როგორია ანემიის ტიპები და როგორ ხდება მათი დიაგნოსტირება ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ლაბორანტი მარიკა ჭიპაშვილი.
- რა არის ანემია?
ანემია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი განიცდის სისხლნაკლებობას. ამ დროს აღინიშნება ჰემოგლობინის და/ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება სისხლში, რაც იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას ქსოვილებში.
- როგორი ანემიის ტიპები არსებობს?
არსებობს ანემიის 5 ძირითადი ტიპი:
1. რკინადეფიციტური ანემია, რომელსაც ანემიის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი უკავია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი კვება, გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი ან ქრონიკული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. შეწოვის დარღვევა (ცელიაკია), კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ამ დროს პაციენტი უჩივის ადვილად დაღლას, კანი ფერმკრთალია, გამომშრალი. აღინიშნება თმისა და კანის დაზიანება.
2. B 12 დეფიციტური და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემია. მას მეორენაირად მეგალობლასტურ ანემიასაც უწოდებენ, რადგან ამ დროს ძვლის ტვინში ხდება დიდი ზომის ერითროციტების წარმოქმნა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ვიტამინ B12-ის და ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტების ნაკლები მიღება. ავტოიმუნური დაავადება პერნიციოზული ანემია, როდესაც ორგანიზმში ხდება აუტოანტისხეულების წარმოქმნა, რომელიც ანადგურებს ვიტამინ B12 -ს შეწოვისთვის აუცილებელ ცილას, (კასლის ფაქტორს), შესაბამისად მიღებული B12 ვეღარ შეიწოვება. ალკოჰოლიზმი, ჭიებით ინვაზია, წვრილი ნაწლავის დაავადება.
- რა სიმპტომები ახასიათებს ვიტამინ B12-ის დეფიციტურ ანემიას?
ნერვული სისტემის დაზიანება, მგრძნობელობის დაქვეითება, მეხსიერების პრობლემები. სიცივის და ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება კიდურებში.
3. ჰემოლიზური ანემია (როდესაც ხდება ერითროციტების გაძლიერებული დაშლა ). ამის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი დაავადებები, რომელიც გამოწვეულია ერითროციტების გარსის, ჰემოგლობინის ან სხვა ელემენტის გენეტიკური დეფექტით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება- თალასემია, მიკროსფეროციტოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და სხვა.
ასევე არის შეძენილი ჰემოლიზური ანემიის ფორმები, რომლის მიზეზია აუტოიმუნური დარღვევები (როდესაც საკუთარ ერითროციტებს ებრძვის ორგანიზმი და იწვევს მის დაშლას). ზოგიერთი ინფექციები ან მედიკამენტები, რომლებიც ასევე აზიანებენ ერითროციტების გარსს. ამ ტიპის ანემიისთვის დამახასიათებელია სიყვითლე ( რადგან ერითროციტების დაშლის შედეგად ხდება დიდი რაოდენობით ბილირუბინის წარმოქმნა ), შესაბამისად შარდის ფერიც მუქდება.
4. აპლაზური ანემია ( როდესაც არასაკმარისად ხდება სისხლის უჯრედების წარმოქმნა), მიზეზი შეიძლება იყოს ძვლის ტვინის დაავადებები, სხივური ზემოქმედება, ქიმიოთერაპია, ვირუსული ინფექციები, ჰეპატიტი, HIV სიმპტომები: ინფექციებისადმი მომატებული მიდრეკილება, სისხლდენის ადვილად განვითარება, ზოგადი სისუსტე.
5. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა არსებობს ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია, რომლის მიზეზებიც შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციები, თირკმლის დაავადება ( რევმატოიდური ართრიტი ), ონკოლოგიური დაავადებები.
- როგორ უნდა მოვახდინოთ ანემიის დიფერენცირება?
ანემიის დიფერენცირებისთვის აუცილებელია ლაბორატორიული კვლევები. პირველ რიგში კეთდება სისხლის საერთო ანალიზი და ყურადღება ეთმობა ჰემოგლობინის, ერითროციტის, ჰემატოკრიტის და mcv, mch (ერითროციტების საშუალო მოცულობას, ზომას, ჰემოგლობინის შემცველობას ერითროციტებში ) მონაცემებს. აღნიშნულ მაჩვენებლებზე და კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით ინიშნება დამატებითი კვლევები რკინის, ფერიტინის, ვიტამინი B12-ის და ფოლიუმის მჟავის შემცველობაზე.
- რა არის რკინა და ფერიტინი და რა როლი აკისრია ჩვენს ორგანიზმში?
რკინას რამდენიმე როლი აკისრია ჩვენს ორგანიზმში.ყველაზე მნიშვნელოვანი, ის აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად და ჟანგბადის მიერთებისთვის. რკინა მონაწილეობს სხვადასხვა ფერმენტულ პროცესებში. ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის. გარდა ჰემოგლობინისა ჩვენს ორგანიზმში არსებული რკინის 1 % მოთავსებულია მიოგლობინში. ეს არის ცილა, რომელიც ატარებს და ინახავს ჟანგბადს კუნთოვან ქსოვილში და იყენებს მას ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში .
ფერიტინი ეს არის რკინის სამარაგო ცილა. ის ინახავს სისხლში არსებულ თავისუფალ რკინას ღვიძლსა და ელენთაში და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მის გამონთავისუფლებას. გარდა სამარაგო თვისებებისა ფერიტინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პათოგენების წინააღმდეგ თავდაცვით რეაქციებში. ამიტომ მისი გამოკვლევა ხდება სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური პროცესების დროსაც. ფერიტინის დაბალი დონე მიუთითებს რკინადეფიციტურ ანემიაზე, მაშინაც კი თუ სისხლში რკინის დონე დაქვეითებული ჯერ არ არის. ფერიტინის მაღალი დონე კი მიუთითებს რკინის სიჭარბეზე, ანთებით ან სიმსივნურ პროცესზე. ასევე იმატებს მეგალობლასტურ, ჰემოლიზური და სიდერობლასტური ანემიების, თალასემიის დროს. რკინადეფიციტური ანემიებისას ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებით კვლევა რკინის სატრანსპორტო ცილის ტრანსფერინის შემცველობაზე, რომელსაც გადააქვს ერითროციტების დესტრუქციის შედეგად გამოთავისუფლებული რკინა ძვლის ტვინში. ნაწილი კი შედის ფერიტინის შემადგენლობაში. ტრანსფერინთან ერთად იკვლევენ ტრანსფერინის სატურაციასაც. რკინადეფიციტური ანემიის დროს სისხლში ტრანსფერინის დონე მომატებულია, ხოლო მისი სატურაცია დაბალი.
- რა არის ვიტამინი B12?
ვიტამინი B12 ( ციანკობალამინი) არის წყალში ხსნადი ვიტამინი,რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის, სისხლის წარმოქმნისა და გენეტიკური მასალის ( DNA) სინთეზისთვის. მონაწილეობს ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში. ამინომჟავა ჰომოცისტეინის რეგულაციაში ( ამ უკანასკნელის სიჭარბე იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას და ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს) .
- რა არის ვიტამინი B12-ის წყაროები?
ცხოველური პროდუქტები, ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები.
ვიტამინ B12- ის დეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელია სისხლის საერთო ანალიზში ჰემოგლობინის და ერითროციტების დაბალი დონე და ერითროციტების გაზრდილი ზომა ( მაკროციტები), ლეიკოციტების ჰიპერსეგმენტაცია. ხოლო ხანგრძლივი დეფიციტისას ვიტამინ B12- ის და ფოლიუმის მჟავის დაქვეითებული
მაჩვენებელი სისხლში.
- რა არის დამახასიათებელი ჰემოლიზური და აპლაზური ანემიებისთვის და როგორ ხდება მათი დიაგნოსტიკა?
ჰემოლიზური ანემიის დროს როგორც აღვნიშნე ხდება სხვადასხვა მიზეზით ერითროციტების გაძლიერებული დაშლა, იმაზე სწრაფად ვიდრე მისი წარმოქმნა. შესაბამისად ყალიბდება ანემია. ერითროციტების გაძლიერებული დაშლის შედეგად ხდება ბილირუბინის წარმოქმნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოდნავ სიყვითლე, რის გამოც საჭირო ხდება სისხლში ბილირუბინის დონის განსაზღვრა. გარდა ამისა ძვლის ტვინში გაძლიერებული ერითროპოეზის გამო მომატებულია რეტიკულოციტების ( ერითროციტების ახალგაზრდა ფორმების) რაოდენობა. ყველა ამ მაჩვენებლის არსებობა ადასტურებს ჰემოლიზური ანემიის არსებობას. ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის დასადასტურებლად საჭირო ხდება სპეციალური ანტისხეულების გამოვკველა (კუმბსის ტესტი ).
აპლაზური ანემიის შემთხვევაში, ანემიის სიმპტომების გამოვლენისას ტარდება სისხლის საერთო ანალიზი. თუ აღმოჩნდა, რომ სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობა შემცირებულია , იკვლევენ ძვლის ტვინს. თუ უჯრედების რაოდენობის მკვეთრი კლება ამ გამოკვლევებმაც დაადასტურა, ისმევა აპლაზიური ანემიის დიაგნოზი.
ამრიგად ანემია არის მრავალმხრივი დაავადება და მისი სწორი მკურნალობისთვის საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს როგორც სისხლის კლინიკურ, ასევე ბიოქიმიურ და იმუნოლოგიურ კვლევებს.
- ნახვები:391