ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ზოგადი ქირურგი და ონკოქირურგი გიორგი კორახაშვილი.
-ბატონო გიორგი, როგორია კოლორექტალური სიმსივნის გავრცელების მაჩვენებლები მსოფლიოში და რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევაა იგი დღეს მედიცინისთვის?
ტერმინი - კოლორექტული კიბო, აერთიანებს მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნეებს, რომლებიც წარმოიქმნება ამ ორგანოთა ეპითელური (მეტწილად, ჯირკვლოვანი) უჯრედებიდან.
კოლორექტული კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას მსოფლიოში. მასშტაბით, ის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების სიხშირით მესამე ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორე ადგილს იკავებს. განსაკუთრებით მაღალია მისი გავრცელება განვითარებულ ქვეყნებში (მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და ავსტრალიაში.), რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს მთელი რიგი ფაქტორებით:
- ცხოვრების ე.წ. "დასავლური სტილი" (მძიმე საკვები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა);
- სხეულის მასის ინდექსის მატება და სიმსუქნე;
- ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება;
- დაბალი ბოჭკოვანი და მაღალი ცხიმოვანი შემცველობის მქონე რაციონი;
- მოსახლეობის დაბერება.
- ასევე მისი აქტიური და მასიური გამოვლენის - სკრინიგის ხელმისაწვდომობა.
მიუხედავად ამისა, დაავადების მაჩვენებლები იზრდება აგრეთვე დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი გამოწვევაა.
ეს დაავადება თავისთავად სახიფათოა, რადგან წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც იწვევს არა მხოლოდ ლოკალურ დაზიანებას, არამედ მისი გავლენა ვრცელდება მთელ ორგანიზმზე:
- სიმსივნე იჭრება ჯანსაღ ქსოვილებში და არღვევს მათ ფუნქციას;
- ავიწროებს ნაწლავის სანათურს, ართულებს განავლის და აირების გამოყოფას და იწვევს ნაწლავთა გაუვალობას;
- ხდება ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება, რაც ზოგად ინტოქსიკაციას იწვევს;
- განვითარებული შემთხვევები საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ხშირად ქირურგიულ ჩარევას და მრავალსაფეხურიან ონკოლოგიურ მკურნალობას (ოპერაციის წინა და შემდგომი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, თარგეთ თერაპია და სხვ.).
-როგორ ვლინდება ეს დაავადება?
სიმპტომატიკა შესაძლოა საწყის ეტაპზე არ იყოს მკაფიოდ გამოხატული, რაც ართულებს დაავადების დროულ აღმოჩენას. თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ესენია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ანემია, ხშირი ფაღარათი ან, პირიქით, შეკრულობა, შებერილობა და დისკომფორტი მუცლის არეში. ასევე, აუცილებელია ყურადღების მიქცევა განავლის ფორმასა და ფერზე – განსაკუთრებით, თუ ფიქსირდება სისხლის ან ლორწოს მინარევი. თვითდაკვირვება ორგანიზმის მდგომარეობაზე და ექიმთან დროული ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს დაავადების ადრეული გამოვლენისთვის.
-რას მოიცავს ამ დაავადების რისკ-ფაქტორები?
ზოგადი ფაქტორები
- ასაკი – 90%-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხება 50 წლის ზემოთ.
- სქესი – ოდნავ უფრო მაღალი გავრცელება აქვს მამაკაცებში.
- გენეტიკური წინასწარგანწყობა – პირველი რიგის ნათესავებში კოლორექტული ან ადენომატოზური პოლიპების (კეთილთვისებიანი სიმსივნეები) არსებობა ზრდის დაავადების განვითარების რისკს. ასევე მემკვიდრეობითი სინდრომები (ლინჩის სინდრომი (მემკვიდრული არასპეციფიკური კოლორექტული კიბო). ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი).
- ანამნეზში კოლორექტული კიბოს ან პოლიპების არსებობა – წარსულში აღმოჩენილი ადენომატოზური პოლიპები ან კოლორექტული კიბო ზრდის განმეორების რისკს.
- ნაწლავთა ანთებითი დაავადებები – ქრონიკული წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება ზრდიან კოლორექტული კიბოს განვითარების რისკს ხანგრძლივი ანთების ფონზე.
ადამიანის ცხოვრების სტილთან დაკავშირებული რისკფაქტორები
- კვებითი ჩვევები – წითელი ან გადამუშავებული ხორცის ჭარბი მოხმარება; – უჯრედისის (ბოჭკოვანას) დაბალი შემცველობა რაციონში; – უხვი ცხიმიანი ან შემწვარი საკვები.
- ფიზიკური პასიურობა - ადინამია: – ცხოვრების უმოძრაო სტილი ასოცირებულია მეტაბოლურ სინდრომთან და კოლორექტული კიბოს მომატებულ რისკთან.
- სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
- მოწევა – თამბაქოს მოხმარება დაკავშირებულია კოლორექტული კიბოს უფრო აგრესიულ ფორმებთან და მეტასტაზურ პოტენციალთან.
- D ვიტამინის დაბალი დონე.
- როგორ ხდება კოლორექტალური სიმსივნის დიაგნოსტირება და რომელი მეთოდები ითვლება „ოქროს სტანდარტად“?
დიაგნოსტიკის კუთხით, „ოქროს სტანდარტად“ ითვლება კოლონოსკოპია — პირდაპირი ვიზუალური მეთოდი, რომელიც გვაძლევს არა მხოლოდ სიმსივნის გამოვლინების, არამედ ბიოფსიური მასალის აღების საშუალებასაც. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სკრინინს, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ დაავადება გამოვლინდეს ჯერ კიდევ პრეკლინიკურ დონეზე - ადრეულ სტადიაზე. სკრინინგის ეტაპზე ხშირად გამოიყენება განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ტარდება კოლონოსკოპია ბიოფსიით და დამატებითი კვლევები — გულმკერდის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯისა და თავის ტვინის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რათა დადგინდეს მეტასტაზების არსებობა და დაავადების სტადია. ასევე განისაზღვრება ონკომარკერები სისხლში - კარცინოემბრიონული ანტისხეულების (CEA) და კარბოჰიდრატული ანტიგენი 19-9 (CA 19-9). სწორედ ამ სტადირებაზე დაყრდნობით იგეგმება ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის სტრატეგია.
ამგვარად, კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება:
- სკრინინგი - განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე/კოლონოსკოპია
- დიაგნოზი - კოლონოსკოპია + ბიოფსია
- სტადირება - კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ონკომარკერები - CEA, CA 19-9
-როგორია მკურნალობის სტანდარტული ეტაპები და რა როლი ენიჭება ქირურგიულ ჩარევას?
კოლორექტული კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე (კოლინჯის, თუ სწორი ნაწლავის), სტადიაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე და არსებული გართულებების არსებობაზე. მკურნალობა ხშირად კომპლექსურია და მოიცავს ქირურგიულ, ქიმიოთერაპიულ, სხივურ და თარგეთულ თერაპიას. ამ მიდგომას ეწოდება მულტიმოდალური მკურნალობა.
თუკი მაგალითად, სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზის დასმისას სიმსივნე არ არის მეტასტაზირებული, პირველ ეტაპად გამოიყენება ნეოადიუვანტური (ოპერაციის წინა) ქიმიო-სხივური თერაპია — ეს საშუალებას იძლევა სიმსივნე შემცირდეს ზომებში, ასევე შემცირდეს ადგილობრივი გავრცელება და ოპერაციისთვის შეიქმნას უფრო კეთილსაიმედო პირობები. შემდეგ მოდის ქირურგიული ჩარევა — სიმსივნის მოკვეთა, და უკვე ამის შემდეგ ინიშნება ადიუვანტური (ოპერაციის შემდგომი) ქიმიოთერაპია, რაც მიზნად ისახავს ნარჩენი მოვლენების უტილიზაციას და რეციდივის პრევენციას.
ქირურგიული ჩარევის როლი
- ოპერაცია არის ერთადერთი მკურნალობის მეთოდი, რომელმაც შესაძლებელია უზრუნველყოს სრული განკურნება ლოკალური სიმსივნის დროს.
- სწორი ტექნიკა და ლიმფადენექტომია აუცილებელია სწორი სტადირების და გამოსავლის განსასაზღვრად.
- სიმსივნეების ნაწილში (განსაკუთრებით რექტალური - სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში) ნეოადიუვანტური ქიმიოსხივური თერაპია მნიშვნელოვნად ზრდის ქირურგიული ჩარევის ეფექტურობას.
- რა არის კოლორექტალური სიმსივნის პრევენციის მთავარი გზები?
კოლორექტული კიბო (მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე) ერთ-ერთ იმ ონკოლოგიურ დაავადებათაგანია, რომლის პრევენცია რეალურად შესაძლებელია, როგორც ცხოვრების წესის მოდიფიკაციით, ისე სკრინინგისა და ადრეული ჩარევის საშუალებით. მისი განვითარების რისკის შემცირება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საინფორმაციო, დიეტურ და სამედიცინო ღონისძიებებზე.
1. სკრინინგი
მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციული მექანიზმია. სკრინინგი მიზნად ისახავს სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას ან სიმსივნისწინა დაავადებების (პოლიპების) გამოვლენას და მოცილებას მანამ, სანამ ისინი ტრანსფორმირდებიან ავთვისებიან სიმსივნედ.
რეკომენდაციები:
- კოლონოსკოპია – იწყება 45–50 წლიდან (ან უფრო ადრე რისკ-ჯგუფებში); მეორდება ყოველ 10 წელიწადში.
- ფეკალური იმუნოქიმიური ტესტი (FIT) – ყოველწლიურად.
- სიგმოიდოსკოპია – ყოველ 5 წელიწადში.
- ოჯახური ისტორიის არსებობის შემთხვევაში – სკრინინგი იწყება 10 წლით ადრე.
2. ჯანსაღი კვება
- შემცირდეს:
- წითელი და გადამუშავებული ხორცის მოხმარება (სოსისი, ლორი, ძეხვი);
- ცხიმიანი და ძლიერ შემწვარი საკვები.
- გაიზარდოს:
- ბოჭკოვანი საკვები (მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული);
- ხილი და ფოთლოვანი მწვანილეული – ანტიოქსიდანტებით მდიდარი.
- კალციუმისა და D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა იქონიოს პროტექტორული ეფექტი.
3. ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი
- რეგულარული ფიზიკური აქტივობა ზომიერი ინტენსივობით ამცირებს კოლორექტული კიბოს რისკს.
- სიმსუქნე, განსაკუთრებით მუცლის არეში, დამოუკიდებელი რისკფაქტორია.
- წონის მართვა მნიშვნელოვანია როგორც პრევენციის, ისე დაავადების პროგნოზის გაუმჯობესებისთვის.
4. ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვა
- წლების განმავლობაში ალკოჰოლის და თამბაქოს რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის კოლორექტული კიბოს რისკს.
- თამბაქოსთან დაკავშირებულია უფრო აგრესიული და მეტასტაზური ფორმები.
5. მედიკამენტოზური პრევენცია (ზოგიერთ შემთხვევაში)
- ასპირინის რეგულარულ, დაბალდოზიან მიღებას შესაძლოა ჰქონდეს პროფილაქტიკური ეფექტი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, თუმცა მისი გამოყენება უნდა იყოს ექიმის მიერ ინდივიდუალურად განსაზღვრული.
- ჰორმონული თერაპია პოსტმენოპაუზურ ქალებში შესაძლოა ასოცირდებოდეს მცირე პროტექტორულ ეფექტთან, თუმცა ამაზე ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ არსებობს.
6. ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადების ეფექტური მართვა
- არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება – საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგსა და კოლონოსკოპიას კოლორექტული კიბოს ადრეული გამოვლენისთვის.
7. გენეტიკური კონსულტაცია და მეთვალყურეობა
- მემკვიდრეობითი სინდრომების (ლინჩის სინდრომი, ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი) შემთხვევაში – საჭიროა:
- გენეტიკური ტესტირება,
- კოლონოსკოპია ადრეული ასაკიდან და ხშირად,
- ზოგიერთ შემთხვევაში – პროფილაქტიკური ქირურგიული ჩარევა.
ამგვარად, კოლორექტული სიმსივნის პრევენცია ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:
- სკრინინგი — დაავადების აღმოჩენა ადრეულ სტადიებზე;
- ჯანსაღი ცხოვრების წესი — რაციონი, აქტივობა, მავნე ჩვევების შეზღუდვა (თამბაქო, ალკოჰოლი);
- ინდივიდუალური რისკის შეფასება — გენეტიკური, კლინიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით.
ყველა საეჭვო სიმპტომის არსებობის შემთხვევაში დროულად მიმართეთ სპეციალისტს.
- ნახვები:67