სტატიის ავტორი: ენდოკრინოლოგი - მაია ნიშნიანიძე
დიაბეტი და კიბო მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებებია, ხოლო იმ პაციენტთა რიცხვი რომელთაც აღენიშნებათ ორივე პათოლოგიის არსებობა განუწყვეტლად მატულობს. ავთვისებიანი სიმსივნის და შაქრიანი დიაბეტის ერთდროული მართვა რთული და კომპლექსური პროცესია, რაც განპირობებულია დაავადებების მრავალმხრივი ეტიოპათოგენეზით და იმითაც, რომ მათი ერთდროული მართვის გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით ჯერ კიდევ მცირეა.
ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დიაბეტიან პაციენტებში იწვევს მნიშვნელოვან ემოციურ სტრესს და ავადმყოფობისთვის მეტი ყურადღების მობილიზებას, რის გამოც შესაძლოა დიაბეტის მართვა დროებით ჩრდილში მოექცეს და გაუარესდეს მისი კონტროლი. აღსანიშნავია, რომ პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ერთ-ერთი დაავადების სამკურნალოდ, ხშირად უარყოფითად მოქმედებს მეორე პათოლოგიის მკურნალობის ეფექტურობაზე. წლების განმავლობაში ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური გახდა, რადგან პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სწორედ ამ პრობლემის ეფექტურ მართვაზეა დამოკიდებული.
დიაბეტის და კიბოს მზარდ გავრცელებას მივყავართ იმ ადამიანთა რიცხვის ზრდამდე, რომელთაც ეს დიაგნოზები ერთდროულად აღენიშნებათ. შაქრიანი დიაბეტი და კიბო ორივე მულტიფაქტორული დაავადებაა და მათი კომბინაცია ქმნის მძიმე კლინიკურ სურათს, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას.
ცნობილია, რომ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 30-40%-ს უკვე აქვს დიაბეტი ან კორტიკოსტეროიდული თერაპიის შედეგად უვითარდებათ პრედიაბეტი ან ახალაღმოჩენილი დიაბეტი. ასევე, კვლევებით დადგენილია, რომ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი რისკი ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების, განსაკუთრებით ღვიძლის, ძუძუს, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვისა და ენდომეტრიუმის კიბოსი. აღნიშნული რისკი კიდევ უფრო მატულობს, თუ პაციენტი მწეველია — ასეთ შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა რამდენიმე წლით შემცირდეს.
ორივე დაავადების ერთდროული მართვა მოითხოვს ინდივიდუალურად მორგებულ და კოორდინირებულ მიდგომას. აუცილებელია მკურნალობის სქემების შეთანხმება და ისეთი პრეპარატების შერჩევა, რომლებიც მინიმალურად იმოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე და არ გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას. აგრეთვე, დიდი მნიშვნელობა აქვს კვების, ფიზიკური აქტივობის, ემოციური მდგომარეობის და თანმდევი ქრონიკული დაავადებების კონტროლს. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება და პროგნოზის გაუმჯობესება.
- ნახვები:195