2025-10-16

ძუძუს კიბო: კლინიკური ევოლუცია, მკურნალობის პროგრესი და თანამედროვე დიაგნოსტიკა

სად იწყება ბრძოლა და სად იბადება იმედი.

თანამედროვე მედიცინის პროგრესმა მნიშვნელოვნად შეცვალა ძუძუს კიბოს აღქმა და პროგნოზი.  დღეს კი, სკრინინგისა და თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების წყალობით, დაავადება საწყის სტადიაზე ვლინდება. ის, რაც წლების წინ განაჩენად აღიქმებოდა, დღეს კი პოზიტიურ შედეგებს იძლევა.

გარდა სამედიცინო პროგრესისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციას, ცხოვრების წესს და პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. კვლევები და კლინიკური პრაქტიკა ცხადად აჩვენებს, რომ ემოციური მხარდაჭერა, ნდობა ექიმის მიმართ და პოზიტიური განწყობა მკურნალობის შედეგზე უშუალოდ აისახება.

ამ თემებზე საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გვიზიარებს კლინიკური ონკოლოგიის   ინსტიტუტის დამფუძნებელი, ონკოქირურგი, პროფ. გია ნემსაძე, რომელიც წლების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და თერაპიის ევოლუციაში და კარგად იცის, სად იწყება ბრძოლა და სად იბადება იმედი.

რამდენად შეცვალა თანამედროვე მედიცინამ ძუძუს კიბოს პროგნოზი?

ბოლო 45 წლის განმავლობაში ვაკვირდები ძუძუს კიბოს, და ცვლილებები წარმოუდგენელია — როგორც მკურნალობის მეთოდებში, ასევე დიაგნოსტიკის სფეროში. ადრე, პაციენტები ხშირად მოგვმართავდნენ უკვე მესამე ან მეოთხე სტადიაზე , და პატარა სიმსივნის აღმოჩენა თითქმის სასწაული იყო. დღეს კი სიტუაცია სრულიად განსხვავებულია: სკრინინგის პროგრამები და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს დაავადება საწყის სტადიაზე გამოვავლინოთ, რაც პროგნოზს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. თანამედროვე მედიცინამ აჩვენა, რომ კიბო მართვადი გამოწვევაა, არა შეუქცევადი განაჩენი.

არსებობს თუ არა პრევენცია ძუძუს კიბოს შემთხვევაში და რა უნდა გაითვალისწინოს ყველა ქალმა?

— რა თქმა უნდა, არსებობს. შეიძლება მარტივად ჟღერდეს, მაგრამ პრევენცია მართლაც იწყება საკუთარი ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლობით. მნიშვნელოვანია  პერიოდული სკრინინგი და ექიმთან დროული კონსულტაცია — ეს ხშირად გვაძლევს საშუალებას, დაავადება ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესს და გარემო ფაქტორებს. ბევრმა შვილმა, ნაკლებმა აბორტმა და, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ფსიქო-ემოციურმა ბალანსმაც, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქალის ჯანმრთელობაზე. როცა ქალი შინაგანად მშვიდად და პოზიტიურად ცხოვრებით ცხოვრობს, ეს მისი ჯანმრთელობის ყველაზე მტკიცე ფუნდამენტია.

ბატონო გია, თქვენ ახსენეთ ფსიქოლოგიური ფაქტორი. როცა ადამიანი ძუძუს კიბოს დიაგნოზს იგებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ემოციური მდგომარეობა? — ფსიქოლოგიური განწყობა მკურნალობის პროცესში ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც მედიკამენტი ან თერაპია. როცა ადამიანს სჯერა და სწამს, რომ დაავადებას დაამარცხებს, მკურნალობის ეფექტურობაც საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენს კლინიკაში ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მკურნალობის განუყოფელი ნაწილია — სპეციალისტი ეხმარება პაციენტებს შიშისა და დაძაბულობის დაძლევაში, რათა მკურნალობის გვერდით ეფექტებს მშვიდად გაუმკლავდნენ და პოზიტიურად განეწყონ.

ძნელია ყოველდღიურად ძუძუს კიბოს დიაგნოზის დასმა. საიდან იღებთ ძალას, რომ ამ ემოციურ დატვირთვას გაუმკლავდეთ? — სიმართლე გითხრათ, სწორედ შედეგები მაძლევს ამ ძალას. როდესაც ხედავ, რომ მკურნალობა რეალურად მუშაობს, როგორ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, როგორ უბრუნდება ადამიანს სიცოცხლის ხალისი — ეს მაძლევს ძალას და მოტივაციას, რომ ყოველ დღე იგივე ენერგიით გავაგრძელო საქმე.

რას ეტყოდით იმ ადამიანს, ვინც ახლა იწყებს ამ ბრძოლას და იმედს ეძებს? უპირველესად გავუზიარებდი იმ ქალების ისტორიებს, რომლებმაც ეს გზა უკვე წარმატებით გაიარეს. ისინი საუკეთესო მაგალითები არიან იმისა, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ადრე მკურნალობის მეთოდები გაცილებით შეზღუდული იყო და პროგნოზის დადგენა რთულდებოდა, დღეს კი გვაქვს თანამედროვე თერაპიის ფართო სპექტრი — რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტს თავდაჯერებით ვუთხრათ, რომ წარმატების შანსი სრულიად რეალურია.

  • ნახვები:25

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები