ინტერვიუ პროფესორ ლადო კუჭავასთან და მის შვილებთან — პროფესორი ლადო კუჭავა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ონკოლოგია და მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში. მისი შვილებიც, ირაკლი და თინა, მშობლების პროფესიულ გზას აგრძელებენ: ირაკლი ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, ხოლო თინა რადიოლოგიის მეორე კურსის რეზიდენტია. ორივე აქტიურად არის ჩართული კლინიკის პრაქტიკულ საქმიანობაში. დღეს მათი ოჯახი უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს, სადაც თეთრი ხალათი არა მხოლოდ სამოსია, არამედ პასუხისმგებლობის, ერთგულებისა და პროფესიის სიყვარულის სიმბოლოა.
ქირურგია ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში რომანტიზებულია საზოგადოებაში, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარია. ექიმი ლადო კუჭავა სწორედ ამ რეალობაზე გვესაუბრება:
ლადო კუჭავა:
„ჩემს გვარში არც დედის, არც მამის მხრიდან არავინ ყოფილა ექიმი. ხშირად მეკითხებიან – ალბათ ბავშვობაში რაიმე ფილმის ან წიგნის გავლენით გამიჩნდა მედიცინის სურვილი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – ასე არ ყოფილა. მე რეალისტი ვარ. არც რაიმე რომანტიკული ხედვა მქონია ამ პროფესიაზე. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი, სხვადასხვა ინტერესები მქონდა, კარგად ვსწავლობდი და ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში. ერთმა ახლობელმა მითხრა, რომ ყველაზე რთული იყო სამედიცინოზე ჩაბარება. ეს გამოწვევად მივიღე – და ჩავაბარე.“
– რა ემოცია გქონდათ, როცა ირაკლიმ ექიმობა გადაწყვიტა?
„როცა ირაკლიმ საკუთარი გადაწყვეტილება გაგვაცნო, პირველ რიგში გავაფრთხილეთ, რომ ეს რთული და გრძელვადიანი გზა იყო – მინიმუმ 12 წელი სწავლა. ვკითხე, იყო თუ არა მზად ამისთვის. მიპასუხა, რომ იცის, ეს არის ის, რაც უნდა, და მზად არის.“
– ბატონო ლადო, ირაკლიმ მოიპოვა თქვენი პროფესიული ნდობა?
„დიახ, ნამდვილად ვენდობი. ირაკლი არ ჩერდება – მუდმივად მუშაობს საკუთარ განვითარებაზე.“
– სახლში საუბრობთ მედიცინაზე?
„დიახ, ხშირად. განსაკუთრებით ქირურგიაზე და იმ პაციენტებზე, რომლებსაც ვმკურნალობთ.“
ირაკლი კუჭავა:
„მშობლები ექიმები იყვნენ, ამიტომ ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. განსაკუთრებით ქირურგია მიზიდავდა. ჩემთვის ეს პროფესია ბუნებრივად იქცა ცხოვრების ნაწილად.“
– როგორ მოხდა პროფესიის არჩევა – მარტო გავლენა იყო, თუ შინაგანი მოწოდება?
„რა თქმა უნდა, ჩემმა მშობლების პროფესიამ დიდი გავლენა იქონია ჩემს არჩევანზე. ჩვენს ოჯახში მედიცინა უბრალოდ პროფესია არ იყო – ეს იყო ყოველდღიურობა, საუბრები, ფასეულობები.“
– ბავშვობიდან ფიქრობდით სამედიცინოზე?
„დიახ. არ მახსენდება პერიოდი, როცა სხვა მიმართულებით მქონოდა ინტერესი. ჩემთვის ეს გზა თავიდანვე ბუნებრივი და მიზანმიმართული იყო.“
– როგორ შეხვდნენ მშობლები თქვენს გადაწყვეტილებას?
„მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვაძლევდნენ არჩევანის თავისუფლებას, მშობლების მხარდაჭერა თავიდანვე ვიგრძენით. მათი ცოდნა და გამოცდილება დიდი საყრდენი იყო, თუმცა გამაფრთხილეს იმ სირთულეებზე, რაც ამ გზას თან ახლავს. მათი შვილობა ორმაგ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს.“
– მიმართავთ თუ არა რჩევისთვის მამას ან დას?
„რა თქმა უნდა. მათ აზრს დიდ პატივს ვცემ არა მხოლოდ როგორც პროფესიონალების, არამედ როგორც ადამიანების, რომელთა გამოცდილება ჩემთვის ძალიან ღირებულია. იმედი მაქვს, განვვითარდები ისე, რომ ჩემი რჩევაც გახდება მნიშვნელოვანია მათთვის და სხვებისთვის.“
თინა კუჭავა:
„ჩემს პროფესიულ არჩევანზე გავლენა ოჯახურ გარემოსაც ჰქონდა. ირაკლი ჩემთვის დიდი მოტივატორი იყო. ჩვენს სახლში მედიცინა იყო ყოველდღიური რეალობა – მესმოდა აღვიქვამდი და გვრძნობდი.
– თქვენც ბავშვობიდან ფიქრობდით სამედიცინოზე?
„დიახ. ისევე როგორც ირაკლის, მეც ეს გზა თავიდანვე ბუნებრივად მესახებოდა. სხვა სფეროში საკუთარ თავს ვერ ვხედავდი.“
– მშობლების რეაქცია?
„მათთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. მხარში დაგვიდგნენ, თუმცა თავიდანვე გაგვაფრთხილეს, რომ მედიცინის არჩევა მხოლოდ სურვილი კი არა, დიდი შრომის, სირთულეების გადალახვის და ნებისყოფის საკითხია.“
– საუბრობთ თუ არა სახლში პროფესიულ საკითხებზე?
„დიახ, ჩვენ დიდ დროს კლინიკაში ვატარებთ და ხშირად სახლში განვიხილავთ პროფესიულ შემთხვევებს.
– მიმართავთ თუ არა რჩევისთვის ოჯახის წევრებს?
„ მათ რჩევას და გამოცდილებას ძალიან ვაფასებ და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ჩემი აზრიც იმავე წონადობის გახდება მათთვის.“
ბატონო ლადო, რა იგრძნობა, როცა შვილები თქვენი პროფესიით მიდიან?
„ის ურჩევნია მამულსა,რომ შვილი სჯობდეს მამასა.“
- ნახვები:62