნის სიჩქარე ძირითადად დამოკიდებულია სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობასა და ინტენსიურობაზე. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, თუნდაც SPF15-ით, ამცირებს ამ ვიტამინის გამომუშავებას 99,9%-ით. საჭირო რაოდენობის ვიტამინის გამოსამუშავებლად საკმარისია კვირაში სამჯერ 15 წუთით მოგხვდეს მზის პირდაპირი სხივები კანზე(კიდურები, ზურგი,სახე) ყოველგვარი მზისგან დამცავი კრემისა და ტანსაცმლის გარეშე. ვიტამინი არ გამომუშავდება თუ მზეს მივეფიცხებით დახურული ფანჯრის მიღმა ან ღრუბლებში. ვიტამინი D2 და ვიტამინი D3 არ აქვთ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური აქტივობა, ამიტომ საჭიროა მათი მეტაბოლიზება ჰორმონალური აქტიურ ფორმებად ორ ეტაპად, ჯერ ღვიძლში, შემდეგ კი თირკმელებში. 25-OH ვიტამინი D არის მთავარი ცირკულირებადი რეზერვუარი და მისი სტატუსის საუკეთესო მაჩვენებელი.
რაზე ახდენს გავლენას D-ვიტამინი?
*იმუნურ სისტემაზე
*Ca,Mg,Zn,P,Fe-ის შეწოვაზე
*ძვალსახსროვან სისტემის გამართულ მუშაობაზე
*ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე
*სიმსივნური უჯრედების უკონტროლო გამრავლების პრევენციაზე
*რეპროდუქციულ ფუნქციაზე
*ნაყოფისა და ახალშობილის განვითარებაზე(რაქიტის პრევენცია)
*სისხლძარღვების კარგად ფუნქციონირებაზე
*კუნთების დაავადებების პრევენციაზე
*წონის დარღვევებზე
*სასუნთქი სისტემის მდგრადობაზე
*გუნება-განწყობილების მაღალ ხარისხზე (დეპრესიის პრევენცია)
როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუა არა D-ვიტამინის დეფიციტი?
*მომატებული კანის სიმშრალე
*გახშირებული თმის ცვენა
*ადვილად მსხვრევადი ფრჩხილები
*ოფლიანობა
*კუნთების, ძვლებისა და ზურგის ტკივილი
*შფოთვა და დეპრესია
როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუა არა D-ვიტამინის სიჭარბე?
D-ვიტამინის სიჭარბე იშვიათია. იშვიათად გამოწვეულია უ/ს გადაჭარბებული ზემოქმედებით. უფრო ხშირად კი D-ვიტამინის დანამატების დიდი დოზით მიღებით, მაგ:50000 -ზე. სიჭარბე იწვევს ჰიპერკალციემიას. სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ადვილად დაღლა, გაძლიერებული წყურვილი, სისუსტე, ნევროზი და ა.შ.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომატიკის არსებობის შემთხვევაშია, აუცილებელია გამოკლევის ჩატარება. ასევე, გასათვალისწინებელია რისკჯგუფები, როგორიცაა:
*ჩვილები
*65> ასაკი
*ნაკლებად მზიანი გარემო(ჩრდილოეთის ქვეყნები)
*ჭარბი წონა
*თირკმლის, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები
*მუქი კანის ფერი
შედეგების ინტერპრეტაცია
25-OH ვიტამინი D-ს განსაზღვრა ხდება სისხლის შრატში, დღის ნებისმიერ დროს და არაა კავშირში კვებასთან ან მედიკამენტების მიღებასთან.
შედეგების ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად:
მწვავე უკმარისობა - <20 ng/ml
უკმარისობა - 20-30 ng/ml
ნორმა - 30-100 ng/ml
სიჭარბე - >100 ng/ml
გისურვებთ ჯანმრთელობას.
- ნახვები:181