სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები ქალის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის დროული აღმოჩენა მკურნალობის შედეგს განსაზღვრავს. რა პათოლოგიები გვხვდება სარძევე ჯირკვალში,როგორია მათი დიაგნოსტირება და მკურნალობა, ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ონკოქირურგი, მამოლოგი, პროფესორი - გია ნემსაძე.
სარძევე ჯირკვლის დაავადებები იყოფა ორ კატეგორიად — ავთვისებიან და კეთილთვისებიან პათოლოგიებად. სტატისტიკურად, აღმოჩენილი წარმონაქმნების დაახლოებით 60%-80% კეთილთვისებიანია.
კეთილთვისებიან ცვლილებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ანთებითი პროცესი — მასტიტი, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია ლაქტაციის შემდგომ პერიოდში. აღნიშნული მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება გართულდეს ჩირქოვანი ინფილტრატების წარმოქმნით, რაც საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას.
მასტოპათიის სხვადასხვა ფორმები — მათ შორის კვანძოვანი და კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია — ასევე მიეკუთვნება კეთილთვისებიან პათოლოგიებს და უმეტესად გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია ფიბროადენომები — კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები, რომლებიც უფრო ხშირად ახალგაზრდა ასაკში ვლინდება.
რაც შეეხება ავთვისებიან პათოლოგიებს, ყველაზე გავრცელებული სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა ადენოკარცინომა, რომელიც ვითარდება როგორც სადინარების ეპითელიუმის, ასევე ჯირკვლის სეკრეტორული უჯრედების დეგენერაციის შედეგად.
კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირია 40 წლის ზემოთ ასაკში გვხვდება, თუმცა ბოლო წლებში ტენდენცია შეიცვალა, დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ეს კი მრავალ ფაქტორული მიზეზებით არის განპირობებული — ქრონიკული სტრესი, ხშირი აბორტები, გვიანი მშობიარობა, ურბანული გარემო მავნე ზემოქმედება და ცხოვრების არაჯანსაღი წესი.
აღსანიშნავია, რომ სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის კლინიკური მიმდინარეობა შესაძლოა მკვეთრად განსხვავებული იყოს: მცირე ზომის წარმონაქმნი შეიძლება გამოირჩეოდეს მაღალი აგრესიულობით, მაშინ როდესაც შედარებით დიდი ზომის კვანძს შესაძლებელია ჰქონდეს ნელი ზრდის ტემპი. სწორედ ამის გამო, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ადრეული დიაგნოსტიკა.
დღეს საქართველოში მოქმედი სკრინინგ პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეულ გამოვლენას. სწორედ ამის შედეგად შემცირდა მასტექტომიის — ანუ ძუძუს სრული მოკვეთის საჭიროების შემთხვევები. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი სიმსივნეების მკურნალობა ხშირად შესაძლებელია კონსერვატიული და ორგანოს შემანარჩუნებელი მეთოდებით.
დღევანდელ კლინიკურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე მედიკამენტურ თერაპიას, რომელიც ჩვენს კლინიკაში საერთაშორისო გაიდლაინებით ხორციელდება.
თანამედროვე პრეპარატები, მიზანმიმართული თერაპიები და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის სქემები მკვეთრად ზრდის შედეგიანობას. ამის ფონზე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დროული სკრინინგი და მკურნალობისადმი კომპლექსური მიდგომა.
- ნახვები:80